Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევის გამო

ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით“
ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით“

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის, ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის ლიდერთან საუბრისას „შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრი.

„ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში.

ამავე წყაროს თანახმად, მხარეებმა „ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.

ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის თანახმად, ირაკლი კობახიძემ „მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის დრონების მიერ აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმა“ და „სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხს“.

ამავე წყაროს თანახმად, ალიევმა მას „სატელეფონო ზარისა და გამოვლენილი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა“.

ბოჭორიშვილისა და ბაირამოვის საუბარი

მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს - ამავე საკითხზე.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მოკლე ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე“.

  • არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობებში არ არის ნახსენები ირანის ისლამური რესპუბლიკა.
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევას და მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს ისრაელს, რომელსაც „სიონისტურ რეჟიმს“ უწოდებს.
  • ირანის უარყოფას „მიუღებელს“ უწოდებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს თანახმად, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანზე შეტევისთვის გამოიყენეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა.
  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოელიან, რომ ირანის არმია შეწყვეტს უარყოფას, ბოდიშს მოიხდის და ირანის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ დამნაშავეთა დასჯას.

რა მოხდა ნახიჩევანში

5 მარტს ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, დაზიანდა აეროპორტი და დაიჭრა 2 ადამიანი.

აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს, თეირანი კი ხელს ისრაელისკენ იშვერს და ამბობს, რომ თავად არ შეუტევია. ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების საუბრიდან გაირკვა, რომ გამოძიება ირანმაც დაიწყო.

აზერბაიჯანი, - რომელმაც მობილიზაცია გამოაცხადა და ირანთან ყველა ტიპის სახმელეთო მიმოსვლა აკრძალა, - ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დავალებული აქვთ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება.

ალიევმა ისევ გაიმეორა, რომ აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც ახლა მიიღებს მონაწილეობას ირანის საწინაღმდეგო ოპერაციაში, მაგრამ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანი იცავდა და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას,

აზერბაიჯანში ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა შემთხვევითი იყოს.

ეს ყველაფერი ხდება ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე.

  • შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG