Accessibility links

site logo site logo

კალაძე: როგორც დავინახე, წყლის ჭავლი გამოიყენეს 


იყო თუ არა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს? - ამ შინაარსის შეკითხვაზე საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ - წყლის ჭავლის მანქანა მან თავად დაინახა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ, წყლის ჭავლის გამოყენებამდე, აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ და მერიის წარმომადგენელმა გააფრთხილეს .

„კი, კი... მე როგორც დავინახე, იყო, რა თქმა უნდა... მანამდე ისიც ვნახე, რომ მოუწოდებდა საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენელი იქ მყოფ ადამიანებს... მისცა გონივრული ვადა, რომ ტერიტორია გაეთავისუფლებინათ, რომ მოძრაობა შესაძლებელი ყოფილიყო“, - განაცხადა კალაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უარყო, რომ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები, მათ შორის - წყალი.

„გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას.

შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და ყოველგვარი, როგორც აღნიშნეთ აქ თქვენ, რაღაც სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის - წყლის“, - უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

26 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. სპეცრაზმის ჩარევითა და წყლის ჭავლის საშუალებით აქცია დაშალეს 18 ნოემბერსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ნოემბერს, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია 15-ზე მეტი დაკავებული.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ დაპირებას წინ უსწრებდა საზოგადოების მღელვარება, რომელიც მოჰყვა თბილისში ჩამოსული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვასა და შემდეგ უკვე - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. გავრილოვის ღამის კვალდაკვალ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG