Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვოტმადიდებლობა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში


სალომე ხვადაგიანი
სალომე ხვადაგიანი

სალომე ხვადაგიანი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი

როდესაც საყვარელი ადამიანი ავადაა, საახლობლოში აუცილებლად ვკითხულობთ, რომელი კლინიკაა საუკეთესო და რომელ ექიმს აქებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს კლინიკაში ექიმთა შორის გენდერული ბალანსი, არც ის - კაცია თუ ქალი ექიმი. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სასამართლო დავაა, განა დაგვამშვიდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი დამცველი ადვოკატი კვოტით ხვდება ჩვენთან? ან რომელი ჭკუათმყოფელი შეუკვეთს სახლის დაპროექტებას კომპანიას, რომელიც აცხადებს, რომ გენდერული კვოტა აქვს არქიტექტორებზე?

ადვოკატებს და არქიტექტორებს - არა, კვოტებს მხოლოდ პარლამენტს ვთხოვთ.

მოარული ფრაზის მიხედვით, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი მიზნებით არის მოფენილი. კვოტებიც, მიუხედავად მათი მომხრეთა კეთილი სურვილებისა, ემსახურება მხოლოდ არსებული მანკიერი სისტემის გაძლიერებასა და თანასწორობის ილუზიური ფასადის შექმნას.

სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია კვოტების სისტემაში ვართ, ოღონდ ეს კლანური კვოტებია. პირადი ღირსების გამო ისედაც ძალიან ცოტა ხვდება პარლამენტში და სია კლანური ერთგულების მიხედვით დგება. კვოტის მომხრეები არსებულ სისტემას კი არ ებრძვიან, უბრალოდ, ახალი სახის კვოტებს ამატებენ.

აქ მთავარი კითხვაა, ვის აქვს ძალაუფლება და კვოტებით როგორ ვაიძულებთ მათ ეს ძალაუფლება გაუყონ კვოტით შეყვანილ ქალებს.

საქართველოში საარჩევნო სისტემა ახალისებს ფეოდალურ პარტიებს, სადაც დახურულ სიას ერთი ან, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი წერს. ძალაუფლებაც მათ აქვთ. პარტიულ სიაში მოსახვედრად სიის დამწერთან კავშირებია საჭირო, განსაკუთრებული ლოიალობა ან ფული. პატრონყმური დამოკიდებულება, ნეპოტიზმი და ადმინისტრაციულ სიკეთეთა პარტიული გამოყენება ქმნის გარემოს, სადაც დამოუკიდებლად, პარტიის მხარდაჭერის გარეშე, გამარჯვება რთულია და დაკავშირებულია დიდ რესურსებთან, რომელიც ცოტას აქვს. არამარტო ქალებს, კაცებსაც.

თუ სიის დამწერი ქალებს კაცების თანასწორად არ აღიქვამს, უფრო საფიქრებელია, რომ კანონის მორგების მიზნით სიაში ჩასვამს “უხმო” და მორჩილ ქალებს - ღილაკზე თითის დამჭერებს დაიმატებს.

ძალაუფლების არმქონე, ფასადური ფიგურების გამოგორების შესანიშნავი მაგალითია სალომე ზურაბიშვილი და მთელი მისი საპრეზიდენტო კამპანია. დამოუკიდებელ კანდიდატ ზურაბიშვილს იმდენი ძალაუფლებაც არ აღმოაჩნდა, რომ საკუთარ ბანერზე მის მაგივრად ივანიშვილი ან კალაძე არ დაეხატათ ან მის ნაცვლად გამარჯვება „ქართული ოცნების“ კაცების კოჰორტას არ მოელოცა.

შეიძლება სამართლიანად იფიქროთ, ისედაც ამდენი უხმო, უენო და მისდღემჩი თავისი ჭკუით გადაწყვეტილების ვერმიმღები კაცი პარლამენტარია და, დიდი ამბავი, რას დაგვაქცევს ასეთს, აქამდე თუ არ დაგვაქცია, გენდერული შემადგენლობა რომ შევცვალოთო.

პარლამენტარის ერთი ხმა, სიტყვა და მისი გაკეთებული სამუშო იმდენად მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელოა, რომ ერთადერთი, გენდერულ შემადგენლობაზე თუ ვინერვიულებთ, თორემ დუხჭირია თუ არა, მაინცდამაინც არ ვღელავთ.

აი, ამას ჰქვია კვოტა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში - არსებული სისტემის მანკიერებას კი არ ვცვლით, არამედ ვერგებით და ვაძლიერებთ ღილაკის დამჭერთა მომრავლებით. ადამიანების, მათ შორის ქალების, მდგომარეობა კი არ უმჯობესდება.

პარტიული ფეოდალიზმის დროს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ან ჯგუფის ხელში ხდება. კლანურ კვოტებს დამატებული გენდერული კვოტები ამრავლებს სიის დამწერის ვალში მყოფ ლოიალურ ადამიანებს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებენ პარტიის ფეოდალებს.

