Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა: მოსახლეობას ნატო და ევროკავშირი უნდა, მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი უფრო


კვლევა ევროპაში კარნეგის ფონდისა და ლევან მიქელაძის ფონდის ერთობლივი პროექტის, “საქართველოს მომავალი” ფარგლებში ჩატარდა. 
კვლევა ევროპაში კარნეგის ფონდისა და ლევან მიქელაძის ფონდის ერთობლივი პროექტის, “საქართველოს მომავალი” ფარგლებში ჩატარდა. 

ერთ-ერთი კითხვა, CRRC-ის  კვლევაში "საქართველოს მომავალი" ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასა და სოხუმსა და ცხინვალზე კონტროლის დაბრუნებას შორის შესაძლო არჩევანს ეხება. გამოკითხულთა უმეტესობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ირჩევს. 

იმავე კვლევის მიხედვით, ყველაზე ერთსულოვნები საქართველოს მოქალაქეები სიამაყის განცდაში არიან - საქართველოს მოქალაქეობით გამოკითხულთა 98% ამაყობს.

მოქალაქეობა მხოლოდ საამაყო როდია. სწორედ საქართველოს მოქალაქეობით განსაზღვრავს გამოკითხულთა უმრავლესობა (67%) საკუთარ მე-ს. ეთნიკური კუთვნილება პირველ ადგილზე მხოლოდ 16%-სთვის დგას. 15% კი აცხადებს, რომ მისთვის ორივე იდენტობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

ის, რომ მოსახლეობისთვის მოქალაქეობის ცნება უფრო ღირებული გახდა, „უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ სახელმწიფოს მშენებლობისკენ გაწეული ძალისხმევის შედეგია”, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას” დასტინ გილბრეთი, CRRC კვლევების დირექტორის მოადგილე.

უმრავლესობა და უმცირესობა

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ზოგისთვის მაინც დაიყვანება ენამდე, რელიგიამდე და ქართველობამდე: მოსახლეობის 91%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული, 50%-ს სურს, რომ ის აუცილებლად იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, 30% კი ამბობს, მხოლოდ ქართველი უნდა იყოსო.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ეთნიკური ქართველი ქვეყნის მოსახლეობის 86.83%-ია.

CRRC-ს კვლევა სექტემბერში, არჩევნებამდე ჩატარდა, მაშინ, როდესაც პარლამენტში 150 დეპუტატიდან 11 წარმოადგენდა ეთნიკურ უმცირესობებს. გამოკითხულთა 56%-მა მიიჩნია, რომ ეს საკმარისია. 15%-ს ებევრა, 17%-ს კი ეცოტავა.

რა გავლენა ექნებოდა საქართველოზე პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების მეტი წარმომადგენლის ყოლას? 20%-ის აზრით, დადებითი, 28%-ის აზრით, უარყოფითი. ყველაზე მეტს (33%-ს) კი მიაჩნია, რომ არანაირი.

დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის ნაწილს ენობრივი და რელიგიური უმცირესობების მიმართ. მხოლოდ 19% მისცემდა ხმას მას, ვინც ქართული ენა არ იცის და მხოლოდ 7% შემოხაზავდა განსხვავებული რელიგიის მქონე კანდიდატს.

მკვლევარ ქეთი სართანიასთვის ეს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში კვლავ ძლიერია ეთნონაციონალისტური განწყობები. ამ პირობებში კი ეთნიკურად არაქართველი, არამართლმადიდებელი და ქართული ენის არმცოდნე ადამიანები იზოლირებულები არიან დანარჩენი საზოგადოებისგან.

„ეს არის იმ ინტეგრაციის პოლიტიკის გამოვლინება, რაც ეთნიკური უმცირესობების მიმართ აქვს ქვეყანას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენის საკითხი, რომლის მიმართ არ ჩანს, თუ სახელმწიფოს აქვს რაიმე პოლიტიკა. უმცირესობები, 30 წელია, რაღაც გაგებით პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ იზოლაციაში ცხოვრობენ. და რახანაც მათი ინტეგრაცია არ ხდება, ხალხს არ აქვს შეხვედრის, ერთმანეთისთვის მოსაზრებების გაზიარების ადგილი”, - ამბობს ქეთი სართანია.

იგი დარწმუნებულია, რომ პრობლემას საერთო ისტორიის არცოდნა იწვევს. ადამიანებმა იციან, რომ თბილისში ერთ პატარა ფართობზე დგას მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, თავის დროზე როგორ და რის ხარჯზე გახდა შესაძლებელი საქართველოს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი მრავალფეროვნება.

“ბრძოლა ნებისმიერ ფასად”

კვლევის თანახმად, საზოგადოებამ არაერთგვაროვანი დასკვნები გამოიტანა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

ერთი მხრივ, „ომები გვიჩვენებს, რომ უფრო ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ეთნიკური უმცირესობების მიმართ” - ამ მოსაზრებას სულ გამოკითხულთა 69% იზიარებს. (16% სრულად, და 53% ნაწილობრივ) საპირწონედ, 47%-მა პროცენტმა დაასკვნა, რომ ეთნიკური უმცირესობები, სრულად, ან ნაწილობრივ წარმოადგენენ საფრთხეს ქვეყნისთვის.

ქეთი სართანია გვეუბნება, რომ ეს სურათი გამოძახილია იმ ეთნონაციონალისტური განწყობების, რომელიც ქვეყანაში 90-იან წლებში დომინირებდა. შიშსაც სწორედ ის განაპირობებს, რომ ამ განწყობების გადააზრება არ მომხდარა. ბევრისთვის დღემდე ტოლობის ნიშანია დასმული საქართველოს მოქალაქეობასა და ქართველობას შორის. ყველა დანარჩენი ჯგუფის მიმართ კი ეჭვები და კითხვები არსებობს.

„ეს იდენტობა არის იმდენად ვიწრო, რომ ის არ იღებს სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი საქართველოში იბადებიან და არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, - ამბობს ქეთი, - საფრთხის განცდა არის საერთოდ ყველაფრის მიმართ, რაც მის მიღმა არსებობს. [ამიტომ] ეს იდენტობა ცდილობს, რომ დაპატარავდეს და დავიდეს მხოლოდ ტერიტორიის, სისხლის და ეთნიკური ჯგუფის ცნებამდე. ფიქრობს, რომ ასე თუ დავიწროვდება, შეძლებს, თავი დაიცვას გლობალური თუ რეგიონული საფრთხეებისგან”.

ქეთი არ გამორიცხავს - შესაძლოა, მოსახლეობა ეთნონაციონალიზმისკენ იმიტომ იხრება, რომ მას სახელმწიფოებრიობის მოპოვებასთან აკავშირებს. მაგრამ გაცილებით მწირი აქვს ცოდნა იმის თაობაზე, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა ეთონაციონალისტურმა განწყობებმა:

„ჩვენ მუდმივად ვიბრძვით და ნებისმიერ რამ, რაც ამ ბრძოლაში ხდება, იქნება ეს ეთნიკური ჯგუფების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება თუ სხვა, ემსახურება ამ ბრძოლის და გადარჩენის ისტორიას, სადაც სუვერენიტეტია შესანარჩუნებელი, ან დამოუკიდებლობაა აღსადგენი. ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, ამას ემსახურება, და, ამდენად, ბოლომდე ცუდი არ არის”.

კვლევის თანახმად, არაერთგვაროვანია მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყანაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებების მიზეზების მიმართაც.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 90-იან წლებში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან არიდება შეიძლებოდა - დარწმუნებულია გამოკითხულთა 57%. ამავდროულად, მხოლოდ მეხუთედს მიაჩნია, რომ ომზე პასუხისმგებელი პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიაა. დაახლოებით ერთი მესამედი საპირისპირო აზრზეა, მესამედმა კი უბრალოდ არ იცის.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, რესპონდენტების 42%-მა განაცხადა, რომ ყველაფერი არ გაკეთებულა მისი თავიდან ასარიდებლად. ამასთანავე, გამოკითხულთა 48%-ს მიაჩნია, რომ ეთნიკურმა კონფლიქტებმა ხელი შეუშალა ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან.

დასავლეთი და მასთან დაახლოება

დასავლეთთან დაახლოება გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს რუსეთთან დაახლოებას ურჩევნია. ისინი ემხრობიან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და მიაჩნიათ, რომ დასავლეთს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. ევროპული არჩევანით მიღებულ პოტენციურ სარგებელს მოქალაქეები ასე უყურებენ:

თუმცა, კვლევის თანახმად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაახლოება დასავლეთთან.

ჰიპოთეტურად, თუკი სასწორის ერთ პინაზე დაკარგული ტერიტორიები იქნება, მეორეზე კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, პირველს რესპონდენტების 78% აირჩევს.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვის ეს შედეგი არ არის მოულოდნელი.

„მათ იციან, რა დაკარგეს აფაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, მაგრამ ზუსტად არ იციან, რას მიიღებენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით”, - ამბობს კონფლიქტოლოგი ჩვენთან საუბრისას. ამასთანავე, იგი მიიჩნევს, რომ თავად კითხვა არაკორექტულია და მოსახლეობას არასწორი მოლოდინები შეიძლება შეუქმნას, რადგანაც მსგავსი არჩევანის წინაშე ქვეყანა არ დგას და არც დადგება.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისთვის გაცილებით საინტერესოა მოსახლეობის აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად დააგვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად დასტინ გილბრეთი განმარტავს, რომ კვლევის ამოცანა იყო, დაედგინათ, თუ რამდენად ძლიერია ადამიანების სურვილი, იხილონ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრად და როგორია მათი პრიორიტეტები.

