Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვა - როგორ ხდება, როგორ ისჯება და რა გამოცდილება არსებობს?


აქცია „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, თბილისი, 14.05.2024
აქცია „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, თბილისი, 14.05.2024

„ვუერთდები აქციას „ცარიელი აუდიტორიები“ - მას შემდეგ, რაც 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, პროტესტი განსაკუთრებულ ფაზაში გადავიდა. გაფიცულები არიან 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ ლექტორების ნაწილიც უერთდება.

„სტუდენტებს აქვთ პროტესტის უფლება. ეს არ არის მხოლოდ კანონის გამო, დაგროვილმა პროტესტმა ამოხეთქა, - ამბობს ნიკო ხოფერია, ისტორიისა და ომის ევოლუციის ლექტორი „ჯიპაში“, - თუ ვინმე მოვა, ჩავატარებ ლექციას, თუ არ მოვა, ამასაც გავიგებ. ლექტორებს შეგვიძლია ზოგიერთი ლექცია ონლაინ აღვადგინოთ. 2-3 კვირაა დარჩენილი [სემესტრის დასრულებამდე] და ამ მასალის დაფარვას სტუდენტები შეძლებენ“, - მასაც ამ დღეებში აუდიტორია ცარიელი ხვდება.

მოძრაობა „ხმის“ წევრი ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გაფიცვას საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად არ არეგულირებს, თუმცა, ნაწილობრივ ამას შრომის კოდექსი განსაზღვრავს, ისიც დამსაქმებელთან კონფლიქტის შემთხვევაში და არა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროტესტის მიზეზით. შრომის კოდექსი ადგენს, რომ გაფიცვას წინ უნდა უძღოდეს 21-დღიანი მედიაცია, შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორით. ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ 21 დღეს ძირითადად დასაქმებულების დასაშინებლად იყენებენ ხოლმე, რომ მათ გაფიცვა გადაიფიქრონ.

„გაფიცვა მაინც შესაძლებელია, თუმცა ის ყველა შემთხვევაში განსხვავებული იქნება. უნივერსიტეტებმა უკვე აჩვენეს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება… სხვებსაც შეუძლიათ საკითხი ასე ორიგინალურად გადაწყვიტონ. მაგალითად, სატრანსპორტო სფეროში გამაფრთხილებელი მოკლე შეჩერებები გააკეთონ. სკოლებში მასწავლებლებმა კვირაში ერთხელ გაკვეთილების ნაცვლად განხილვები ჩაატარონ… ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ გაფიცვა და 21-დღიანი პროცესი არ არის რელევანტური, სხვა ისეთი ფორმების მოფიქრება შეიძლება, რომელთაც მსგავსი შედეგი ექნება“, - ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი და თბილისში მეტროს თანამშრომლების პროტესტს იხსენებს.

2018 წლის მაისში, როდესაც მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აპირებდნენ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სასამართლოს მიმართა და გაფიცვის 30 დღით გადადება მოითხოვა.

სასამართლომ სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნაც დააკმაყოფილა და მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვაც აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება პროტესტს საერთოდ უკარგავდა აზრს. თუმცა, მემანქანეებმა გამოსავალს მიაგნეს.

„მათ არასამუშაო საათებში ღამისთევით გააგრძელეს პროტესტი. დილით მემანქანემ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ღამისთევების გამო სამედიცინო შემოწმებას ვეღარ გადიოდნენ და მეტროც გაჩერდა“, - იხსენებს ნაცვლიშვილი და სხვა ქვეყნებში აპრობირებულ გაფიცვის მეთოდებს ჩამოთვლის, - „მაგალითად, „წესებით მუშაობა“, ამ დროს დასაქმებულები მხოლოდ იმ საქმეს ასრულებენ, რაც ხელშეკრულებით ევალებათ. ასევე, „შენელების პრაქტიკა“ - მუშაობენ, მაგრამ ნელა. ამას უფრო საწარმოებში იყენებენ. მჯდომარე გაფიცვა - დასაქმებული სამსახურში მიდის, მაგრამ საქმეს არ აკეთებს.

ძალიან კარგად მესმის იმ ხალხის, ვისთვისაც ყოველთვიური ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და სესხი აქვთ გადასახდელი. მათთვის ძალიან რთულია გაფიცვა. თუ ისურვებენ, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ამ რისკების დასაზღვევად და დაუმორჩილებლობის ტაქტიკის შესარჩევად“.

თუმცა, ყოველთვის რჩება იმის ალბათობა, რომ გაფიცვის გამო დამსაქმებელი თანამშრომლებს სამსახურიდან გაათავისუფლებს. გათავისუფლებას წინ ადმინისტრაციული გაფრთხილებები უნდა უსწრებდეს. მიუხედავად ამისა, გაფიცულს მაინც შეუძლია სასამართლოში ჩივილი, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ამ კუთხით სასამართლოში საქმის წარმოებაში დაზარალებულებს ეხმარებათ როგორც პროფკავშირი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG