Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

„არის რაღაცეები, რისი დავიწყება შეუძლებელია, და არის რაღაც, რაც ყოველთვის გააერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს“, - წერს უკრაინის საელჩო
„არის რაღაცეები, რისი დავიწყება შეუძლებელია, და არის რაღაც, რაც ყოველთვის გააერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს“, - წერს უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო იუწყება, რომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა დმიტრო ბერეჟნმა დღეს შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეს უკრაინელი დიპლომატების პირველი შეხვედრაა.

უკრაინის საელჩოს თანახმად, ხუთშაბათს, 12 მარტს შეხვედრისას განიხილეს „საკითხების ფართო წრე, რომლებიც აერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს“.

„არის რაღაცეები, რისი დავიწყება შეუძლებელია, და არის რაღაც, რაც ყოველთვის გააერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს“, - დაწერა საელჩომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 იანვარს მოაწერა ხელი ბრძანებას ახალი ელჩის დანიშვნის. თუმცა ახალ ელჩს, 68 წლის მიხაილო ბროდოვიჩს ჯერ თბილისში საქმიანობა არ დაუწყია.

„საერთო ტკივილი“

„სამწუხაროდ, ჩვენ ტკივილიც საერთო გვაქვს. ომი არაერთხელ მოსულა მეგობარ ქართულ მიწებზეც, რამაც გამოიწვია განადგურება, ნგრევა და ტერიტორიების დროებითი დაკარგვა“, - წერს საელჩო და განმარტავს:

„ეს ყველაფერი გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას, გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ ბრძოლა და დავიბრუნოთ ჩვენი - სხვისას არასდროს არ შევხებივართ“.

საელჩოს თანახმადვე, კალაძემ და ბერეჟნმა განიხილეს „ქართული მხარის უკრაინელებისთვის გაწეული დახმარება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან“.

უკრაინის მადლობა

უკრაინის საელჩო წერს, რომ პოლიტიკოსმა და დიპლომატმა დღევანდელ შეხვედრაზე „გაიხსენეს სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, მუზეუმები და სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც კარი გააღეს და უფასოდ გასწიეს მომსახურება“.

„ისაუბრეს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ჩვეულებრივ ადამიანობაზე, რომლებმაც სითბოთი და მზრუნველობით შეიფარეს უკრაინელი ოჯახები, რომლებმაც ერთ წამს დაკარგეს ყველაფერი, რაც უყვარდათ და რასაც აფასებდნენ - სახლი, ცხოვრების წესი, მშვიდობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების სურვილი“, - ვკითხულობთ უკრაინის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

„ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ კახა კალაძისა და ქართველი ხალხისა“, - წერს საელჩო და რამდენიმე დეტალს ჩამოთვლის, რისთვისაც ამ მადლიერებას გამოხატავს:

  • „უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოსთვის რთულ დროს,
  • უკრაინელი ხალხის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის, როდესაც თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა,
  • ასობით დროშისთვის, რომლებიც დღემდე ფრიალებს საცხოვრებელი შენობების აივნებზე, საგანმანათლებლო და საბანკო დაწესებულებების ფლაგშტოკებზე“.

„სწორედ ასეთი მხარდაჭერა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, ხუთშაბათს, 12 მარტსვე, კახა კალაძემ შეხვედრები გამართა თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებთან.

დაძაბული ურთიერთობები

საქართველოს ხელისუფლებას დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს უკრაინის მთავრობასთან.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოწოდებებზე საუბარი „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად წამოიწყო.

საქართველოს მთავრობის წევრები უკრაინის მთავრობის წევრებს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“ სდებდნენ ბრალს.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე - 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია და მიზეზებად დაასახელა: საქართველოს მთავრობის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციების დაწესების მიმართ ხელისუფლების პოზიცია.
  • 2022 წლის ივნისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლჰოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
  • ელჩის მოვალეობას ანდრი კასიანოვი ასრულებდა. ის ხშირად აკრიტიკებდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას - დაგვიანებული დახმარებისა თუ უხეში და არამართებული განცხადებების გამო.
  • 2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.
  • 2026 წლის 26 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.
  • მან ამ პოსტზე დანიშნა კარიერული დიპლომატი, 68 წლის მიხაილო ბროდოვიჩი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG