Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კისელიოვის „ტაფიდან“ ნატომდე. პეტრო პოროშენკოს პორტრეტი


უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო განაგრძობს ბრძოლას პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევისთვის. პირველ ტურში მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 15,95%-მა, მაგრამ 21 აპრილს განმეორებით კენჭისყრამდე იგი, გამოკითხვების თანახმად, საგრძნობლად ჩამორჩება კომიკოს მსახიობ ალექსანდრ ზელენსკის.

რადიო „თავისუფლებამ“ შეისწავლა პეტრო პოროშენკოს ბიოგრაფია, შემოსავლებისა და ქონების შესახებ არსებული დეკლარაციები, საქმიანი აქტივების სია, გაანალიზა მისი მიღწევები და პირველ საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული სკანდალები.

პროფესია

პეტრო პოროშენკო დაიბადა 1965 წელს ოდესის ოლქში მდებარე ბოლგრადის რაიონულ ცენტრში. 1980-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა საბჭოთა არმიაში ყაზახეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ამ მიზეზის გამო, პ. პოროშენკომ უმაღლესი განათლება თანატოლებზე უფრო გვიან მიიღო. 1989 წელს ჩაირიცხა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, სადაც იმხანად ასევე სწავლობდა საქართველოს მომავალი (ახლა უკვე ყოფილი) პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სტუდბილეთის აღებიდან ზუსტად ერთ წელიწადში პ. პოროშენკომ გახსნა პატარა ფირმა, რომელიც ადგილობრივ წარმოებებს ეხმარებოდა უცხოურ კომპანიებთან ვაჭრობაში, შემდეგ კი ხელი მიჰყო კაკაოს მარცვლების შემოტანას რამდენიმე საბჭოთა ფირმისათვის, რომლებიც შემდეგ მის საკუთრებაში გადავიდა.

იმხანად პ. პოროშენკოს საქმიანი პარტნიორი იყო ოლეგ სვინარჩუკი, იგივე ოლეგ გლადკოვსკი (მან გვარი გამოიცვალა). მისი შვილი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა რუსეთიდან კონტრაბანდული სამხედრო დანიშნულების ნაწილების შემოტანაში ამხილეს.

ოლეგ სვინარჩუკ-გლადკოვსკი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობს პ. პოროშენკოს კორპორაცია „ბოჰდანს“, რომელიც მთელი უკრაინის მასშტაბით უშვებს მცირე ზომის ავტობუსებს კერძო გადამზიდავებისათვის .

სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული პ. პოროშენკოს მიერ აგებულ ბიზნესიმპერიაში შედის რამდენიმე მსხვილი კომპანია, საკონდიტრო ფაბრიკები ოთხ ქვეყანაში ( უნგრეთში, ლიტვაში, რუსეთსა და უკრაინაში), რამდენიმე ტელე-რადიოკომპანია, მათ შორის „მე-5 არხი“, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო საწარმოები.

ოჯახი

პეტრო პოროშენკოს ჰყავს ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი. უფროსი შვილი - ალექსეი, უმაღლესი რადის დეპუტატია პეტრო პოროშენკოს ბლოკ „სოლიდარობის“, სიით. ალექსეის დამთავრებული აქვს იტონისა და ვინჩესტერის კოლეჯები, ასევე ლონდონის ეკონომიკის სკოლა. გავრცელებული ინფორმაციით ალექსეი დონბასში მოწინავე ხაზზე იბრძვის საარტილერიო ქვედანაყოფის რიგებში.

მარია პოროშენკო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი ტაძრის მრევლი იყო, მაგრამ მეუღლის შეხედულების გავლენით შეიცვალა ეპარქია.

ბრიტანული განათლება აქვს მიღებული უკრაინის პრეზიდენტის ყველა შვილს.

სხვათა შორის, პ. პოროშენკოს ქალიშვილების - ევგენიასა და ალექსანდრას - ნათლია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოა.

პეტრო პოროშენკოს ცოლი მარია - უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი პერევედენცევის ქალიშვილია. მას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და ერთხანს ექიმად მუშაობდა კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

კიდევ ერთი შტრიხი: მარია პოროშენკო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი ტაძრის მრევლი იყო, მაგრამ მეუღლის შეხედულების გავლენით შეიცვალა ეპარქია. სწორედ პ. პოროშენკოს ცოლმა მარიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათი შვილი ალექსეი დონბასში მოწინავე ხაზზე იბრძვის საარტილერიო ქვედანაყოფის რიგებში.

ქონება და ბიზნესი

საშემოსავლო და ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გარდა ზემოჩამოთვლილი საწარმოებისა, პეტრო პოროშენკო ფლობს 1500 კვარდატული მეტრი ფართობის კერძო სახლს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და სამ ბინას.

უკრაინის პრეზიდენტის პირად საკუთრებაშია ასევე 2010 წლის გამოშვების ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ და 2008 წლის გამოშვების „იაგუარი“.

2018 წელს პ. პოროშენკოს დივიდენდებმა შეადგინა 1,5 მილიარდი ჰრივნა (დაახლოებით 55 მილიონი დოლარი). პ. პოროშენკოს აქვს ექვსი მდიდრული მაჯის საათი, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო გადაღებაზე იგი ხელზე „iWatch“-ით გამოჩნდა.

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ნაციონალიზებული იქნა პ. პოროშენკოს კუთვნილი სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ ობიექტში გაარემონტებს რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემებს.

რუსეთში პ. პოროშენკოს კუთვნილებაში რჩება ლიპეცკის საკონდიტრო ფაბრიკა, რომელიც მიწის ნაკვეთთან და სხვა აქტივებთან ერთად 2015 წლიდან დაპატიმრებულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, როგორც ამბობენ, საგადასახადო დავალიანების გამო.

ყველაზე სადავო აქტივი პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პ. პოროშენკოსთვის ტელეკომპანია „მე-5 არხია“. პ. პოროშენკო ამტკიცებს, რომ სხვა ბიზნესმენებისაგან განსხვავებით, არასოდეს არ დაუდვია მისი გაყიდვის პირობა , ვინაიდან ამ არხმა, მისი თქმით, დიდი როლი ითამაშა „ნარინჯისფერ“ და „ღირსების“ რევოლუციებში.

რეიტინგების თანახმად, ამ ტელეკომპანიას უპირატესობას ანიჭებს ტელემაყურებელთა 0,3%-ი.

რაც შეეხება სხვა აქტივებს, პ. პოროშენკომ პირობა დადო, რომ მათგან გათავისუფლდებოდა 2014 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მაგრამ მას ბიზნესი არ გაუყიდია. ამ ინტერვიუში კი ის ამტკიცებს, რომ იგი უკრაინის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც თავისი აქტივები მიჰყიდა ტრესტს, რომლის მმართველობასთანაც მას არაფერი აკავშირებს.

პოლიტიკური შეხედულება

პეტრო პოროშენკო იყო ინიციატორი იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსის ურყეობა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთა პარტნიორობის განმტკიცების პროგრამას. იგი ითვალისწინებს უკრაინის არმიის მოდერნიზებას ნატოს სტანდარტებზე, რაც უკრაინას დაეხმარება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაში, რომელიც ალიანსში ეტაპობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს.

პოროშენკოს საარჩევნო ბანერი ლვოვში
პოროშენკოს საარჩევნო ბანერი ლვოვში

პეტრო პოროშენკო ასევე ემხრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას და რეფორმების გაგრძელებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში.

თუმცა, პ. პოროშენკო ამ შეხედულებებს, როგორც ჩანს, ყოველთვის როდი იზიარებდა. 2014 წლის მოვლენებამდე იგი იყო კლუბ „ტაფის“ ("Сковорода") წევრი, რომელიც ჰოლდინგ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი კისელიოვმა დაარსა.

კლუბში იწვევდნენ რუსებსა და უკრაინელებს „ერთმანეთთან ყოველგვარი ფორმალობების გარეშე საურთიერთოდ“. კისელიოვი ასეთ შეხვდრებზე გამოდიოდა შეფ-მზარეულის როლში და სტუმრებს საკუთარი ხელით მომზადებული კერძებით უმასპინძლდებოდა.

2015 წელს გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილია კლუბის ერთ-ერთი შეხვედრა, რომელზეც კისელიოვი შემწვარი კარტოფილით უმასპინძლდება პეტრო პოროშენკოსა და კიეველ ჟურნალისტ ოლესია ბუზინას. ეს უკანასკნელი, - რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხის სამთა კავშირის, ე.წ. „რუსული სამყაროს“ იდეის დამცველი - 2015 წლის გაზაფხულზე მოკლეს, როგორც ვარაუდებენ, ულტრამემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო მეთაურის პოსტზე გატარებულ ხუთ წელს პ. პოროშენკო თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლებს უწოდებს. იგი საკუთარ თავს ოლიგარქად არ მიიჩნევს, ვინაიდან ოლიგარქები, მისი აზრით, არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას გამდიდრებისათვის იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG