Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინის მე-10 დღე - ნინის დღიური უჰანიდან


ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.

ნინი დავლიანიძე
ნინი დავლიანიძე

ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.

02, თებერვალი, 2020

კარანტინის მე-10 დღე

დღეს, პირველად ამ კარანტინის განმავლობაში, შუადღის პირველ საათამდე მეძინა. ძალიან ბევრი და უცნაური სიზმარი ვნახე.

ჯერ საუზმეც არ მქონდა ნაჭამი, რომ კურიერმა დამირეკა, თქვენთვის ამანათი მაქვსო. ბოლო ხანებში არაფერი გამომიწერია და გამიკვირდა. თურმე, 2 კვირის წინ გამოწერილი ულამაზესი სტაფილოსფერი შორტი მოუტანია. დღე უკვე კარგად დაიწყო.

რადგან მაინც გარეთ ვიყავი გასასვლელი, ბარემ ნაგავიც გადავყარე და ბარემ მაღაზიაში შევლაც გადავწყვიტე.

ქუჩაში შედარებით მეტი ადამიანი მოძრაობდა, ვიდრე წინა დღეებში. ალბათ, ესენიც ჩემსავით დაიღალნენ სახლში ჯდომით და ყმუილის დაწყებას ისევ გარეთ გასეირნება ურჩევნიათ.

მაღაზიაში შესვლამდე სიცხე გამიზომეს. შიგნით ბევრი რამ დამხვდა, ბევრიც არ დამხვდა. მაგალითად, ბანანი და ფუნთუშები. თუმცა, ჩემს მარაგს კარტოფილი, ბროკოლი, ვაშლი, წყალი და ნაყინი შევმატე. ამ უკანასკნელით ძალიან კმაყოფილი ვარ.

უჰანის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი
უჰანის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი

ხალხი ისევ ისეთი მომეჩვენა, როგორც აქამდე. მოლარეც ისევ თავაზიანად მომემსახურა. მარკეტიდან რომ გამოვედი, ვიღაც ბიჭმა გამასწრო, უცებ გაჩერდა, შემობრუნდა და ჩინურად რაღაც მითხრა. ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი, დახმარებას მთავაზობდა. შემდეგ კიდევ ორმა ბიჭმა იგივე გაიმეორა და ძალიან შემრცხვა ყველა იმ ისტორიის, რომელიც ჩემი ახლობლებისგან მოვისმინე - როგორ ექცევიან ჩინელებს ბოლო პერიოდში.

ვახშმად ბროკოლი და ბრინჯი მაქვს დღეს
ვახშმად ბროკოლი და ბრინჯი მაქვს დღეს

ვიცი, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენ ხომ ის ერი ვართ, "რაც მაგრები ვართ, რომ ქართველები ვართ“?! თუ ასეთი მაგრები ვართ, სიყვარული რატომ არ შეგვიძლია? თუ ქრისტიანობას ვქადაგებთ და პირჯვარს ვიწერთ, მაშინ რატომ ვიმეტებთ ადამიანებს ამოსაწყვეტად? რის საფუძველზე ვაძლევთ ჩვენს თავს უფლებას, სხვაზე მაღლა ვიდგეთ?!

ყველა მეუბნება, ეს დღეები საკუთარი თავის აღმოჩენაში დაგეხმარება და უფრო გაძლიერდებიო, ჯერჯერობით რაც აღმოვაჩნე, ისაა, რომ ვარდისფერ სასახლეში ვცხოვრობდი და ხალხში უფრო მეტი სიძულვილი ყოფილა, ვიდრე ეს ჩემს ყველაზე ცუდ კოშმარში მქონდა წარმოდგენილი.

ვახშმად ბროკოლი და ბრინჯი მაქვს დღეს. რასაც ამ კარანტინში არ ვუჩივი, საკვები რაციონის მრავალფეროვნებაა.

XS
SM
MD
LG