Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალი - 2024. სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე


ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ამბების განხილვისას, კანის კინოფორუმზე აკრედიტებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ, ფესტივალის დახურვის შემდეგ წერილი მივწეროთ აქაურ დირექციას: „ქართველმა ჟურნალისტებმა მოვიხადეთ პროფესიული ვალდებულება. ბლოკნოტებით და კალმისტრებით ხელში ვუყურებდით ფილმებს.

თუმცა ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინოფორუმზე ჩვენს მკითხველს, მსმენელს. საქართველოს დღეს არ სცალია კინოს ყურებისთვის. საქართველო თავად გადაიქცა კინოდ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე, კოლაბორაციონისტებზე, ოკუპაციასა და თავისუფლებაზე.

არ ვიცი, როგორი იქნება ფესტივალის დირექციის რეაქცია ამ წერილზე. კანის წლევანდელი კინოფორუმის გახსნის ცერემონიით თუ ვიმსჯელებთ, წელს აქ აშკარად გაურბიან დისკუსიას მწვავე პოლიტიკურ თემებზე. საქართველოს ვინ ჩივის?! სცენაზე გამოსულ ვარსკვლავებს არც უკრაინა უხსენებიათ, არც ღაზა. სამაგიეროდ შემოგვთავაზეს კლოუნადა ჟულიეტ ბინოშის და მერილ სტრიპის მონაწილეობით. ვარსკვლავები სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს და იმასაც გვახსენებდნენ, როგორ უყვართ კინოხელოვნება.

სხვათა შორის, დაახლოებით ასეთივე ზარ-ზეიმით გაიხსნა კანის ფესტივალი 1968 წლის მაისში, როცა პარიზი სტუდენტურმა ამბოხებამ მოიცვა. მაგრამ პირველსავე დღეს ცხადი გახდა, რომ ფესტივალს გაგრძელება არ ეწერა. ბოლოს და ბოლოს 68 წლის მაისი ხომ ფაქტობრივად ე.წ. სინეფილებმა დაიწყეს - კინოს მოყვარულებმა და პროფესიონალმა კინემატოგრაფისტებმა. ეს ხალხი ჩავიდა კანში და ჩაშალა აქაური ზეიმი. „უხერხულია ეს სმოკინგები და საღამოს კაბები, როცა აქვე ახლოს სტუდენტებს სცემენ“, - იტყვის ლუი მალი, ამბოხებულ კინემატოგრაფისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

უხერხულობის განცდა ყველას არა აქვს. აგერ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, რომლის პავილიონი ბედის ირონიით უკრაინის ეროვნული კინოცენტრის გვერდითაა განთავსებული, ტრადიციული მიღება აქ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ დაამთხვია. კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა. ზუსტად იმ დროს, როცა ეროვნული კინოცენტრი სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლდებოდა, კანში მოეწყო პრემიერა რუმინული საკონკურსო ფილმისა „სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე“, რომლის ჩვენება კანში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსოფლიო დღეს მიუძღვნეს.

ისტორია 17 წლის ბიჭისა, რომელიც თითქმის მთელი სოფლის, აქაური ეკლესიის მრევლის, ოჯახის ძალადობის მსხვერპლი ხდება, თავისუფლად შეიძლება განმეორდეს საქართველოში. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. ემანუელ პარვუს ფილმი რუმინეთის ეროვნული კინოცენტრის მიერაა დაფინანსებული, ე.ი. სახელმწიფოს ფულით. „სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე“ - ეს არის არა 3 კილომეტრი პატარა რუმინული სოფლიდან ცივილიზაციამდე, არამედ პირიქით - იმ სივრცემდე, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცხოვრობს, სადაც სჯერათ, რომ ჰომოსექსუალობის „მკურნალობა“ შესაძლებელია ფიზიკური ძალადობით, დასჯით, ანდა თუნდაც შელოცვით და „ეშმაკის განდევნით“.

კანის ფესტივალი 14 მაისს გაიხსნა. თუმცა სამყაროს დასასრულის თემა, როგორც ჩანს, წამყვანი იქნება წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში. ერთი ასეთი ფილმი უკვე ვნახეთ - ფრენსის ფორდ კოპოლას „მეგალოპოლისი“, დიდი რეჟისორის ხილვა და ახალი „აპოკალიფსი დღეს“, კინო, რომელსაც დიდი ხანია ველოდით და რომელმაც კრიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, არ გაამართლა. კოპოლამ დუმილი დაარღვია და უამრავი კულტურული პლასტის გაერთიანება გადაწყვიტა. ამბავი ცნობილი არქიტექტორისა, რომელიც ოცნებობს ააშენოს მსოფლიოს დედაქალაქი, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება ადგილობრივი პოლიტიკოსებისგან, ჩინოვნიკებისგან, ბანკირებისგან, ხან ფელინის „სატირიკონს“ გაგახსენებთ, ხანაც „კალიგულას“, ხანაც კენ რასელის მუსიკალურ ფანტაზიებს და, რა თქმა უნდა, ფრიც ლანგის კლასიკურ შედევრს, „მეტროპოლისს“. კულტურული კოდების თავმოყრა მათ გაერთიანებაში არ გადაიზრდება. კოპოლასგან ელოდნენ მხატვრულ მთლიანობას, აზრის განვითარებას, მაგრამ მივიღეთ „ძვირფასი“ და ეკლექტიკური კინო „ახალ რომზე“, რომელსაც დანგრევა უწერია. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღვფრთოვანდეთ აბსოლუტური თავისუფლებით, რომელსაც მსოფლიო კინოს ვეტერანი მასალის მიმართ დამოკიდებულებაში გამოხატავს.

„მეგალოპოლისი“ რადიკალური კინოა, რომლის ნიუანსებში გარკვევა სიმშვიდეს, ჩაღრმავებას მოითხოვს. ძალიან ძნელია ზუსტად შეაფასო ასეთი ფილმი, როცა აზრი გაგირბის, როცა, მაგალითად, კინოზე კი არ ფიქრობ, არამედ ტელეფონს მისჩერებიხარ. თუნდაც იმიტომ, რომ გაიგო, რა ხდება შენს სამშობლოში - ვინ დაიჭირეს, ვისზე იძალადეს და კიდევ ვინ ამხილა „გლობალისტები“ და „მასონები“.

ვნახოთ. შეიძლება წერილს, რომელსაც კანის ფესტივალს გავუგზავნით, წლევანდელი კინოფორუმის საკონკურსო პროგრამის შეფასებებიც დავურთოთ. იმას კი შეამჩნევენ ალბათ, რომ თითქმის ყველა ფილმში, რომლებიც ფესტივალის გახსნის შემდეგ ვნახეთ, ჩვენს პრობლემებს, ჩვენს ტკივილს ვეძებთ. მგონია, რომ გაგვიგებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG