Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება უნდა დაიწყოს


საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი თელავში
საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი თელავში

2020 წლიდან კახეთის მუნიციპალიტეტებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება უნდა დაიწყოს. ამას ადგილობრივ თვითმმართველობებს ნარჩენების მართვის კოდექსი ავალდებულებს. კონკრეტულად რომელი მუნიციპალიტეტები დაიწყებენ ნარჩენების დაფასოებას, რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა იცის საზოგადოებამ?

გადმოწერა

ნარჩენების მართვის კოდექსით, საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი ვალდებულია ეტაპობრივად გადავიდეს ნარჩენების სეპარირების პროგრამაზე. გარდა ამისა, ქვეყანას ეს ვალდებულება აღებული აქვს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც, თუმცა კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტს ამ კუთხით კონკრეტული სამუშაოები ჯერ არ დაუწყია.

ეტაპობრივად მოხდება ისეთი ადგილების ათვისება, როგორიც არის სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - იქ, სადაც მეტი ნარჩენი გროვდება.
კახაბერ სუხიტაშვილი


კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი კახეთში კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ რეგიონში ნარჩენების სეპარირების, ანუ დახარისხების, პროგრამა 2020 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ამბობს, რომ მუნციპალიტეტებმა შეიმუშავეს ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა, რითაც ვალდებულება აიღეს, თანდათანობით შექმნან შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, შეიძინონ სპეციალური კონტეინერები და ავტომობილები.

კახაბერ სუხიტაშვილის თქმით, თავადაც აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და მუნიციპალიტეტებს ეხმარებიან საზოგადოების ინფორმირებაში, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია:

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა სოფელი და დასახლებული პუნქტი უნდა იყოს მოცული. ეტაპობრივად მოხდება ისეთი ადგილების ათვისება, როგორიც არის სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - იქ, სადაც მეტი ნარჩენი გროვდება. ჩვენი ორგანიზაცია (CENN) აქტიურად ვართ ჩართული შემოქმედებით სამუშაოებში, ასევე ხელს ვუწყობთ მუნიციპალიტეტებს, რომ შექმნან ნარჩენების შეგროვების მდგრადი სისტემა“.

კახეთში პირველი ქალაქი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებას 2020 წლიდან დაიწყებს, თელავია. მერიის თანამშრომელი დავით ქსოვრელიშვილი ამბობს, რომ საკითხი 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს და პირველ ეტაპზე დაგეგმილია 40 ათასი ლარის ღირებულების ურნებისა შეძენა. პარალელურად განხორციელდება მოსახლეობის ინფორმირებაც. დღესდღეობით კი თელავში ყველა სახის ნარჩენი ერთად გროვდება და რეგიონის რამდენიმე ნაგავსაყრელზე გადააქვთ.

“ურნებს შევიძენთ 2020 წლის ბოლომდე, 2021 წლის ბიუჯეტში კი გავითვალისწინებთ სპეციალური მანქანის შეძენას, რომელიც ახალი ურნების დაცლას და ნარჩენების დასაწყობებისთვის იქნება. ადგილი უკვე გამოყოფილია და ვიცით, სად უნდა მივიტანოთ ნარჩენები. 2022 წელს ჩვენ უკვე შევიძენთ კომპოსტირების მოწყობილობას. ეს არის დანადგარი, რომელიც ნარჩენებს ერთიან მასად აქცევს“.

თვითონ სახლშივე უნდა მოხდეს ნარჩენების დახარისხება და შემდეგ უკვე შესაბამის ურნაში ჩაყრა. გრძელი და რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებთ ოპერირებას და განხორციელებას.
ჯონდო მდივნიშვილი


ნარჩენების სეპარირებაზე 2020 წლიდან გარკვეული სამუშაოების დაწყებას გეგმავენ სიღნაღსა და ლაგოდეხშიც, თუმცა იმის გამო, რომ სიღნაღის ბიუჯეტი, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირეა, პირველი პირები ვარაუდობენ, რომ მათ ფინანსების მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან მოუწევთ. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი კი ამბობს, რომ, თელავის მსგავსად, 2020 წელს პირველ ეტაპზე კონტეინერებს შეიძენენ და საზოგადოების ინფორმირებაზე იმუშავებენ. ჩვენ ლაგოდეხის მერს ისიც ვკითხეთ, იქნება თუ არა სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარჩენებს არ დაახარისხებს. პასუხად ითქვა:

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაიმე სახის საჯარიმო სანქციებზე არ მივსულვართ და კონკრეტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ეგეც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იქნება. ევროპის ქვეყნებიც ათეული წლების განმავლობაში მიდიოდნენ იმ დონემდე, როგორიც დღეს აქვთ. თვითონ სახლშივე უნდა მოხდეს ნარჩენების დახარისხება და შემდეგ უკვე შესაბამის ურნაში ჩაყრა. გრძელი და რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებთ ოპერირებას და განხორციელებას“.

კახეთში ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირების სისტემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია, თუმცა თითქმის ყველა გამოკითხული ამბობს, რომ პირველ ხანებში საზოგდოებას გაუჭირდება დადგენილი წესის შესრულება. ზოგი მათგანი მომხრეა, ურჩი ადამიანების მიმართ სანქციებიც კი დაწესდეს.

კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირების პროგრამის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 2025 წელს დასრულდება. სწორედ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტების უმეტეს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს სამკომპონენტიანი კონტეინერები, ხოლო თავად ნარჩენების განსათავსებლად ტერიტორია გურჯაანში მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ დახარისხებული ნარჩენები შესაძლოა მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდეს, რადგან ასეთი ნარჩენების გადამუშავების გზით კერძო კომპანიები სხვადასხვა სახის პროდუქციას ამზადებენ, ნედლეულს კი სწორედ მუნიციპალიტეტებისგან შეიძენენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG