ოფიციალური ვერსიით, ის სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. თუმცა სტუდენტის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის მოკლეს. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ მომხდარის შესახებ და სრულ, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ.
29 დეკემბერს კონგოს გამოცემამ Kongo 360-მა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ჩანს ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დგას. მათ ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „Justice pour Jérémie Mekanda“ (“სამართლიანობა ჯერემი მეკანდასთვის”). ბანერზეა სტუდენტის ფოტო და მითითებულია დაბადებისა და გარდაცვალების წლები. ჯერემი 29 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში დაიღუპა.
ასე შეეცადნენ ახალგაზრდები საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების მიქცევას ჯერემის სიკვდილის გარემოებებზე, რომლებსაც მისი ნათესავები საეჭვოდ აფასებენ.
„რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ ჩემი ძმა, ვითომდა, აფხაზეთში, ცემენტის ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღემდე არ ვიცით მომხდარის ზუსტი დეტალები. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ თავი მოკვეთილი აქვს“, - წერს მისი ბიძაშვილი, ჯენის ფერაზი, „ეხო კავკაზას“ და სთხოვს მომხდარი გასაჯაროვდეს.
„ცდილობენ, მისი სიკვდილი დამალონ“
2025 წლის 24 დეკემბერს, ახალი წლის დღესასწაულების წინ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე ჯერემი მეკანდა კილამა გარდაიცვალა აფხაზეთში, სადაც ის სამუშაოდ იყო ჩასული. გარდაცვალების მოწმობაში, რომლის ასლიც მეკანდას ნათესავებმა „ეხო კავკაზას“ მიაწოდეს, ნათქვამია, რომ კონგოელი მოქალაქე ოჩამჩირეში „საწარმოო უბედური შემთხვევის“ შედეგად გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზად დასახელებულია თავის არეში მიყენებული ჭრილობები და დაჟეჟილობები, რასაც ქალის ძვლებისა და თავის ტვინის ქსოვილის დაზიანება მოჰყვა.
თუმცა ოჯახი არ სჯერა „საწარმოო შემთხვევის“ თეორიის და ეჭვებს, რომ მისი სიკვდილი შესაძლოა, ძალადობრივი ყოფილიყო.
ჯერემი წარმოშობით კინშასიდანაა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქიდან ის რუსეთში, ბრიანსკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უნივერსიტეტში მარკეტინგს სწავლობდა. მისი ძმა, ტონი მეკანდა კილამა ჰყვება, რომ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ჯერემი აფხაზეთში გაემგზავრა ახალი მოწვევის მისაღებად და რუსეთში დასაბრუნებლად, მაგრამ სანამ საბუთებს აწესრიგებდა, გადაწყვიტა ცოტა ხნით დარჩენილიყო და დამატებითი ფული ეშოვა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ ჯერემი მეკანდა United Cement Group-ში (UCG) იყო დასაქმებული. ტონი მეკანდას თქმით, ამ კომპანიას მისი მეგობრებიც ახსენებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ კომპანიას სოხუმში საიდუმლო (შესაძლოა უკანონო) საწარმოო ობიექტი აქვს, რომლის მისამართიც ღია წყაროებში არ იძებნება“, - მისწერა ჯენის ფერაზმა „ეხო კავკაზას“.
United Cement Group (UCG) ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგური ცემენტის კომპანიაა, რომელიც უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში საქმიანობს. საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, მის საწარმოებში 7500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თუმცა კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე, მის საწარმოო ობიექტებს შორის აფხაზეთში ქარხანა არ არის მითითებული.
„ეს არის კომპანია, რომელიც იმალება… არ ვიცი, ჯერემის ჰქონდა კონტრაქტი თუ რა, ის უბრალოდ ამბობდა, რომ მუშაობდა. ოფიციალურად, თუ არაოფიციალური - არ ვიცი“, - ამბობს ტონი მეკანდა.
„ეხო კავკაზამ“ UCG-ს მიმართა თხოვნით, გაერკვია, აქვს თუ არა კომპანიას რაიმე საწარმო აფხაზეთში. ეს სტატია განახლდება პასუხის მიღების შემთხვევაში.
ახლობლების თქმით, არც კომპანია და არც აფხაზეთის ხელისუფლება მათ რაიმე ინფორმაციას არ აწვდის. ისინი აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციის ოფიციალური ანგარიშიც კი არ მიუღიათ, რასაც იმით ხსნიან, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა „საიდუმლო“ ქარხანაში მოხდა.
„ჩემი ძმის ახლო მეგობრები, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, ეჭვობენ, რომ დანაშაული მოხდა და ეს ძალადობრივი სიკვდილია. თუმცა კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების გაუმჭვირვალობის გამო, პასუხების მიღება უკიდურესად რთულია. როგორც ჩანს, კომპანია თავად ცდილობს სიკვდილის დამალვას, რადგან ჩემი ძმა მათ ქარხანაში არაოფიციალურად მუშაობდა“, - წერია ჯენის ფერაზის გამოგზავნილ წერილში.
ტონის თქმით, ჯერემის მეზობელი, რომელიც კონტაქტს ინარჩუნებს იმ კომპანიასთან, სადაც კონგოელი სტუდენტი მუშაობდა, ამბობს, რომ კომპანიას, სავარაუდოდ, არ აქვს სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომლებსაც შეეძლო მომხდარის დაფიქსირება.
„ასეთი კომპანიისგან ეს არასერიოზულია… ანუ, არ არსებობს ვიდეომტკიცებულება იმისა, თუ რა მოხდა ადგილზე“, - ამბობს ტონი.
„ეხო კავკაზამ“ სცადა ჯერემი მეკანდას მეზობელთან დაკავშირება. პასუხის მიღების შემთხვევაში, ეს სტატია განახლდება.
29 დეკემბერს ნათესავებმა და მეგობრებმა ჯერემი მეკანდასთვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კინშასაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, რათა ოფიციალურად აცნობონ ხელისუფლებას მისი გარდაცვალების შესახებ, მოითხოვონ დამოუკიდებელი და სრული გამოძიება, მიიღონ ინფორმაცია ცხედრის სამშობლოში გადასვენების შესახებ და მიიღონ დიპლომატიური მხარდაჭერა საზღვარგარეთ კონგოელი ხალხის უფლებების დასაცავად.
„პოლიციის და სამედიცინო ანგარიშები ძალიან მწირია"
რა გახდა სიკვდილის რეალური მიზეზი? - ეს ის მთავარი კითხვა, რომელზედაც პასუხის მიღება სურთ, ასევე, ოჯახს მიაჩნია, რომ კომპანია ვალდებულია კომპენსაცია გადაიხადოს.
„რატომ არ იღებს კომპანია პასუხისმგებლობას ჩემი ძმის სიკვდილზე? ის კომპანიის ტერიტორიაზე გარდაიცვალა და კანონით, კომპენსაცია უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ამტკიცებს თუ არა კომპანია მის ბრალეულობას. როგორ შეიძლება, ასეთ კომპანიას არ ჰქონდეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რატომ არ აქვთ მუშებს დამცავი აღჭურვილობა? შრომის კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში მოითხოვს კომპენსაციას მუშის სამუშაო ადგილზე სიკვდილის შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ უბედური შემთხვევა სამუშაო აღჭურვილობას ან მანქანა-დანადგარებს ეხება“, - ამბობს ტონი მეკანდა.
ოჯახმა დაიწყო თანხების მოზიდვის კამპანია, ცხედრის გადასვენების, ოფიციალური დოკუმენტების თარგმნისა და დამუშავების ხარჯებისთვის - ასევე ოჯახის წევრებს აფხაზეთში გამგზავრების საშუალებას მისცემს, დაფარავს ადმინისტრაციულ და იურიდიულ ხარჯებს. 8 იანვრის მონაცემებით, 10 000-დან 8 090 ევრო უკვე შეგროვდა.
„პოლიციის და სამედიცინო ანგარიშები ძალიან მწირია და არ გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ ტრაგედიის ზუსტი გარემოებები. მიუხედავად ამისა, მისი სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მისი ხსოვნის დასაფასებლად, ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას, პატივისცემას და სიცხადეს ფაქტების დადგენაში“, - წერია ოჯახის მიმართვაში.
ჯერემის ოჯახი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კავშირზეა რუსეთის საელჩოსთან და მისი ცხედრის სამშობლოში დასაბრუნებლდ საჭირო დოკუმენტებს ელოდება.
აფხაზეთში ჯერემი მეკანდას სიკვდილისა და მისი ოჯახის მოთხოვნების შესახებ არც ადგილობრივ Telegram-ის არხებსა და არც ოფიციალურ სტრუქტურებს არაფერი უთქვამთ.
ჯერემი მეკანდა ოჯახს ბოლოს 9 დეკემბერს, გარდაცვალებამდე 15 დღით ადრე დაუკავშირდა. ის ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. კონგოში მას შვიდი წლის ვაჟი დარჩა.
ფორუმი