Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში თბილისიდან მხოლოდ ოპოზიცია ჩავიდა - ომისა და დაძაბულობის ერთი წელი


კიევში, სიმამაცის ხეივანში, გაიხსნა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელობის ფილა, მისი ვიზიტის აღსანიშნავად. 23 აგვისტო, 2022 წელი.
კიევში, სიმამაცის ხეივანში, გაიხსნა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელობის ფილა, მისი ვიზიტის აღსანიშნავად. 23 აგვისტო, 2022 წელი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღიად თქვეს უარი კიევში მიწვევაზე, რუსეთის ომის წლისთავისთვის. წლევანდელი უარი შარშანდელზე მტკიცეა. ერთი წლის წინ, ყოყმანისა და კამათის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია უკრაინაში მაინც ჩავიდა - ომის ფონზე,  ეს იყო პირველად და ჯერჯერობით - უკანასკნელად. 

2023 წლის 23 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინელ კოლეგებთან „ძალიან თბილი“ ურთიერთობები აქვთ, მაგრამ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერ მოხდა ის, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი“.

უარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ოცნება“ ასახელებს კიევის კრიტიკას საქართველოს ექსპრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან მოპყრობის გამო და ასევე იხსენებს „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებების თემასაც, რაც კიევის მიმართ პრეტენზიების შარშანდელ ჩამონათვალშიც იყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში არც საქართველოში მონაწილეობს.

მხოლოდ ოპოზიცია

ომის წლისთავისთვის, უკრაინაში მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩავიდნენ. „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიწვევა პარტიული ხაზით მიიღეს, უკვე არაერთი შეხვედრა გამართეს და რადაში, 24 თებერვალს, საგანგებო სხდომასაც დაესწრებიან.

22-23 თებერვალს, „ლელოს“ წარმომადგენლები კიევში შეხვდნენ: მმართველი პარტიის, „სლუგა ნაროდას” თავმჯდომარეს - ოლენა შულიაკსა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს; პარტია „გოლოსის“ თავმჯდომარეს, ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტს - ირა რუდიკს. ასევე კიევის მერს - ვიტალი კლიჩკოს. დელეგაციის შეხვედრები გაიმართა ანტიკორუფციულ სააგენტოსა და რადის კომიტეტებში.
„ლელომ“ კიევის მერიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა აჩუქა.

რა რეაქცია აქვთ უკრაინელ კოლეგებს იმაზე, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიპატიჟებაზე უარი თქვეს? - ვეკითხებით დეპუტატ სამადაშვილს. ის გვპასუხობს, რომ "უკრაინა გამარჯვებისთვის ბრძოლაშია ჩართული", "ყველასათვის გასაგებია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი" და "ამაზე ბევრი ენერგიის დახარჯვას არავინ აპირებს". სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველო კარგავს მეტს:

"საქართველომ უკვე ბევრი დაკარგა... სწორად რომ ვყოფილიყავით პოზიციონირებული, შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი გამოწვევების თემის გააქტიურება დღის წესრიგში და ძალიან დიდი ნდობის კრედიტის, თანაგრძნობის, თანადგომის მობილიზება დასავლეთის მხრიდან... ჩვენი ხელისუფლება კი ყოველ დღე თითო ნაბიჯს დგამს იზოლაციისკენ... ნათელია, რომ ამ ომში საქართველოს ხელისუფლება არ არის უკრაინის მხარეს".

ხელისუფლების უარის შემდეგ, კიევში ჩასვლა გადაწყვიტეს ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "დროას" წარმომადგენლებმა.

"24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის სახელით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე კიევში ვიქნები", - დაწერა ფეისბუკზე პარტია "დროას" ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ.
თბილისში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები არიან: "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლება".

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პირველად და უკანასკნელად, უკრაინაში 2022 წლის აპრილში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბედი, ბოლო წუთამდე, მაშინაც ბუნდოვანი იყო.

შესაძლებლის მაქსიმუმი

„ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ მაქსიმალურად სოლიდარულია და ოკუპაციის პირობებში, აკეთებს მაქსიმუმს, იქნება ეს - საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერა; ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება თუ დევნილების შეფასება.

