Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლიმაში ვარლამ შალამოვის მუზეუმი დახურეს


ვარლამ შალამოვი
ვარლამ შალამოვი

კოლიმაში „კოლიმური მოთხრობების“ ავტორის, მწერალ ვარლამ შალამოვის მემორიალური ოთახი დახურეს. მინიმუზეუმი სოფელ დებინში მდებარეობდა. ის 2005 წელს, მწერლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივ საავადმყოფოში გაიხსნა.

ამ საავადმყოფოში შალამოვი სტალინური რეპრესიების დროს გაგზავნეს, შიმშილისგან და გულაგში შრომისგან სიკვდილის პირას მისული. ფორმალურად მუზეუმი მაგადანის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ დახურა, თუმცა სინამდვილეში რეზოლუცია „ზევიდან“ მოვიდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადგილობრივმა ჟურნალისტმა შალამოვის მუზეუმი, მასთან ერთად კი საავადმყოფო მოინახულა. შემდეგ კი დაწერა, რომ შენობა ავარიულია. თუმცა, დახურვით, რატომღაც, მემორიალური ოთახი დახურეს.

„არჩევნების წინ ხელისუფლებას ხმაური რაში აწყობდა? ქვეშევრდომებს ხმა მიაწვდინეს, იმათ, თავის მხრივ, მუზეუმზე გადატეხეს ჯოხი. როგორც ვიცი, მინისტრმა მთავარ ექიმს დაახურა თავზე, შემდეგ გუბერნატორიც ჩაერთო. საბოლოოდ, მუზეუმი, რომელიც ხალხის, მხარეთმცოდნეების, ისტორიკოსების მიერ 20 წელი იქმნებოდა, დახურეს“, - ამბობს მხარეთმცოდნე ივან ჯუხა.

კოლიმაში შალამოვი 1937 წელს მოხვდა, როდესაც მეორედ დაიჭირეს და „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული საქმიანობისთვის“ 5 წელი მიუსაჯეს. შალამოვი ოქროს მაღარო „პარტიზანში“ მუშაობდა. მუშაობდა ნახშირის მოპოვებაზეც. 1943 წელს ის „ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის“ მესამედ გაასამართლეს და 10 წელი მიუსაჯეს.

ეს სასჯელი ყველაზე რთული აღმოჩნდა. 1943 წლის ბოლოს შალამოვი საავადმყოფოში აღმოჩნდა, სილთმობრძავი: „სრულიად უმწეო და დაუძლურებული მაღაროდან საავადმყოფოში მივდიოდი და მერე მაღაროში ვბრუნდებოდი. დიდხანს ვიწექი კოლიმის საავადმყოფოებში, სანამ ჩემი გაჩერება შეეძლოთ, მანამდე“.

საავადმყოფო დებინში
საავადმყოფო დებინში

შალამოვი ექიმმა ანდრეი პანტიუხოვმა გადაარჩინა, ფერშლობის კურსებზე მოაწყო. მისი დასრულების შემდეგ, 1946 წელს, შალამოვი სოფელ დებინში მივიდა, სადაც ქირურგიულ განყოფილებაში ფერშლად მუშაობდა.

ექიმთან პირველ შეხვედრას შალამოვი აღწერს თავის მოთხრობაში „დომინო“:

„საკაცეზე დამაწვინეს. ჩემი სიმაღლე 190 სანტიმეტრია. ნორმალური წონა 90 კილო... იმ ყინვიან საღამოს მე 60 კილოღა ვიყავი, მხოლოდ კანი, ხორცი, შინაგანი ორგანოები და ტვინი.

- ანდრეი მიხაილოვიჩი მქვია, - თქვა ექიმმა, - არაფერი გჭირთ სამკურნალო.

მუცელში ტკივილი ვიგრძენი.

- ჰო, - გაიმეორა ექიმმა ხმამაღლა, - არაფერი გჭირთ სამკურნალო. ჭამა და ბანაობა გჭირდებათ. თქვენ უნდა იწვეთ, იწვეთ და ჭამოთ. მართალია, ჩვენი ლეიბები ბუმბულის არაა, მაგრამ ამას არა უშავს. თქვენ კიდევ რა გიჭირთ, იტრიალეთ და ნაწოლები არ გაგიჩნდებათ. ორი თვე იწექით და ამასობაში გაზაფხულდება კიდეც“.

მოთხრობაში „კურსები“ შალამოვი იხსენებდა:

„ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა სიფონის ოყნა, ბობროვის აპარატი, სკალპელი, შპრიცი... ათასი ისეთი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი - საჭირო, აუცილებელი, ხალხისთვის გამოსაყენებელი რაღაცები“.

ვარლამ შალამოვი
ვარლამ შალამოვი

1949 წელს შალამოვმა ერთი წელი ხის ჭრაზე იმუშავა, შემდეგ ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა ფერშლად.

1951 წლის შემოდგომაზე შალამოვი გაათავისუფლეს, მაგრამ კიდევ ორი წელი ფერშლად მუშაობდა. კოლიმის დატოვება მხოლოდ 1953 წელს შეძლო და „კოლიმურ მოთხრობებზე“ მუშაობა დაიწყო. როგორც ყოფილ პატიმარს, მოსკოვში ერთ დღეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ ჰქონდა. კოლიმიდან დაბრუნების შემდეგ ორი წელი სოფელ თურქმენში ცხოვრობდა, მოსკოვის რეგიონში.

1955 წელს შალამოვმა რეაბილიტაციის მოთხოვნით გენპროკურატურაში განცხადება შეიტანა. ის რეაბილიტირებულ იქნა. მოსკოვში გადავიდა და ერთი წლის შემდეგ ჟურნალმა „ალამმა“ მისი ლექსები დაბეჭდა. 1966 წლიდან შალამოვის თხზულებები უკვე რეგულარულად იბეჭდებოდა ემიგრაციულ გამომცემლობებში. 1979 წლის მაისში მწერალს გენეტიკური დაავადება გაურთულდა და ინვალიდების სახლში მოხვდა, საიდანაც 1982 წლის იანვარში ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში იძულებით გადაიყვანეს. მიზეზი დასავლეთში გამოცემული პუბლიკაციები იყო. გზაში გაცივდა და 17 იანვარს პნევმონიისგან გარდაიცვალა.

„მოისროლეთ სანაგვეზე“

როდესაც გაიგო, რომ მწერლის მემორიალური ოთახი დახურეს, ივან ჯუხამ დებირის ტუბერკულოზის საავადმყოფოს მთავარ ექიმს დაურეკა, ნატალია სიდორენკოს.

- მკვახედ მიპასუხა, ჰო, დავხურეთ, ნივთები სად წავიღოთო (ასე უწოდა ექსპოზიციას). მე გულგასიებულმა ვუთხარი, სანაგვეზე მოისროლეთ-მეთქი“, - ამბობს ჯუხა.

ნატალია სიდორენკომ არ უპასუხა „სიბირ.რეალიის“ კითხვებს.

მაგადანის ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარზე უარი განაცხადეს. მათი რჩევა იყო, მინისტრის სახელზე ოფიციალური წერილი დაეწერათ. ჯუხამ მისწერა, სთხოვა შეენახათ ექსპოზიცია, რომელსაც 20 წელი აგროვებდნენ, მაგრამ მინისტრისგან პასუხი ჯერაც არ მიუღია.

ვარლამ შალამოვის მუზეუმი
ვარლამ შალამოვის მუზეუმი

ბოლო წლებში რუსეთის რეგიონებში ებრძვიან მემორიალებს, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებთან არის დაკავშირებული. ანადგურებენ და ბილწავენ მათ სახსოვრად დაყენებულ ქვებსა და ჯვრებს, ხსნიან წარწერებს. მაგალითად, იაკუტიის ხელისუფლებამ აიღო პოლონელი რეპრესირებულებისა და გადასახლებულების მემორიალი. ირკუტსკის რეგიონში რეპრესირებული ლიეტუველების ჯვარი მოაძვრეს. ტომსკის რეგიონში უცნობებმა მოიპარეს დაფები, რომლებზეც 30-იან წლებში საბჭოთა რეპრესიებს შეწირული პოლონელების სახელები ეწერა, ჯვარიც გაანადგურეს.

„შალამოვი დიდი ფიგურაა, ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი. მუზეუმი მხოლოდ მის ხსოვნას კი არ ინარჩუნებს, არამედ მთელი ჩვენი კოლიმასი, - ამბობს კოლიმის მკვიდრი, გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი ირინა ჟულანოვა, - მთელი ცხოვრება მაგადანში ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ლენინგრადის უნივერსიტეტი დავამთავრე. თავად ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვენი ბიბლიოთეკისთვის, რომელიც პუშკინის სახელს ატარებდა, შალამოვის სახელი მიენიჭებინათ - მისი ტრაგედია, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, თანაც, ასევე საფუძვლიანად და ნიჭიერად კოლიმაზე, სტალინური რეპრესიების არსზე არავის დაუწერია. არავის! ჩემი აზრით, სოლჟენიცინსაც კი არ გაუშლია რეპრესიების თემა ასე.

ახლა რეპრესიებზე აქტიურად დუმან, რადგან ისევ კრიმინალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პუტინი ასპროცენტიანი ბოროტებაა. მე თავად ლენინგრადიდან ვარ და რამდენი პირს დააღებს, ლენინგრადის ქუჩის ბიჭების სიტყვები მესმის. მე სტალინის პერიოდს მოვესწარი, როდესაც სტალინი 1953 წელს მოკვდა, მეოთხე კლასში ვიყავი. რა თქმა უნდა, ახლა ხალხი ისევ შეშინებულია და გაჩუმებას ამჯობინებს. თუნდაც უკრაინაში ომი ავიღოთ, ჩემ ირგვლივ ყველა ჩემსავით ფიქრობს, მიაჩნიათ, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ საჯაროდ თქმის, ეშინიათ.

რაც შეეხება შალამოვის მუზეუმს. შალამოვს განსაკუთრებული ბედი ჰქონდა, უნაკლო ადამიანი იყო. ხალხმა თავისი ისტორიაც უნდა იცოდეს და ისიც, თუ როგორი უმწიკვლო ადამიანები არსებობდნენ დედამიწაზე“, - ამბობს ჟულანოვა.

რა ბედი ეწევა შალამოვის მუზეუმის ექსპონატებს, არავინ იცის. ოთახი დახურულია, მნახველებს შიგ არ უშვებენ. მუზეუმის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ ექსპოზიციის შენარჩუნება მოხერხდება, იმ დრომდე მაინც, სანამ ახალი შენობის მოძებნას შეძლებენ. მოძებნიან თუ არა, ჯერ ესეც არ იციან.

მაგადანის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ მუზეუმის დახურვა იმ ფაქტით ახსნა, რომ ის ტუბერკულოზის მოქმედ დისპანსერშია: „ეს ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ყველა შეიძლება დაავადდეს, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვები არიან მოწყვლადები, მათი იმუნიტეტი მყარი არ არის... ამიტომ გარეშე პირები, მათ შორის მუზეუმის დამთვალიერებლები, ამ დაწესებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ“.

კულტურის სამინისტროს რეგიონალურ განყოფილებაში პირობა დადეს, რომ ექსპოზიციას შეინახავენ და მას მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცემენ.

XS
SM
MD
LG