Accessibility links

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილზე - "მან ქვეყნის ინტერესი დააყენა პირად მოსაზრებებზე წინ"


საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით.

20 მაისს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე მან უპასუხა შეკითხვას, რომლის ავტორი სთხოვდა შეეფასებინა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას პატიმრობის სტატუსი იმ ფონზე, როცა ხელისუფლება მათ პოლიტპატიმრებად არ თვლის და ამასვე გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც პირველი ორის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

კელი დეგნანმა განაცხადა:

„ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ადამიანების კატეგორიებზე იარლიყების მიწებება და ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხიდან გადახვევა.

ვთვლი, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან თამამი და გაბედული გადაწყვეტილება საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. მისი განცხადებებიდან სრულიად ნათელი იყო, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა პირად მოსაზრებებზე წინ, რაც უნდა გააკეთოს კიდეც ლიდერმა.

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მისი ეს ქმედება დაეხმარება პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციას და შექმნის პირობებს ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ეს არის სინამდვილეში მიზანი: საქართველომ გადადგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიისა და დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე იმისათვის, რათა დაანახოს მსოფლიოს, რომელიც მას დააკვირდება, რომ მას შეუძლია სანდო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG