Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერამიკულ პანო „კოლხეთთან“ სავაჭრო პავილიონი დაამონტაჟეს


დახლების მოწყობას ეწინააღმდეგებიან ახლომდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებიც.
დახლების მოწყობას ეწინააღმდეგებიან ახლომდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებიც.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერამიკული პანოს, „კოლხეთის“, ავტორ ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი პანოს მიმდებარედ სავაჭრო პავილიონის მოწყობის წინააღმდეგია. 217 კვადრატულ მეტრ კედელზე განთავსებული გორელიეფი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, აგრარული ბაზრის ერთ-ერთი შესასვლელისა და მიწისქვეშა გადასასვლელის მახლობლად, ფალიაშვილის 15 ნომერში მდებარე შენობის ფასადზეა განთავსებული. ბერნარდ ნებიერიძის ცოლი სვეტლანა ნებიერიძე პანოს მიმდებარედ ბაზრობის მოწყობას აპროტესტებს იმ მიზეზით, რომ ფარდულები პანოს ფარავს და ხელს უშლის მის აღქმას:

სავაჭრო პავილიონი „კოლხეთთან“
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
გადმოწერა

„ამაზე უკეთესი რა აქვთ საქართველოში? უკვე კულტურას აუქმებენ? დარჩება მხოლოდ კოლოფებივით სახლები ქუთაისში. ვაპროტესტებ დახლების დადგმას აქ, რადგან პანო არ გამოჩნდება, მის აღსაქმელად საჭიროა სივრცე. ტროტუარების გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება, ეს ადგილი ფეხით მავალთა სავალი ნაწილია“.

ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან, საახალწლო ბაზრობისთვის დახლების მოწყობას ეწინააღმდეგებიან ახლომდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებიც. მათი თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ორია: ერთი ის, რომ კერამიკული პანო „კოლხეთი“ ტურისტებისთვის საინტერესოა და დახლებს მიღმა ვიზიტორები სურათების გადაღებას ვერ შეძლებენ, რადგან მისი აღქმა იზღუდება. მოვაჭრეები ასევე ეჭვობენ, რომ ბაზრობა მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ადგილზე ეწყობა და მას კონკურენციას ვერ გაუწევენ მიწისქვეშა გადასასვლელში და ქუჩის მეორე მხარეს განთავსებული სავაჭრო ობიექტები:

„აქ არ შეიძლება ბაზრობა, სავაჭრო ცენტრია მიწისქვეშა გადასასვლელში და იქ ვმუშაობთ და რაღა ვქნათ ჩვენ?“

„ტურისტები პანოს ხშირად უღებენ სურათებს. ჩვენ ვუხსნით, რა და როგორ“.

„აქ საექსკურსიო ადგილია და აქვე ბაზრობა რა საკადრისია?!“

„ყველგან ბაზარი და ბაზრობა არ შეიძლება, აქვე სავაჭრო ცენტრები და ბაზრობაა და კიდე რა საჭიროა პავილიონი. გადასასვლელზე ვერ გადავსულვართ და ტროტუარზე ვერ გაგვივლია. აიღონ ეს დახლები, როგორც აკეთებენ, ისე“.

ცენტრალურ ბაზართან, მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ, ფალიაშვილის ქუჩაზე 250 კვადრატული მეტრი ტერიტორია გასულ წელს 15-წლიანი იჯარით, წელიწადში 7 ათას ლარად გადაეცა ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარს. როგორც ბაზრის მმართველი კომპანია „ფარის“ დირექტორი ოლეგ არღვლიანი განმარტავს, კომპანიას ხელშეკრულებით ტერიტორიის მოწესრიგება და მოვლა- პატრონობა დაევალა. ოლეგ არღვლიანისვე განცხადებით, ბაზრის შესასვლელსა და მიწისქვეშა გადასასვლელთან წლების განმავლობაში გარევაჭრობა მიმდინარეობდა, რაც ამახინჯებდა პანოსა და ქალაქის იერსახეს და მიმდებარედ მუდმივად იყო ანტისანიტარია. გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ კი კომპანიამ პროექტი შეათანხმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან და ორ-ნახევარი მეტრი სიმაღლის ღია ფარდულები ეწყობა ტერიტორიის მხოლოდ დასავლეთ ნაწილში.

ოლეგ არღვლიანის განცხადებით, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალშია, ამიტომ ღია პავილიონების ზომა და იერსახე სააგენტოსთან შეთანხმებით შეირჩა. ოლეგ არღვლიანისავე ინფორმაციით, ადგილზე ეწყობა ორი სხვადასხვაგვარი კონსტრუქცია. ტერიტორიის სამხრეთით წინასაახალწლოდ დროებით ასევე განთავსდა ხისა და პოლიეთილენის მასალისგან შეკრული დახლები და მათ სადღესასწაულო დღეების შემდეგ აიღებენ. ოლეგ არღვლიანი მიიჩნევს, რომ ფარდულები, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება, პანოს აღქმას ხელს არ უშლის:

„ჩვენ გვქონდა პროექტი, სადაც მოცულობით დიდი იყო კონსტრუქციები. სააგენტომ გაგვიწია რეკომენდაციები და ჩვენ გავითვალისწინეთ. იმისთვის შევზღუდეთ ღია პავილიონების კონსტრუქციების სიმაღლე, რომ პანო არ დაფარულიყო და მისი აღქმა ჩვეულებრივ მომხდარიყო“.

ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერამიკულ პანოზე, სახელწოდებით „კოლხეთი“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, გამოსახულნი არიან ისტორიული და მითოლოგიური პერსონაჟები, ქუთაისთან დაკავშირებული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც ქალაქის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. კერამიკული პანო 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მხატვარ-მოქანდაკემ ბერნარდ ნებიერიძემ გორელიეფზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო და იგი მისმა მეგობრებმა ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დაასრულეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG