Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახელი ფერმერი სასულიერო პირს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს


გია გოგოშვილი
გია გოგოშვილი

კახელი ფერმერი, 61 წლის მამაკაცი, რომელსაც 15 სულამდე საქონელი ჰყავს, ბოდბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ბერს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გია გოგოშვილი ამბობს, რომ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ბერი მედიასთან არ ჩნდება, თუმცა ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ საკითხს სწავლობენ და განმარტებასაც გააკეთებენ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სიღნაღში, ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის გია გოგოშვილი სოფელთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ბერს, გრიგოლს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გია გოგოშვილს მარცხენა თვალთან დაჟეჟილობა და სილურჯეები აღენიშნება. ამბობს, რომ ეს დაზიანებები მას ბერმა მიაყენა. გოგოშვილის თქმით, ბერმა და სტიქაროსანმა მას სახლში მიაკითხეს, ავტომობილში ჩასვეს და ტყის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგოშვილის მტკიცებით, სტიქაროსანი მას ხელებს უკავებდა, ბერმა კი სახის არეში ქვა ჩაარტყა. გოგოშვილის თქმით, მან მაშინვე მიმართა პოლიციას და ბერის დაკავება მოითხოვა, ამის შემდეგ კი წნორის არქიმედეს კლინიკაში მოხვდა, სადაც ერთი ღამე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. ნაცემი მამაკაცის თქმით, ბერი მისგან მოითხოვდა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელი აღარ გაეშვა, რადგან პირუტყვი შემოღობილ ადგილზეც შედიოდა.

"მითხრა, მანქანიდან გადმოდიო. შემდეგ მეცა, ხელი წამავლო. მამაოა თუ მორჩილი, არ ვიცი. მეორე ადამიანი კი სტიქაროსანი იყო, რომელმაც მამაოს უთხრა: შენ გაჩერდი, მე მოვუვლიო. უკნიდან მომეპარა, ხელები დამიკავა, მამაომ კიდევ ქვა აიღო და დამარტყა თვალის არეში. მე ხელი არ გამონძრევია. ანაფორა ეცვა და არ მინდოდა მაგის გამო შემქმნოდა პრობლემა, რადგან ბევრი საქმე მაქვს: ვხნავ, ვთესავ, ვამუშავებ, მიწა და ვენახები მაქვს. მეზობელი მომეშველა და იმის მანქანით დავეწიეთ. წნორში დავიჭირეთ და გამოვიძახეთ მილიციაც. პოლიცია მოვიდა და ესენი ჩავაბარეთ, თუმცა უბედურება ის არის, რომ მილიციამ ისინი გაუშვა".

სოფლის მოსახლეობას გზას გვიკეტავენ, საქონელს არ უშვებენ, დიდი ძაღლიც დააბეს ღობესთან. დაახლოებით, 3 წელია, რაც ეს პიროვნება მოვიდა და მას შემდეგ ტაძარში ზარი არ დარეკილა, წირვაც არ ჩატარებულა. ერთი ვაგონი აქვთ და იქ ლოთობა და ყველაფერი ხდება.
გია გოგოშვილი


დავა სასულიერო პირსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის, როგორც გია გოგოშვილი გვიყვება, ორი წლის წინ საქონლის გამო დაიწყო. მაშინ ბერი ადგილობრივი ფერმერისგან მოითხოვდა, რომ მისი საქონელი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საძოვარზე საერთოდ არ შესულიყო. თუმცა გოგოშვილი ირწმუნება, რომ საძოვარი სოფლის საკუთრებაა და მისი ნაწილი სასულიერო პირებმა უკანონოდ შემოღობეს. გოგოშვილის თქმით, "ბერი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და მაშინაც, როცა ფიზიკურად გაუსწორდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო".

"ეს ტერიტორია არის სოფლის საძოვარი და რატომღაც მათ შომოღობეს. არ ვიცი, დაირეგისტრირეს თუ არა. სოფლის მოსახლეობას გზას გვიკეტავენ, საქონელს არ უშვებენ, დიდი ძაღლიც დააბეს ღობესთან. დაახლოებით, 3 წელია, რაც ეს პიროვნება მოვიდა და მას შემდეგ ტაძარში ზარი არ დარეკილა, წირვაც არ ჩატარებულა. ერთი ვაგონი აქვთ და იქ ლოთობა და ყველაფერი ხდება. ეს იცის მთელმა სოფელმა".

აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში ჰემატომა და დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება.
ნანა თამაზაშვილი


61 წლის გია გოგოშვილს მარცხენა თვალის არეში არსებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამას ამბობს წნორის კლინიკის ექიმი, ნანა თამაზაშვილი. ამ დროისთვის პაციენტი უკვე სახლშია გაწერილი.

"აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში ჰემატომა და დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება. გაეწია ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, ამის მიზეზი კი საქონლის ტაძრის ტერიტორიაზე გადასვლაა. ბრალდებებზე თავად ბერი გრიგოლის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. ის მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა. ბოდბეში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი კი გვეუბნება, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არა აქვს. ის დაგვპირდა, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ ვრცლად ილაპარაკებს.

"სამწუხაროდ, იცი, როგორ არის? ამ ფაქტის შესახებ არანაირი ინფორმაცია დაზუსტებული არა მაქვს და დღეს ვაპირებთ რაღაცების გადამოწმებას. უფრო მოგვიანებით რომ გავაკეთო კომენტარი, უკეთესი იქნება. ჯერ უნდა დავაზუსტო ეგ ინფორმაცია და დღის ბოლოს ჩვენ ყველაფერში გაგარკვევთ".

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში სასულიერო პირსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. თუკი პირს ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცდება, ის შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მხარეები უკვე გამოკითხეს და გამოძიება გრძელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG