Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ოცამდე ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია დააჯარიმეს


ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კახეთის ბაგა-ბაღებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გეგმიური შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, სკოლამდელი აღზრდის ოცამდე დაწესებულება დაჯარიმდა.

სააგენტოს სპეციალისტებმა დარღვევები აღმოაჩინეს ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და ახმეტის ბაგა-ბაღებში. მაგალითად, ინსპექტირების შედეგად ახმეტის ოთხ საბავშვო ბაღში გამოვლინდა პრობლემები სამზარეულოებსა და სურსათის შესანახ საწყობებში. ასევე მოუწესრიგებელია სავენტილაციო სისტემები.

შემოწმებისას აღმოვაჩინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში იატაკი და კედლები არ იძლეოდა სრულყოფილად გაწმენდის შესაძლებლობას. ასევე მოშლილია სავენტილაციო სისტემა. სამზარეულოები და სურსათის შესანახი საწყობები კი არ არის სათანადოდ მოწყობილი. ასეთი მდგომარეობაა კახეთის ოცამდე ბაღში...
ნანა ახალმოსულიშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კახეთში ნანა ახალმოსულიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევები არ კვალიფიცირდება როგორც კრიტიკული შეუსაბამობა და ამიტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ მანამდე, სანამ პრობლემებს მოაგვარებენ, რისთვისაც ვადა მაისამდე მისცეს. მანამდე კი ახმეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ 1200-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

„შემოწმებისას აღმოვაჩინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში იატაკი და კედლები არ იძლეოდა სრულყოფილად გაწმენდის შესაძლებლობას. ასევე მოშლილია სავენტილაციო სისტემა. სამზარეულოები და სურსათის შესანახი საწყობები კი არ არის სათანადოდ მოწყობილი. ასეთი მდგომარეობაა კახეთის ოცამდე ბაღში“, - განაცხადა ნანა ახალმოსულიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში სულ 38 ბაგა-ბაღია. აქედან უმეტესობა სოფლებში მდებარეობს. შენობების დიდი ნაწილი ათწლეულების წინ არის აშენებული. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან მარჩილაშვილის თქმით, ფინანსების სიმცირის გამო შენობებს პერიოდულად მხოლოდ ე.წ. კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რის გამოც გაფრთხილება მიუღიათ და დაჯარიმებულან კიდეც. ქეთევან მარჩილაშვილი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ახლახან გამოვლენილ პრობლემებს უახლოეს მომავალში გადაჭრიან. მარჩილაშვილი იმასაც დასძენს, რომ ყოველწლიურად მკაცრდება რეგლამენტი და მათ ყოველ ახალ შემოწმებაზე სხვადასხვა სახის დარღვევაზე მიუთითებენ.:

რაზეც ადრე არ ჰქონდათ შენიშვნა, ახლა ამბობენ, რომ ეს პრობლემაა და უნდა მოაგვაროთო. რადგან არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ჩვენ უშუალოდ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს ვასრულებთ, რომელსაც სააგენტო გვაძლევს...

„ჩვენ უკვე ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას. დაწყებულია სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სულ უფრო გაამკაცრა მოთხოვნები. რაზეც ადრე არ ჰქონდათ შენიშვნა, ახლა ამბობენ, რომ ეს პრობლემაა და უნდა მოაგვაროთო. რადგან არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ჩვენ უშუალოდ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს ვასრულებთ, რომელსაც სააგენტო გვაძლევს“.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღიც შეამოწმა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. შესაბამისად, ადმინისტრაცია 1000 ლარით დაჯარიმდა და ბაღი დროებით, პრობლემების მოგვარებამდე, დაიხურა. გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შორენა ფროდიაშვილი გვეუბნება, რომ არსებული პრობლემები უკვე მოაგვარეს და ბაღმა მუშაობა ორი დღის წინ განაახლა.

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც რეგიონების ბაგა-ბაღებში წლების განმავლობაში მოუგვარებელია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით სოფლის ბაღებში, სკოლებსა და ამბულატორიებში ხელმიუწვდომელია სუფთა წყალი და მოშლილია ინფრასტრუქტურა, მათ შორის საპირფარეშოები.სახალხო დამცველის აპარატი და მესამე სექტორი მუნიციპალიტეტებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად მოაგვარონ არსებული პრობლემები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევად განიხილება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG