„თებერვლის ჯარიმაზე ჩემი სარჩელი განიხილა შსს-მ და დღეს ჩამბარდა გადაწყვეტილება, მაინც გაჯარიმებთო მაშინ, როცა ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას“, - წერს ბასტი მგალობლიშვილი ფეისბუკზე.
მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტრო „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი“.
ჟურნალისტის თქმით, მას პოლიციაში საჩივართან ერთად წარდგენილი ჰქონდა:
- „ცნობა სამსახურიდან, რომ იმ საღამოს ნამდვილად ვმუშაობდი;
- კადრები, სადაც ჩანს, რომ გადაკეტვისას საავტომობილო გზაზე არ ვიდექი და ვიღებდი. ამავე კადრებში ჩანს პრესის ნიშანი;
- იმ საღამოს გადაღებული კადრები“.
როგორც რადიო თავისუფლება იუწყებოდა, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 19 თებერვალს, ტელეფონით დაუკავშირდა. „14 თებერვალს, რუსთაველზე გზას კეტავდით და მობრძანდით, ჩაიბარეთ საჯარიმო ოქმიო“, - უთხრა ზარის ავტორმა ჟურნალისტს.
მგალობლიშვილს გზის გადაკეტვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, ანუ 7 თებერვლის შემდეგ ედავებოდნენ, რის გამოც მისი ჯარიმა პირდაპირ პოლიციამ გამოწერა, - სასამართლო განხილვის გარეშე.
„მაშინვე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და საპროტესტო აქციას ვაშუქებდი-მეთქი. თან ზუსტად მახსოვს ის დღე. როდესაც გზის გადაკეტვა დაიწყო, პარლამენტის წინ, ფეხით სავალ ნაწილზე, მცენარეებისთვის განკუთვნილ შემაღლებულ სივრცეში ვიდექი და ტელეფონით ვიღებდი პროცესს“, - უამბობდა რადიო თავისუფლებას ბასტი მგალობლიშვილი და ამბობს, რომ გულზე ეკეთა დიდი ზომის „ბეიჯი“, რომლის დაფიქსირებაც შსს-ს კამერებს მარტივად შეეძლოთ:
„ეს მომენტი „ტაბულას“ ვიდეოშიც არის დაფიქსირებული. როგორ ვდგავარ ღობეზე, კარგად ჩანს, რომ მიკეთია დიდი ბეიჯი და ასე ვმუშაობ. ღობიდან რომ ჩამოვედი, კარგად მახსოვს, რომ პარლამენტის წინ დავრჩი და გადაკეტილ გზაზე არ გადავსულვარ. მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გადავედი, რადგან ვარდისფერი, გასაბერი ფლამინგო მოიტანეს და იმის გადაღება მინდოდა. გზა უკვე კარგა ხნის გადაკეტილი იყო“, - უთხრა მაშინ ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას.
„მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა - შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას - არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა“, - ასე აფასებს ახლა მგალობლიშვილი საჩივარზე უარს.
„დიახ, მიმიღია აქციებში მონაწილეობა და გზაც გადამიკეტავს მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის, მომავალშიც მივიღებ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ჯარიმა პროფესიულ საქმიანობას ეხება“, - განმარტავს ჟურნალისტი.
ეს არ არის ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობისას დაჯარიმების პირველი შემთხვევა, - არც „პუბლიკის“ შემთხვევაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მაისს დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და ამავე გამოცემის ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პროევროპული აქციების გაშუქების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ კვალიფიკაციით.
30 მაისს 5000 ლარით დააჯარიმეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძეც; მაისის ბოლოსვე დააჯარიმეს მედია „აპრილის“ მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, რომელიც 29 მარტს ქალთა მარშზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება.
ფორუმი