Accessibility links

კახეთში წელს ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა დაბალია


კახეთში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა. გვალვის გამო წელს მოსავლიანობა დაბალია. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ყანებს მინდვრის თაგვიც შეესია, რამაც ყანები კიდევ უფრო მეტად დააზიანა. ამ ორ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 120 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. ალოობა 2019-ის დაწყებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც დაესწრო. ის ამბობს, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს "მექანიზატორმა" დამატებითი კომბაინები შეიძინა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - შირაქის, ალაზნისა და ტარიბანას ველზე - თავთავიანი კულტურების აღება დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე ქერი და ხორბალი დაახლოებით 36 000 ჰექტარზეა დათესილი, საიდანაც, ჯამში, 120 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, თუმცა, როგორც ადგილობრივი ფერმერი ზურაბ თეთვაძე ამბობს, ზამთარი მშრალი და გვალვიანი იყო, რამაც მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. უფრო კონკრეტულად, თუ ერთ ჰექტარზე 5-7 ტონა უნდა მიეღოთ, ახლა ტონა-ნახევრით უფრო ნაკლებს იღებენ. უნალექო ზამთრის გამო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მინდვრის თაგვიც მომრავლდა, რამაც ყანებს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა.

„გარკვეულ ადგილებში მივიღეთ მაღალი მოსავალი, მაგრამ წელს საშუალო მოსავლიანობა მაინც დაბალია. გასულ წელთან შედარებით, ჰექტარზე, ალბათ, ტონა- ნახევრით დაბალია მოსავალი. ეს განაპირობა მშრალმა ზამთარმა. მთელი ზამთრის განმავლობაში არც წვიმა და არც თოვლი არ ყოფილა. გაზაფხულზე რომ არ ყოფილიყო ნალექი, ალბათ, ესეც არ იქნებოდა. მშრალმა ზამთარმა გამოიწვია ისიც, რომ დაავადებები გაჩნდა“.

ალოობა 2019-ს დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ. გასულ წლებში პრობლემას ქმნიდა არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რის გამოც ფერმერები მოსავლის დროულად აღებას ვერ ახერხებდნენ და რიგში ლოდინი უწევდათ. ორი წლის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან 40 კომბაინი ითხოვა. მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ირწმუნება, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს „მექანიზატორმა“ დამატებითი კომბაინები შეიძინა.

„ალოობის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. სახელმწიფოს მიერ გასულ წელს შეძენილი იყო 30 ერთეული კომბაინი. ასევე მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში კომბაინები იყიდეს ფერმერებმაც. მექანიზაციის პრობლემა აღარ არის. საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას საფასო პოლიტიკაც“.

მარცვლეული კულტურების აღების პროცესი რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქერი და ხორბალი შედარებით ადრე შემოდის ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, რეგიონის მასშტაბით სულ 103 ერთეული კომბაინი მუშაობს. დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45 კომბაინია ბაზირებული, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ რეგიონში უკვე აღებულია 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარ ფართობზე ხორბალი.

„ბოლო წლებთან შედარებით, ეს არის ყველაზე გამართული ალოობა იმ მხრივ, რომ არც ერთ სოფელს და არც ერთ ფერმერს კომბაინის პრობლემა არ შეჰქმნია. თავთავიანი კულტურების აღება ორგანიზებულად მიმდინარეობს და დროულად ხდება მოსავლის დაბინავება“.

გასულ წელს კახეთში მოსავლის აღების დროს 1 კილოგრამ ხორბალი 37-38 თეთი ღირდა. ამ ფასს ადგილობრივები აპროტესტებდნენ. წელს ერთი კილოგრამი კარგი ხარისხის ხორბალი 50-60 თეთრია. თავთავიანი კულტურების აღება კახეთში დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG