Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირაში ორი დღე და ისიც ერთი საათით - კახეთში წყლის დეფიციტია


წყალსაქაჩი სადგური კახეთში
წყალსაქაჩი სადგური კახეთში

კახეთში წყლის დეფიციტია. სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არის შემთხვევები, როდესაც სოფელი სოფელს უპირისპირდება, ყველა ერთად კი წყალმომარაგების კომპანიას და ადგილობრივ ხელისუფლებას. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ბაღ-ბოსტნების მოსარწყავად ზოგიერთები წყალს იტაცებენ, რის გამოც დანარჩენი მოსახლეობა ზარალდება.

რამდენიმედღიანმა უწყლობამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გვალვის გამო სოფელში წყლის დეფიციტი წარმოიშვა და მცირე რაოდენობით დარჩენილი წყალი არა ბოდბეს, არამედ ქალაქ სიღნაღს მიეწოდება. ზემო ბოდბეში მცხოვრებ გიორგი ყარაშვილის თქმით, უკვე სამი კვირაა, მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 38-39 გრადუსს აღწევს, დასახლებას წყალი სამ დღეში ერთხელ და ისიც ერთი საათით მიეწოდება:

„წყალს 3 დღეში ერთხელ ხან უშვებენ და ხან არა. ამას წინათ ჩვენთან მოვიდნენ გამგებელი და მათი წარმომადგენლები და დაგვპირდნენ, რომ წყალსადენს აღადგენდნენ და დაამატებდნენ ბურღებს. ასევე დაპირება იყო, რომ ზემო ბოდბეს 24 საათის განმავლობაში წყალი უწყვეტად გვექნებოდა. გაფორმდა ხელშეკრულებაც, თუმცა ახლა ეს დოკუმენტი დაკარგული აღმოჩნდა. ზემო ბოდბეში დღეს წყალს აღარ გვაწვდიან და 24 საათის განმავლობაში ჩვენი წყალი გაშვებულია სიღნაღში“.

ბოდბეში ქუჩაში გამოსულ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სიღნაღის სერვისცენტრის წარმომადგენელი ზაქრო ჩერქეზიშვილი. მისი განცხადებით, წყლის დებეტის პრობლემაა, რის გამოც 24-საათიანი წყალმომარაგება ვეღარ ხერხდება. ამბობს, რომ კომპანია ჭაბურღილების დამატებას აპირებს:

„ყოველდღიურად 110 კუბური მეტრი წყალი იქაჩები ბოდბეში, თუმცა არასაკმარისია. პრობლემის მოგვარება იგეგმება, გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მიხედვითაც 3 ჭაბურღილი დაემართება და პრობლემა მოიხსნება“.

წყალი მოგვეწოდება დღეში მხოლოდ ერთი საათით. ეს არის ძალიან მრავალწლიანი პრობლემა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა, რეგიონალური განვითარების ფონდმა და მუნიციპალურმა ფონდმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს.

კახეთში ბოდბე არ არის ერთადერთი დასახლება, სადაც სასმელ წყალს ითხოვენ. პრობლემებია თელავშიც. მას შემდეგ, რაც ზაფხული დადგა, ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ კურდღელაურში დღისით ონკანებიდან წყალი უმეტესად არ მოდის. ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქში. როგორც ადგილობრივი მცხოვრები მაკა მოსიაშვილი ამბობს, წყალი დღეში ერთი საათით ძირითადად დილით მიეწოდებათ. მისივე ინფორმაციით, თელავის 24-საათიანი წყალმომარაგების პირობა თითქმის ყველა გუბერნატორმა დადო, დაიხარჯა მილიონები, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოსაგვარებელია:

„წყალი მოგვეწოდება დღეში მხოლოდ ერთი საათით. ეს არის ძალიან მრავალწლიანი პრობლემა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა, რეგიონალური განვითარების ფონდმა და მუნიციპალურმა ფონდმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს. მილიონებზეა ლაპარაკი. თუმცა დღემდე არც ერთი თელაველის პრობლემა წყალთან დაკავშირებით არ გადაწყვეტილა“.

წყალზე გრაფიკია დაწესებული გურჯაანის ნაწილშიც. დილის 11-დან 18 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ქალაქის ძირითად ნაწილს. ლაგოდეხშიც არის უბნები, სადაც წყალს კვირაში მხოლოს 3-4 დღე იღებენ. საქართველოს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისში დაადასტურეს, რომ წყლის მიწოდების კუთხით ზოგ მუნიციპალიტეტში პრობლემები აქვთ, თუმცა დებეტის ნაკლებობას გამორიცხავენ. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელ მიხეილ თათარაძის თქმით, სოფელ კურდღელაურში შეფერხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში კი ბაღების მორწყვის მიზნით არის დატაცების ფაქტები, რაც დანარჩენ მოსახლეობას აზარალებს.

„სიღნაღსა და ბოდბეს რაც შეეხება, აღნიშნულ დასახლებაში წყალმომარაგების დატაცების ფაქტები არის ძალიან დიდი, რაზედაც კომპანიის შესაბამისი სამსახური მუშაობს და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში აღმოიფხვრება ეს პრობლემა. შესაბამისად, წყალმომარაგების გრაფიკი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“.

აღსანიშნავია, რომ კახეთში პრობლემურია სარწყავი წყალიც. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო იძულებულნი არიან ონკანის წყალი ბოსტნების მოსარწყავად გამოიყენონ. ანალოგიური პრობლემები იყო გასულ წელსაც როგოც სარწყავი, ასევე სასმელი წყლით კუთხით.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG