Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვალიფიციური აგრონომების დეფიციტი საქართველოში


კახეთი
კახეთი

გლეხების ნაწილს მოსავალი ჯერ კიდევ მამაპაპური მეთოდებით მოჰყავს, რაც არაეფექტიანია და მცირემიწიანი ფერმერები რეალურ შემოსავალს ვერ იღებენ. რატომ არ არიან მრავლად კვალიფიციური აგრონომები, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები და შეიცვლება თუ არა მდგომარეობა მომავალში მაინც?

კახეთში იმ ადამიანების ნაწილი, ვინც მიწათმოქმედებას მისდევს, აგრონომების დეფიციტზე ლაპარაკობს. გლეხები ამბობენ, რომ ბევრი მათგანი მიწას ამ დრომდე მამაპაპური მეთოდებით ამუშავებს, რის გამოც წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება მოსავლის რაოდენობა, მიწები კი მოუსავლიანი გახდა.მიზეზად ასახელებენ აგროვადების დაუცველობასა და ქიმიკატების არასწორ გამოყენებას. კახელმა ბიძინა ჭაბაშვილმა, როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რომ საჭიროა აგრონომი, თუმცა მის გარშემო ასეთი პროფესიის ადამიანი უბრალოდ არ არსებობს.

გადმოწერა

„წესით აგრონომს უნდა ჰკითხო ყველაფერი, რაც მიწათმოქმედებას ეხება და უკეთესად წავა ფერმერის საქმე, თუმცა, სამწუხაროდ, სპეციალისტები არ გვყავს. მინდა, რომ ჩემი ამბავი მიიტანოთ მთავრობამდე.მიმაჩნია, რომ, თუ გვინდა ქვეყანა და ხალხი გადარჩეს, ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს".

იმის გამო, რომ რეგიონში აგრონომების დეფიციტია, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მოსახლეობის ნაწილმა შესაბამისი ინფორმაციის მიღება ინტერნეტიდან დაიწყო. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია სასარგებლო, თუმცა ზოგადია. ამიტომ მიიჩნევენ, რომ სოფლებში კვალიფიციური აგრონომების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებსა და მეურნეობებს ინდივიდუალური მიდგომები სჭირდებათ.

„არ ვიცნობ აგრონომს, თუ გვყავს ესეც კი არ ვიცი. ქიმიკატების მაღაზიაში ჰყავთ კონსულტანტი და მას ვეკითხები, თუ როგორ უნდა გამოვიყენო პრეპარატი და სასუქი სწორად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას ინტერნეტიდან ვიღებ, რომელიც ზოგადია“.

ბექა გონაშვილი
ბექა გონაშვილი

„აგრონომი ისეთივე საჭიროა სოფლის მეურნეობაში, როგოც მედიცინაში პედიატრი, თერაპევტი და ქირურგი“, - ამბობს ბექა გონაშვილი, კომპანია „აგროქიზიყის“ ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყანაში აგრონომების სიმცირის მხრივ არსებულ მდგომარეობას ძალიან რთულს უწოდებს. ბექა გონაშვილის განცხადებით, აგრონომების სიმცირე იმან გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში ამ პროფესიაზე არ იყო მოთხოვნა, თუმცა, მისივე თქმით, ახლა ვითარება იცვლება.

„წლების განმავლობაში ეს პროფესია არ იყო მოთხოვნადი. შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ფერმერმა თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე ისწავლა რაღაც შედეგების მიღება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სფეროშისპეციალისტი აღარაა საჭირო. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა ბაზარზე და ზოგადად მსოფლიოში, ჩვენ კი ამ ყველაფერს ჩამოვრჩებით. ამიტომაც თურქული პამიდორი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენი, ქართულ მიწაზე მოყვანილი“.

რამდენი ადამიანი ეუფლება საქართველოს უმაღლესსა და პროფესიულ სასწავლებლებში აგრონომის პროფესია? ჩვენ ამ ინფორმაციის მიღება გვსურდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, თუმცა უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ ასეთი მონაცემები არ აქვთ და ინფორმაცია შეგვიძლია უშუალოდ სასწავლებლებიდან მივიღოთ.

ძალიან ცოტა იღებს საფუძვლიან ცოდნას. სწავლას რომ დავამთავრებ, ვაპირებ, რომ დავბრუნდე კახეთში. რეგიონში აგრონომები არ ჰყავთ, ამიტომ მე სოფელში რომ ჩავალ, სამუშაო ადგილი გარანტირებული მექნება...
მაიკო ელიზბარაშვილi

ჩვენ ერთ-ერთ სტუდენტს, მაიკო ელიზბარაშვილს, დავუკავშირდით, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსისტეტში აგრონომის პროფესიას ეუფლება. ის ახლა მესამე კურსზეა.მ. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის საკუთარი მეურნეობის განვითარებას გეგმებს და ამავდროულად სამსახური გარანტირებული აქვს, რადგან, ის წარმოშობით სიღნაღიდან არის და ამ მუნიციპალიტეტში უკვე წლებია აგრონომის თანამდებობა ვაკანტურია.

„ჩვენთან სტუ-ში მესამე კურსზე ჩარიცხული ვართ 50 სტუდენტი, მაგრამ ამ 50-დან მხოლოდ 15 სტუდენტი ვესწრებით ლექციებს. ბევრი იმიტომ აბარებს, რომ სწავლა უფასოა. ზოგ ბიჭს კი სასწავლებელი მხოლოდ სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად სჭირდება. ძალიან ცოტა იღებს საფუძვლიან ცოდნას. სწავლას რომ დავამთავრებ, ვაპირებ, რომ დავბრუნდე კახეთში. რეგიონში აგრონომები არ ჰყავთ, ამიტომ მე სოფელში რომ ჩავალ, სამუშაო ადგილი გარანტირებული მექნება“, - განაცხადა სტუდენტმა მაიკო ელიზბარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აგროქიმიკატების რეალიზატორებს კონსულტანტები ჰყავთ, რომლებიც გლეხებს რჩევას აძლევენ შხამ-ქიმიკატების მოხმარებისა და აგროვადების შესახებ, თუმცა ეს იმ შეთხვევაში, თუ გლეხი მათ მაღაზიაში მივა პრეპარატების შესაძენად. რეგიონებში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც, სადაც აგრონომებიც არიან, თუმცა კახეთის სოფლების ნაწილში ამბობენ, რომ ამ უწყების მუშაობის შესახებ არ იციან და საჭიროა, აგრონომებმა სეზონზე უშუალოდ სოფლებში იმუშაონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG