Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინის მე-9 დღე - ნინის დღიური უჰანიდან


ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.

ნინი დავლიანიძე
ნინი დავლიანიძე

ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.

01, თებერვალი 2020

კარანტინის მე-9 დღე

დღეს, გუშინდელთან შედარებით ძალიან კარგად მეძინა, რომ არა მაღვიძარა რომლის გათიშვაც სულ მავიწყდება, საწუწუნო არაფერი მექნებოდა.

პირველი რა თქმა უნდ, ფეისბუკი გავხსენი, უამრავი შეტყობინება დამხვდა, უმრავლესობა ჩემს აქ დარჩენას ეხებოდა, ბევრი მიწონებს უჰანში დარჩენას, თქვენთან რა მაქვს დასამალი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა სრულიად უცხო ადამიანი გულებით სავსე კეთილ სურვილებს რომ გიგზავნის.

უბრალოდ ერთი კითხვა გამიჩნდა, რომ წამოვსულიყავი იგივე დოზით დავიმსახურებდი ამ სიყვარულს? რა იცი, რას გაიგებ.

ავდექი, დილის რუტინა ჩავატარე და ვიფიქრე, დღეს ბედნიერი უნდა ვიყო, ბედნიერებისთვის კი კარგი მუსიკა მჭირდება! გავხსენი იუთუბი , სიმღერას სიმღერა ანაცვლებდა ჩემს ფლეილისტში და გენიალური ჯენის ჯოპლინის-ის ჯერი დადგა თავისი Little Girl Blue-თი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ალბათ მილიონჯერ მაქვს მოსმენილი პირველად გავიაზრე და ვიგრძენი რა მატყვევებდა მასში, ჩემში ჩარჩენილ შეშინებულ პატარა ნინის უმღეროდა, რომ ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაჯდეს და თითების თვლა განაგრძოს. როგორც იქნა მივაძინეთ მე და ჯენისმა პატარა ნინი და ბედნიერი დღეც დაიწყო.

პირველ რიგში ჩემს თავს შევპირდი, რომ დავასვენებდი ყველანაირი მედიისგან და ძალიან ძალიან გემრიელ სპაგეტს ვაჭმევდი. საბოლოოდ მედიისგან ცოტა კი დავიცავი, მაგრამ სპაგეტის გემრიელობის რა გითხრათ.

უჰანი
უჰანი

გარეთ არაფერი არ ხდებოდა წინა დღეებისგან განსხვავებული, 11 მილიონი ადამიანიდან 4-5 მოძრაობდა კანტი-კუნტად. სამაგიეროდ, ამინდი გვქონდა მშვენიერი, ფანჯარასთან ჩამოვჯექი და ბავშვობის დროინდელი თამაში გავიხსენე, მანქანების და ადამიანების თვლა დავიწყე, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?! პირველი არხიდან დამირეკეს და თამაში გამაწყვეტინეს.

ახლა უკვე ჩემთან ძალიან გვიანია, ჩემმა მეგობარმა რომელიც ამერიკაშია, ახლახანს გაიღვიძა. ჩემგან გაგზავნილი მესიჯი დახვდა, რომ საბოლოოდ უჰანში დავრჩი და ცოტა გაბრაზებულია, წავედი უნდა მოვიგერიო :D

კორონავირუსი: 11 მთავარი კითხვა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00

XS
SM
MD
LG