"არცერთხელ ჩვენ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით, თუ იქნებოდა ეს საქმით... ეს არის ის, რასაც აჩვენებს საქართველო, რასაც აჩვენებს ქართველი ხალხი", - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, დღეს, 1921 წელს შემოჭრილ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების მემორიალთან.

კიევის განცხადებებში ხშირად შეიმჩნევა გავლებული მკაფიო ზღვარი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის მასშტაბი 24 თებერვალს, აქციაზე გამოჩნდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში არც საქართველოში მონაწილეობს.

EECMD-ის („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“) ინფორმაციით, პარლამენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ თავდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვეს მათი მიწვევა საერთაშორისო კონფერენციაზე - "რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი".

„გულწრფელად ვწუხვართ, რომ ამ კონფერენციას ვატარებთ ჩვენ და არა საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი... ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინის მიმართ... თუ ამას ვერ გრძნობს მთავრობა, ამას გრძნობს სამოქალაქო სექტორი, რომელიც გამორჩეულია დამოუკიდებლობით, პროფესიონალიზმითა და თავისი გამჭვირვალობით", - თქვა 23 თებერვალს EECMD-ის ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ. ორგანიზაციის შეფასებით, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ამჟამად "ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა“ და ვითარება სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

საერთაშორისო კონფერენციის ("რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი") ორგანიზატორთა შორის, EECMD-თან ერთად, იყვნენ ჰოლანდიის საელჩო უკრაინაში და უკრაინის საელჩო საქართველოში, რომელთანაც, ბოლო დროს, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობები აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

სიმამაცის ხეივანი

უკრაინელებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების თითოეული ვიზიტი - ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად აღნიშნავენ და ამაზევე მეტყველებს კიევში გახსნილი სიმამაცის ხეივანიც. ის მოფენილია ფილებით, რომლებზეც მსოფლიო ლიდერთა სახელები, გვარები და მათი სტუმრობის თარიღებია დატანილი.

სიმამაცის ხეივანში უკვე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელობის ფილაც განათავსეს, 2023 წლის 20 თებერვალს, მისი კიევში სტუმრობის აღსანიშნავად.

ამავე ხეივანშია ამერიკელი მსახიობის, შონ პენის სახელობის ფილაც.

„პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელი ამ ხეივანში მარადიულად დარჩება. ეს არის სიმამაცის სიმბოლო, მეგობრობის სიმბოლო, უკრაინის მხარდაჭერის სიმბოლო იმ დროს, როცა ეს მართლაც საჭიროა“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2022 წლის 23 აგვისტოს, როცა სიმამაცის ხეივანი გაიხსნა და იქ პირველი, პრეზიდენტ დუდას სახელობის ფილა განათავსეს.

2022 წლის აგვისტოში პოლონეთის პრეზიდენტი, ომის დაწყების შემდეგ, უკვე მესამედ სტუმრობდა კიევს.
ფილებზე დატანილია ამა თუ იმ ლიდერის პირველად სტუმრობის თარიღი. დუდას შემთხვევაში, პირველი სტუმრობა 2022 წლის 13 აპრილით თარიღდება.

უკრაინის ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს და ეს, 22 თებერვალს, გაეროს ტრიბუნიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც თქვა, რომ დღეს არსებულ ვითარებაში, ქვეყნებისთვის შეუძლებელია ერთდროულად ჰქონდეთ კარგი ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან.

„ამ ომში არ არსებობს ორი თანაბარი მხარე. არსებობს მხოლოდ აგრესორი და მისი მსხვერპლი. მესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ უკრაინის მხარდაჭერა სხვადასხვა მიზეზით. მაგრამ საქმე შეეხება არა უკრაინის, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წესდების მხარდაჭერას... ეს ნიშნავს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას; ეს ნიშნავს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერას. ეს არის ჩვენი საერთო წესები და ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული მათი დაცვით, რუსეთის ფედერაციის გარდა“, - განაცხადა კულებამ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის აღსანიშნავად.​

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG