ფოტოზე რუსი ჯარისკაცი ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალისკენ მიდის. ნახევარი წლის შემდეგ რუსული კანონმდებლობით, კიჩიგინაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მუხლით „ომის ფეიკები“. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქმე უკრაინასთან ომს არ ეხებოდა.
ამბავი, რომლის გამოც ადრე არ ასამართლებდნენ
კიჩიგინას საქმეს უფლებადამცველები პრეცედენტულს უწოდებენ. მასში ორი ეპიზოდია: პირველი: ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის მიერ 2022 წელს დაწერილი მასალის გაზიარებას ეხება. მასალა ბუჩაში მომხდარის ანალიზი იყო. მეორე: 2008 წლის ომი საქართველოში. თავად კიჩიგინა ამბობს, რომ მისი დევნა სწორედ მეორე ეპიზოდიდან დაიწყო. მის სოციალურ ქსელში უამრავი პუბლიკაცია იყო უკრაინაზე, ომის საწინააღმდეგო პოზიციითა და მოწოდებებით, ბრძოლა შეეწყვიტათ, მაგრამ გამოძიებამ სწორედ საქართველოზე დაწერილი პოსტი შეარჩია.
ახალი აბსურდი
„ეტყობა არ იცოდნენ, რას ჩასჭიდებოდნენ. ყველაფერი დაათვალიერეს და გადაწყვიტეს: „მაგარია, ეს გვინდა!“. ძალიან უცნაურია, რომ გამომძიებელმა მიიჩნია, რომ ეს ეპიზოდი სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად ივარგებდა“, - ამბობს ვალერია.
„ფეიკების კანონი“ - ასე უწოდებენ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3-ე მუხლს. ის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთვის“. კანონი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისას მიიღეს. უფლებადამცველი ორგანიზაციის „OVD-INFO-ს“ მონაცემებით, 2025 წლის აპრილამდე ამ მუხლით 401 ადამიანი გაასამართლეს.
ჟურნალისტი ჰყვება, ადვოკატი საქმის მასალებს რომ გაეცნო თქვა, ეს რაღაც ახალი აბსურდიაო.
„მომწერა: „პირველად ვხედავ მსგავს რამეს. სრული **ლეობაა“, ბოდიში - ეს ციტატა ჩემი ადვოკატისაა... შემდეგ ფეისბუკში კომენტარები წავიკითხე ამ ამბავზე, ქართველები წერდნენ: „გამოდის, რომ ქართველები, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, შეიძლება ამის გამო გაასამართლონ?“
ვალერია ჰყვება, რომ მტკიცებულებად გამოძიებას მოაქვს რუსეთის პრეზიდენტის (2008 წელს) დმიტრი მედვედევის განცხადება „სამშვიდობო ოპერაციაზე, მშვიდობის იძულების მიზნით“.
„ჩვეულებრივ ხომ პუტინს ეყრდნობიან, რადგან უკრაინაა, აქ კი დაწერეს: „ოპერაცია იყო სამშვიდობო ხასიათის. მას შემდეგ, რაც 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საბჭომ რუსეთს დახმარება სთხოვა. [ეს ოპერაცია] საქართველოს აგრესიის პასუხი გახდა. დმიტრი მედვედევმა, რომელიც კონფლიქტის გაჩენისას უმაღლესი მთავარსარდალი იყო, ნებართვა გასცა გამოეყენებინათ რუსეთის შეიარაღებული ძალები აღნიშნულ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რომლის მიზანი იყო ქვეყნის ინტერესების, რუსი მშვიდობისმყოფელებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების დაცვა“, - კითხულობს ტექსტს ვალერია.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კიჩიგინამ თავისი პუბლიკაციებით „შეარყია და დააკნინა რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი საზოგადოებაში, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ პუბლიკაციებსა და ვიდეოჩანაწერებს გაცნობილ მოქალაქეებს გაუჩნდა შფოთვის, შიშის, მღელვარებისა და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის განცდა“.
რუსი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ლოგიკა შესაძლოა სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებზეც გავრცელდეს, სადაც რუსეთი მონაწილეობდა - ჩეჩნეთზე, სირიაზე, დნესტრისპირეთზე - იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების ოფიციალური ვერსია დაფიქსირებულია სახელმწიფო რესურსებზე. „აქ, მაგალითად, ბმული იყო რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე“, - ამბობს ჟურნალისტი.
ადვოკატი ვალერია ვეტოშკინა, რომელიც OVD-Info-სთან თანამშრომლობს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კიჩიგინას საქმე სიმბოლური და მნიშვნელოვანი მაგალითია სამართალწარმოებისთვის.
„გამოძიებამ, ფაქტობრივად, გააფართოვა მუხლის მოქმედების საგანი სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებზეც, სადაც რუსეთი მონაწილეობდა, მათ შორის უკვე დასრულებულებზე… ეს ყველაფერი გადადის უფრო ფართო ტენდენციაში - კანონმდებლობას იყენებენ ისტორიის ერთიანი, სახელმწიფო ვერსიის ჩამოსაყალიბებლად და ომისა და მშვიდობის საკითხებზე საჯარო დისკუსიის შესაზღუდად“, - ციტირებს OVD-Info.
„ფეიკებისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„სამძებრო ღონისძიებები“ ძიების გარეშე
საქმის მასალების მიხედვით, კიჩიგინას მიმართ ოპერატიული ღონისძიებები დაიწყო 2023 წლის აგვისტოში, როცა იგი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ისტორიის გამოქვეყნებიდან კიდევ ორიოდე კვირა თავისუფლად დადიოდა ქვეყანაში: გაფრინდა უფიდან მოსკოვში, შემდეგ ვლადიკავკაზში და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაკვეთა საზღვარი „ზემო ლარსზე“.
„საზღვარზე ჩემთან ნული კითხვა ჰქონდათ. არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მოხდა. რამდენიმე წუთში გამატარეს“, - ამბობს ვალერია.
სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ორი თვის მერე, რაც „დოჟდზე“ გავიდა მისი რეპორტაჟი ბაიმაკის საქმეზე, რომელიც ბაშკირეთში პროტესტებთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესს ეხებოდა.
2025 წლის 21 იანვარს სამართალდამცავებმა მოსკოვში მისი ბინა გაჩხრიკეს.
„გვიან ღამე დედამ დამირეკა. თავიდან, როგორც ყველა ემიგრანტს, გამიელვა, რომ ვიღაც მოკვდა. ძალიან შემეშინდა, ბებია ხომ არ გარდაიცვალა-მეთქი. რომ მითხრეს, ჩხრეკა იყო და შენზე სისხლის სამართლის საქმე აღძრესო, ცოტა ამოვისუნთქე კიდეც. ეს უფრო ნაკლები უბედურებაა, ვიდრე ახლობლის სიკვდილი,“ - ასე იხსენებს ვალერია იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
კიჩიგინა დარწმუნებულია ეს არის რეაქციაა მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე:
„ჩემი მოწმეები დეტალურად გამოჰკითხეს ბაიმაკის საქმეზე. ბაშკირეთზე დასმული ეს კითხვები, პროტესტი და „დოჟდი“ რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ შემთხვევით მოვხვდი რეპრესიული წნეხის ქვეშ. მაგრამ დედაჩემსაც კი მისდიოდა შეტყობინებები, მაგალითად: „დაბრუნდეს უფაში, ჩაუშვას „დოჟდის“ ხელმძღვანელობა და პირობით სასჯელს მისცემენ. მშვიდად იცხოვრებს“. ვერ გავიგეთ, ვერც მე, ვერც დედამ, ვერც ადვოკატმა, ვინ სად უნდა „ჩავუშვათ“ და საერთოდ რას ნიშნავს ეს ბოდვა“.
ბაიმაკის საქმე - ზოგადი დასახელებაა სისხლისა და ადმინისტრაციული საქმეებისა, რომლებიც აღიძრა ბაიმაკში (ბაშკირეთი) მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 2024 წლის იანვარში.
აქციების მიზეზი გახდა ბაიმაკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან ბაშკირელ აქტივისტ ფაილ ალსინოვს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს მტრობის ან სიძულვილის გაღვივებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
სასჯელის გამოცხადების დღეს, სასამართლოსთან და ქალაქის ცენტრში სტიქიური მასობრივი აქციები გაიმართა. თვითმხილველებისა და უფლებადამცველების შეფასებით, მათში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციებს თან ახლდა შეტაკებები სამართალდამცავებთან და მასობრივი დაკავებები.
საგამოძიებო კომიტეტმა და პოლიციამ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის მუხლებით: მასობრივი უწესრიგობის მოწყობა; ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლებზე; ექსტრემისტული მოწოდებები და არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობა.
„მათ იქ 15 წელი ემუქრებათ - უზარმაზარი სასჯელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც არასდროს დაინტერესებულა პოლიტიკით. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან სცდება ნორმალურობის ფარგლებს. ხალხს იმის გამო ასამართლებენ, რომ სპეცრაზმელს თოვლის გუნდა ესროლეს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც ხელისუფლებას არ ემხრობა და ისეთებიც, ვინც მომხრეა. მაგრამ ყველანი ერთ ქვაბში მოხარშეს.
ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, რადგან ეს ჩემი მშობლიური რესპუბლიკაა და ჩემი ვალია. გრძელი რეპორტაჟი გადავიღეთ. ძალიან ბევრს ვწერ და ვლაპარაკობ ამაზე ჩემს ინსტაგრამზე. დარწმუნებული ვარ, სისხლის სამართლის საქმე სწორედ ამის გამო აღძრეს. სხვა მიზეზებს ვერ ვხედავ. რატომ უნდა აღეძრათ ჩემს წინააღმდეგ საქმე სწორედ უფაში? იქ უკვე 2015 წლიდან აღარ ვცხოვრობ. მხოლოდ ერთი მიზეზია, რადი ხაბიროვს (ბაშკირეთის ხელისუფლების მეთაური) ეს რეპორტაჟი ძალიან არ მოეწონა და თქვა, ამას რამე მოუხერხეთო“, - ამბობს კიჩიგინა.
ემიგრაცია არცთუ უსაფრთხო ქვეყანაში
კიჩიგინამ „დოჟდზე“ მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო, ნახევარი წლით ადრე, სანამ მას რუსეთში დახურავდნენ. მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა.
„ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამენაირად მაინც მომეხდინა გავლენა იმაზე, რაც რუსეთში ხდებოდა. ჩემთვის სულერთი არაა, რაც ქვეყანაში ხდება და რასაც ჩემი თანამოქალაქეები ეხებიან. მინდოდა მელაპარაკა ამაზე და ამგვარად დავხმარებოდი. სწორედ ეს არის ჟურნალისტიკა და მისი მთავარი მიზანი.
მაშინაც კი, როცა ომი დაიწყო და „დოჟდი“ დაიხურა, რუსეთში დავრჩი. მეჩვენებოდა, რომ შიგნიდან შევძლებდი რაღაცის შეცვლას. რამეს მაინც გავაკეთებდი“.
ომის დაწყების შემდეგ კიჩიგინა კოლეგებთან და ახლობლებთან ერთად ომის საწინააღმდეგო მიტინგებზე დადიოდა. მობილიზაციის გამოცხადების მერე, 21 სექტემბერს, ქმართან ერთად ისევ გამოვიდა არბატის აქციაზე. დააკავეს. ამბობს, რომ ცდილობდნენ, მეუღლისთვის ომში გასაწვევი გადაეცათ, ის კი არ იღებდა. კიჩიგინა ჰყვება, რომ ამის შემდეგ მუქარები წამოვიდა: მას სისხლის სამართლის საქმით ემუქრებოდნენ დისკრედიტაციისთვის, მის ქმარს კი - სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო, რაც ათ წლამდე პატიმრობით ისჯება.
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რუსეთში ვეღარ დარჩებოდა.
„როდესაც წავედით, ჩემთვის მთავარი ტკივილი ის იყო, რომ რუსეთის დატოვება არასდროს მინდოდა. ჩემს სახლად მივიჩნევდი და მინდოდა, განვითარებაში დავხმარებოდი, პრობლემები მომეგვარებინა, გამოვდგომოდი. იძულებითი გამგზავრება დიდი დანაკარგი და დარდი იყო. მაგრამ ვხვდებოდი, რომ მაშინ სხვაგვარად არ შეიძლებოდა“.
ვალერია მეუღლესთან ერთად საქართველოში გადმოსახლდა. ჟურნალისტი თითქმის სამი წელია თბილისში ცხოვრობს და მას მეორე სახლს უწოდებს. თუმცა უსაფრთხოდ თავს არც აქ გრძნობს. ემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა კიდევ სხვაგან მოუხდეს გადასახლება.
„ახლა აქ ჩემი დარჩენა შეუძლებელია. სანამ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ, სულ სხვა გეგმები მქონდა. დარჩენას ვაპირებდი. ბინადრობის უფლება მქონდა. ყველაფერი მოვაწყვე. მართლაც მინდოდა აქ მეცხოვრა, ძალიან მიყვარს თბილისი, ჩემთვის ის მართლაც მეორე სახლია. მაგრამ ახლა ეს უსაფრთხო არაა, მართლა საშიშია, რადგან გაუგებარია „ქართული ოცნება“ რას იზამს... სახლში რომ მიდიხარ, აქეთ-იქით იყურები, ვინმე ხომ არ მოგყვება. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც რუს აქტივისტებზე საქმე მხოლოდ იმის გამო აღძრეს, რომ ისინი აქტივისტები არიან. ასე შიშის ქვეშ ცხოვრება ძალიან მძიმეა. ამისთვის მზად აღარ ვარ, აღარ მაქვს ამის ძალა“.
მიზეზი სიამაყისთვის
ვალერია ამბობს, რომ თავიდან სისხლის სამართლის საქმე მისთვის პირადი კატასტროფა იყო.
„ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრებაც მოვსპე და ჩემი ოჯახისაც“.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, ბევრმა მისწერა გასამხნევებლად, მათ შორის, საქართველოდან. ერთი-ორჯერ ქუჩაშიც გადაუხადეს მადლობა გამოთქმული პოზიციისთვის.
„მივხვდი, რომ ტყუილად მგონია თავი მსხვერპლი. შესაძლოა ეს სიამაყის მიზეზიც იყოს“, - ამბობს ვალერია.
ზუსტად რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე, ოღონდ უკვე 2025 წლის აგვისტოში, ჟურნალისტი ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს.
„მაინც, როგორ უყვართ ეს სიმბოლიზმები“, - იცინის ვალერია.
ფორუმი