„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 13 თებერვალს, ვერხოვნა რადის სხდომათა დარბაზის ტრიბუნა ალყაში მოაქციეს პოროშენკოს ლიდერობით მოქმედი პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატებმა, რომლებსაც ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერით: „უკრაინა რუსეთი არაა“, „არა ავტორიტარიზმს“, „არა დიქტატურას“.
ხმაურიანი გამოსვლებით ცნობილმა ოლექსი ჰონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი რეჟიმის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
სანქციებს დაგვიანებულად მიიჩნევს თავად უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც 13 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე ქონების დაბლოკვას და სხვა ეკონომიკურ ზომებს, ასევე სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას.
შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული „ათეთრებდნენ ფულს“ და „მილიარდობით გრივნა გაჰქონდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პეტრო პოროშენკოს გარდა, სანქცირებულთა შორის არიან თავის დროზე ზელენსკისთან დაახლოებული მილიარდერი, იგორ კოლომოისკი და ვიქტორ მედვედჩუკი, პრორუსული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ყოფილი ლიდერი.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა მის მიმართ სანქციების დაწესებას უწოდა „ზელენსკის მიერ ქვეყნის შიდა ერთიანობისათვის მიყენებული კოლოსალური დარტყმა“ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას „ევროპული და დემოკრატიული უკრაინისთვის“.
რამ განაცვიფრა ზელენსკი და რატომ გააერთიანა მან ერთ "ქეისში" მედვედჩუკი და პოროშენკო?
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 13 თებერვალს ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგური დაათვალიერა, მის მიერ დამტკიცებული უვადო სანქციების შესახებ საუბრის დროს ორი პირი გამოყო - პეტრო პოროშენკო და ვიქტორ მედვედჩუკი.
„შემოვიღეთ სანქციები და ეს არც პირველი და არც ბოლო პაკეტი არ არის. ნახეთ, რა ხდება. ჩვენ ომში ვართ, ხოლო გარკვეული ადამიანები, მთელი ომის განმავლობაში, ათეთრებენ ფულს და მილიარდობით გრივნა გააქვთ (ქვეყნიდან). ეს დაიწყო 2014-2015 წლიდან... უბრალოდ განცვიფრებული ვარ, რომ ადრე ფინმონიტორინგი არაფერ ამას ჩვენ არ გვიჩვენებდა. მე პირადად ეს (ფული) არ მინახავს. ახლა უშიშროების სამსახური და ფინმონიტორინგი გვიჩვენებენ მილიარდებს. ეს ადამიანები - მედვედჩუკი და პოროშენკო - პარტნიორები არიან ამ ქეისში (საქმეში). მაგრამ მე არ მინდა მათი დადანაშაულება, ამას სასამართლოები გააკეთებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ციტატა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს.
უფრო ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციებზე საუბრის დროს ზოგად ასპექტში ახსენა „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების“ განადგურება გარკვეული პირების მხრიდან.
„ყველამ, ვინც ანადგურებდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს - ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც გამოიმუშავეს არსებითად უკრაინის, უკრაინის ინტერესების, უკრაინის უსაფრთხოების გაყიდვით, უნდა დაიბლოკოს და უნდა გამოყენებულ იქნეს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად“, - განაცხადა 12 თებერვალს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ხელისუფლება საჩვენებლად ურტყამს ოპოზიციის ლიდერს"
ზელენსკისს ხელმოწერილ №81/2025-ე ბრძანებაში უვადო სანქციების ადრესატებად დასახელებული არიან: პეტრო პოროშენკო, იგორ კოლომოისკი, ვიქტორ მედვედჩუკი, მილიარდერი გენადი ბოგოლიუბოვი და კონსტანტინ ჟევაგო, „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელი.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის, ადანაშაულებენ თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაკანონებაში.
გენადი ბოგოლიუბოვი - კოლომოისკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი - უკრაინიდან 2024 წელს გაემგზავრა, როგორც ხელისუფლება აცხადებს, უკანონოდ, ყალბი დოკუმენტებით.
მილიარდერი კონსტანტინ ჟევაგო ეჭვმიტანილია თანხების გაფლანგვაში, რაც უკავშირდება ბანკ „ფინანსები და კრედიტის“ საქმეს. ისიც უცხოეთშია, საფრანგეთმა უარი განაცხადა მის უკრაინაში ექსტრადიციაზე.
უცხოეთში, კერძოდ, რუსეთში ცხოვრობს პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ყოფილი ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
სწორედ მედვედჩუკთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. კერძოდ, საქმე ეხება ნახშირის შესყიდვას უკრაინის კონტროლის მიღმა მყოფ, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
როგორც უკრაინული მედია წერს, თითოეულ მათგანს ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი პოლიტიკური თუ ფინანსური კაპიტალის წყალობით, გარკვეული გავლენა ჰქონდა უკრაინის ცხოვრებაზე.
მაგრამ პეტრო პოროშენკო თავისი ბიოგრაფიით სანქცირებულთა შორის ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად და თავად ვოლოდიმირ ზელენსკის რეალურ კონკურენტად ითვლება.
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 20 მაისამდე. 2019 წელს ის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამარცხა. პოროშენკო არის პარლამენტარი, ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი. Forbes-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევით, პოროშენკო რიგით მესამე იყო უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის კაპიტალით, რომელიც 1,4 მილიარდ დოლარს მოიცავდა. 2021 წელს მისი ქონება შეფასდა 1,6 მილიარდ დოლარად.
ცოტა ხნით ადრე, სანამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრებოდა, პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით. თავად პოროშენკო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით დევნის.
იგივე გაიმეორა პეტრო პოროშენკომ 13 თებერვალს, როდესაც მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ახალი ბრალდება გააჟღერა.
პოროშენკომ მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას „ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ზელენსკი პასუხისმგებელი იქნება ამგვარი გადაწყვეტილების ნებისმიერი უარყოფითი შედეგებისთვის.
ამ მოსაზრებას უკრაინაში ზოგიერთი ექსპერტიც იზიარებს.
„ვითარებაში, როდესაც უკრაინას ყველაზე ძლიერ ესაჭიროება ერთობა, ესაჭიროება შეთანხმებული მოქმედება, - ხელისუფლება ძალიან საჩვენებლად ურტყამს ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც ასეთად უკრაინის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს. ამით ხელისუფლება ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ სჭირდება სხვა რომელიმე პოლიტიკოსის დახმარება. ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან და ის კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთელი ქონება დაუყადაღეს პეტრო პოროშენკოს უფროს ვაჟს - ოლექსი პოროშენკოს, რომელმაც უარი თქვა გადაეხადა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებისთვის დაწესებული 56 ათასი ჰრივნის (დაახლოებით 1328 $) ოდენობის ჯარიმა.
30 იანვარს კი, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის მომხრეებს უკრაინის მმართველი ძალის პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დადანაშაულების ახალი საბაბი მიეცათ. უკრაინის ვერხოვნა რადის სარეგლამენტო კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით, პარლამენტის სხდომებზე დასწრება აუკრძალა ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც პირად საუბარში ვითომცდა შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის დეპუტატ ბოჰდან იარემენკოს.
"ეს ნიშნავს, რომ მე ვერც ფრონტზე ვერ წავალ და ვერც მიუნხენში"
12 თებერვალს პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას არ მისცა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო გერმანიაში, სადაც იგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო მიწვეული და მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა ჰქონოდა.
როგორც პოროშენკომ თქვა, პირდაპირ აკრძალვა მას არ მიუღია, მაგრამ სანქციების შემოღების შემდეგ გამოძიების სახელმწიფო ბიუროსგან მიიღო 15 გამოძახება, რაც 14 თებერვლიდან 28 თებერვლამდე, ყოველ დღეზეა გაწერილი.
„ეს ნიშნავს, რომ მე ვერც ფრონტზე ვერ წავალ და ვერც მიუნხენში“, - განაცხადა პოროშენკომ.
ევჰენ მაგდა მიიჩნევს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოროშენკოს არწასვლა და მისი სანქცირების გამო ატეხილი აჟიოტაჟი თავად უკრაინის პრეზიდენტს შეუქმნის პრობლემას.
„ხვალ იწყება მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია და დამერწმუნეთ, პრაქტიკულად ყველა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ზელენსკის შეხვდება, მას აუცილებლად შეეკითხება პოროშენკოს თაობაზე. მაგრამ ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის არჩევანი და როდესაც დღეს ზელენსკი ლაპარაკობს იმაზე, რომ გარკვეული პირობებით მზადაა სანქციების გაუქმებისთვის, ეს სასაცილოდ გამოიყურება და ნიშნავს, რომ სანქციები უვადოა“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.
13 თებერვალს ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფულის გათეთრების ერთ-ერთ სქემად გამოიყენებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის შექმნილი ფონდები. თუმცა, ამ ფონდებიდან ფული პარტიის წევრებზე გაიცემოდა.
როგორც უკრაინული „24-ე არხი“ წერს, ზელენსკის არ დაუზუსტებია, თუ რომელი პარტიის რომელი წევრები ჰყავდა მხედველობაში. მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ სანქციების ქვეშ მოყოლილ პირებს შეუძლიათ ფონდებიდან გატანილი ფული ბიუჯეტში დააბრუნონ. ეს ფული გადაიგზავნება თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სანქციების მოხსნა.
ფორუმი