ამიტომაც არის კვოტები არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნე.

მანამდე, სიის შედგენისას, კანდიდატებს რაღაც სიტყვა მაინც ეთქმოდათ, ლოიალურობის ტესტს მეტ-ნაკლებად კი ყველა გადიოდა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური წონა ჰქონდათ, გარკვეული „შენატანი“ საერთო საქმეში და, ამ „შენატანიდან“ გამომდინარე, შეზღუდული, მაგრამ მაინც ძალაუფლება. კვოტის ვალდებულება სიის დამწერს აძლევს საშუალებას პლუს ერთი, პოლიტიკური წონის არმქონე, კვოტის გარეშე რომ ვერ მოხვდებოდა, ისეთი ხმა მიიმატოს, პარტიის დანარჩენ წევრებთან „შენატანის“ არარსებობა კვოტით გაამართლოს და მანკიერი პრაქტიკა კიდევ უფრო განამტკიცოს.

ამასთან, პრობლემის ერთ-ერთი კატალიზატორი ქრება - ფასადური წარმომადგენლობა კიდევ უფრო აღრმავებს სტერეოტიპებს და ქმნის ილუზიას, თითქოს ქალთა წინაშე არსებულ პრობლემებს რამე ეშველა, გვატყუებს, თითქოს ფეოდალებმა ძალაუფლება ვინმეს გაუნაწილეს.

ახლა იკითხავთ, გამოსავალი რაშიაო? მნიშვნელოვანია პარლამენტარი (ქალი და კაცი) ვალში არ იყოს პარტიის ფეოდალთან, მთელი მისი “მოღვაწეობა” სიაში ჩაწერის გამო მადლობის გადახდა არ იყოს და მომავალ სიაში ყოფნის დამსახურებას აწმყოში მორჩილებით არ ცდილობდეს. ამისთვის საჭიროა გადახედვა იმ ბარიერებისა, რომელიც ადამიანს უშლის ხელს კანდიდატად დადგეს, ამომრჩევლამდე მივიდეს. სიის დაწერის ძალაუფლება პარტიული ფეოდალიდან უნდა გადავიდეს ამომრჩევლის ხელში.

ევროპაში კანდიდატის ინდივიდუალური ხმის მიცემისა და პარტიებს შორის პროპორციული გადანაწილების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მათი მთავარი პრინციპი ერთია - პარტიის სახელით ნომინირება შეუძლია ნებისმიერ წევრს პარტიისა, ამომრჩეველი კი არჩევნების დღეს წყვეტს სასურველ პარტიაში რომელი კანდიდატი იყო სიაში. არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებით დგება პარტიულ სიაში კანდიდატთა მიმდევრობა. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის პარტიული ფეოდალები ვეღარ ჩადგებიან გველეშაპის სახით და, შესაბამისად, ვალშიც არავინ იქნება. ყველას ექნება ზუსტად იმდენი ძალაუფლება, რამდენსაც მიანიჭებს ამომრჩეველი.

ქალთა რეალური გაძლიერება ზუსტად სისტემურ რეფორმაშია და არა კვოტების ფასადში.

გარდა ამისა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია იდეოლოგიური პლურალიზმი, მათ შორის რადიკალური ფემინიზმის ადგილიც უნდა იყოს - მე თუ მსურს მთლიანად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ხელი რატომ უნდა შემეშალოს? ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გაერთიანდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, შემდეგ კი უკვე ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი სჭირდება პარლამენტში.

წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეა აზრს კარგავს კვოტებით. თუ ქალების წარმომადგენლობას კვოტით გამოვყოფთ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს სხვა წარმომადგენლობებიც - ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების კვოტები? უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ - ლაპარაკობენ სპეციფიკურ “ქალურ” თემებზე, რასაც ქალად ყოფნის გამოცდილება სჭირდება. პირადი გამოცდილება ვერ მოიცავს ყველა იმ თემას, რომელიც დადგება კანონმდებლის წინაშე. მაშინ შევიყვანოთ ასევე სხვა საჭირო გამოცდილებების მქონე ჯგუფები - გვქონდეს კვოტები ყველა პროფესიის, კუთხის, ქალაქის, სოციალური კლასის წარმომადგენლებისთვის.

ედმუნდ ბერკი ბრისტოლის ამომრჩევლებს, დაახლოებით, ამას ეუბნება: არჩეული წარმომადგენელი მორჩილად კი არ უნდა ასრულებდეს თავისი ამომრჩევლის ინსტრუქციებს, არამედ უნდა იყოს საკუთარი განსჯის, სინდისისა და ღირებულებების ერთგული და ასე ემსახუროს ხალხის ინტერესებს.

ჰოდა, ჩვენც წარმომადგენელი ამის მიხედვით ავარჩიოთ. გარდა იდეური და ღირებულებითი ერთობისა, ჩემს წარმომადგენელს სხვა არც ერთ კომპონენტში არ სჭირდება მე მგავდეს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

XS
SM
MD
LG