„ეს მართლაც ცოტათი ექსტრემალური მაგალითია. არავინ არ ამბობს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად… უბრალოდ გვაინტერესებდა, დაგვედგინა, რა ურთიერთკავშირი არსებობს ამ ორ მნიშვნელოვან საკითხს შორის. დიდწილად დამტკიცდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ბევრი ქართველისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს”, - გვითხრა დასტინ გილბრეთმა.

ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორი, არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ბოლო დროს ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში წინა პლანზე, როგორც წესი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გამოდის. შედეგად, ხშირად არ ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მტკივნეულია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. არადა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, მისი თქმით, „ჩვენი სამშობლოს იდენტობის ნაწილია” და ეს პასუხი ჰიპოთეტურ არჩევანზე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს მშვიდობიანი დიალოგის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელობას.

„იგივე დევნილების თემას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება, მეტი მოქნილობაა საჭირო დიალოგის დასამყარებლად აფხაზებთან და ოსებთან, იმისთვის, რომ გაუცხოება შემცირდეს ჩვენსა და მათ შორის. თუ უკვე კრიტიკულ წერტილს გადასული არ არის. გაუცხოება არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც ხდება ამ კონფლიქტების არსებობის შედეგად. ჩვენ მხოლოდ პლაჟის და პალმის დაბრუნებაზე ხომ არ ვოცნებობთ? იმ საზოგადოებას უნდა შევურიგდეთ, თუ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მაშინ შერიგება აუცილებელი ამოცანაა”, - ეუბნება არჩილ გეგეშიძე რადიო თავისუფლებას.

ამავდროულად, იგი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული და კონფლიქტის მოგვარებას, ისევე როგორც დასავლეთთან დაახლოებას, ხელს რუსეთი უშლის.

2018 წელს ვაშინგტონის ანალიტიკურმა კვლევითმა ცენტრმა Heritage Foundation გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ავტორი ლუკ კოფი წერდა, რომ მასთან პირად საუბრებში ხელისუფლების წარმომადგენლები მზაობას გამოთქვამდნენ, ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი (თავდასხმა ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე) არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მანამ, სანამ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.

იმხანად „პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ეს მოსაზრება შეაფასა, როგორც მოწოდება, საქართველოს უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2019 წლის სექტემბერში, თბილისში, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ საქართველო უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა, ნატოში გაწევრიანდეს ისე, რომ მეხუთე მუხლმა მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია მოიცვას.

რასმუსენის მოსაზრებას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“ მეორე დღესვე გამოეხმაურა სტატიით: „დასავლეთმა დაიწყო საქართველოს მომზადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმისთვის”.

ეს ვნებათაღელვა დასტინ გილბრეთს კარგად ახსოვს. მისი თქმით, დილემა „ან ტერიტორიები, ან დასავლეთთან დაახლოება” კარგა ხანია გამოიყენება რუსული პროპაგანდისა და მისი სატელიტების მიერ და მიაჩნია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სცენარს სერიოზულად არ აღიქვამს.

კვლევამ შეამოწმა კიდევ ერთი პოსტულატი რუსული პროპაგანდის მესიჯბოქსიდან. რესპონდენტებს ჰკითხეს, თქვენი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს თუ უქმნის ქართულ ტრადიციებსო. მათმა ნახევარმა თქვა „არა”. 39%-მა თქვა „კი”.

რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს რომ უშლის, დარწმუნებულია გამოკითხულთა 42%. კრემლის ნარატივებს „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდასავლური განცხადებები” მოსდევს. მათ ნეგატიურ ზეგავლენას რესპონდენტების 20% ხედავს.

***

კვლევის ფარგლებში, 2020 წლის 10-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1928 ადამიანი გამოიკითხა.

მკვლევრებმა რესპონდენტები დაყვეს ასაკის, შემოსავლის, ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კვლევის ჩატარების ადგილები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა.

რიგ შემთხვევებში ჯგუფების მოსაზრებები განსხვავებული იყო, თუმცა ზოგ საკითხზე მათი პოზიციები ემთხვეოდა. მაგალითად, შედეგების მიხედვით, რაც უფრო უკეთესი განათლება აქვს ადამიანს და რაც უფრო მაღალია მისი შემოსავალი, მით უფრო შემწყნარებელია მისგან განსხვავებული რელიგიის და ეროვნების მქონე ადამიანების მიმართ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG