Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურენცია არათანაბარ პირობებში


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით 14 აგვისტოს მიმართა. ანუ 2 დღის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მის მფლობელობაში მყოფ „რუსთავი2“-ს ყიდის. „რუსთავი2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 28 მილიონი ლარია, 19 მილიონი ლარის დავალიანება აქვს ტელეკომპანია „იმედს“, ხოლო 8 მილიონი-„მაესტროს“. მთლიანობაში თანხა 55 მილიონ ლარს შეადგენს.

„რუსთავი2“- ის გაყიდვისა და ტელეკომპანიების საბიუჯეტო ვალების შესაძლო რესტრუქტურიზაციის შესახებ განცხადებების დროში თანხვედრა საეჭვოდ ეჩვენებათ მედიაექსპერტებსა და იმ ტელევიზიების მფლობელებს, რომელთაც სახელმწიფოს მიმართ ვალი არ აქვთ. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის წინადადება ერთგვარი განაცხადია პოტენციური მყიდველისთვის, რომ მან ვალის გამო არ თქვას უარი „რუსთავი 2 „-ის შესყიდვაზე. არსებობს მოსაზრებაც,რომ ხელისუფლებას დავალიანების საკითხის "რუსთავი2" - ის გასხვისებამდე მოგვარება სურს იმისთვის, რათა შემდეგ საზოგადოებას არ მისცეს სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 3 ტელევიზიის შეღავათიან რეჟიმში ჩაყენების გამო.

თუმცა იმის მიუხედავად, რატომ გახდა აქტუალური ვალების რესტრუქტურიზაცია ახლა და რა მოტივი ამოძრავებს ფინანსთა სამინისტროს, ფაქტია ის, რომ სახელწიფო მსხვილი და მცირე მედიასაშუალებების მიმართ არათანაბარ მიდგომებს ამკვიდრებს. კერძოდ, გადასახადების დაგროვების, შემდგომ კი რესტრუქტურიზაციისა და პატიების უფლებას აძლევს მსხვილ მაუწყებლებს მაშინ, როდესაც მცირე ტელევიზიებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ინკასო ედებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ანგარიშზე შესული ნებისმიერი შემოსავლით ავტომატურად იფარება საგადასახადო დავალიანება და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ტელევიზიას თავისი ფინანსებით სარგებლობის საშუალება.

ტელეკომპანია „კავკასიის“ პოზიცია

„ეს მარტო უსამართლობა კი არა, უკვე კრიმინალია - არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდნენ“, -დაწერა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა „Facebook” -ის საკუთარ გვერდზე. იგი აღნიშნავს, რომ რესტრუქტურიზაციის ერთ წელზე მეტი ვადით გაწერა მისთვის აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება „რუსთავი2“-ისთვის, „“იმედისთვის“ და „მაესტროსთვის“, რასაც მესამედ აღარ დაუშვებს. ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში „კავკასია“ შეწყვეტს გადასახადების გადახდას და მოითხოვს ბოლო 20 წლის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

„რეგიონ მედია მარკეტის“ პოზიცია

რეგიონულ ტელევიზიებს ერთ თეთრსაც არავინ პატიობს. ანგარიშს თვის 16 რიცხვში ედება ინკასო, თუ ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება არ გადაიხადე, - გვითხრა კომპანია „რეგიონ მედია მარკეტის“ დამფუძნებელმა ლევან ალექსიშვილმა.

ორგანიზაციაში, როგორც რეგიონული ტელევიზიების გაყიდვების სახლში, თავს 23 რეგიონული ტელევიზიის ინფორმაცია იყრის, ვითარება კი რომელზეც ლევან ალექსიშვილი საუბრობს, გულისხმობს იმას, რომ

  • რეგიონული ტელევიზიები იმყოფებიან უსამართლო და არათანაბარ გარემოში მსხვილ ტელევიზიებთან შედარებით
  • აქვთ მწირი შემოსავლები და არასათანადო საკანონმდებლო ბაზა განვითარებისთვის
  • ტელევიზიებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით ჩანს, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს რეგიონული პოლიტიკა, რეგიონული დემოკრატია და პლურალიზმი
  • შეიქმნა გარემო, როდესაც დამოკიდებულების დონეზეც კი არ განიხილება ქვეყანაში რეგიონული მედიასაშუალებების არსებობა

“რუსთავი 2“-ს დაუგროვდა დავალიანება, როგორც ამბობენ, ყადაღის გამო და „იმედის“ პასუხი იყო ამაზე, რომ ჩვენი კონკურენტი არ იხდიდა და ჩვენ რატომ უნდა გადაგვეხადაო! ანუ ერთის მხრივ, სახელმწიფო, მეორეს მხრივ, „რუსთავი 2“ და მესამეს მხრივ, „იმედი“ ფაქტობრივად ერთმანეთში ჩამოყალიბდნენ, რომ ჩვენ ვართ სახელწიფო და მედია. შეიქმნა გარემო, როდესაც დამოკიდებულების დონეზეც კი არ განიხილება, რომ სხვა მედიასაშუალებები არსებობენ“, - აღნიშნავს ლევან ალექსიშვილი. მისი შეფასებით, სახელმწიფოს მიერ „რუსთავი2“-ისთვის და „იმედის“ ჰოლდინგისთვის შეთავაზებული რესტრუქტურიზაცია ან ხანგრძლივი პროცესი არ უნდა იყოს, ან მიღებულ იქნას საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც შეღავათებს სხვა ტელეკომპანიების მიმართაც გაავრცელებს.

დაგროვილი ვალების ანატომია

საგადასახადო დავალიანების სახით 28 მილიონი ლარი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს 2016 წლიდან დაუგროვდა, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანების ზრდა კი 2017 წლიდან დაიწყო და ამ დროისათვის უკვე 19 მილიონ ლარს მიაღწია. როგორც ამ საკითხზე გაკეთებული შესაბამისი კომენტარებით გაირკვა, „რუსთავი2“- მა დავალიანების დაგროვება ტელეკომპანიის ანგარიშზე დადებულ ყადაღას უკავშირდება, ხოლო „იმედი“ გადასახადებს „რუსთავი 2“ -ის გამო არ იხდიდა. „მედიაჩეკერთან“ საუბარში საგადასახადო დავალიანების საკითხის კომენტირებისას „მაუწყებელთა ალიანსის „ განვითარების დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან და „იმედთან“ დაკავშირებით არსებობს მთავრობის სპეციალური მითითება, რომლის თანახმადაც რაც არ უნდა დიდი ვალი დააგროვონ ამ ტელევიზიებმა, მათ ანგარიშებს ინკასო არ დაედება.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ

მამუკა ანდღულაძე
მამუკა ანდღულაძე

ვალების ჩამოწერის მავნე პრაქტიკა ქვეყანაში ძირითადად დიდი ტელევიზიების პრივილეგია იყო, რაც ბაზარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, იგი ამბობს, რომ „იმედისა“ და „მაესტროს“ დავალიანება ცალ-ცალკე კი არა, როგორც ჰოლდინგის დავალიანება, ერთად უნდა იყოს დაჯამებული, რაც მთლიანობაში სოლიდური თანხაა და 27 მილიონს შეადგენს.

რაც შეეხება უახლოეს წარსულს, „მედიაჩეკერის“ თანახმად, 2010 წელს ტელევიზიებს 36 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ, მათგან 25 მილიონი ლარი მოდიოდა „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“, ხოლო 9 მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

საგადასახადო ამნისტია შეეხო ასევე რეგიონულ ტელევიზიებსაც. როგორც „ტვ 25“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მერაბ მერკვილაძემ გვითხრა, „ტვ 25“ და მის მიერ დაგროვილი 277 000 ლარის დავალიანება იყო იმის საბაბი, რომ ვადაგადაცილებული დავალიანებების ჩამოწერისთვის სპეციალური კანონი შეიქმნა და შეღავათებით ყველა ტელევიზიამ ისარგებლა.

მორიგი საგადასახადო ამნისტია 2012 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. „რუსთავი 2“-ს 5 მილიონი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 13 მილიონი ლარი ჩამოეწერათ. მთავრობის განკარგულებით 2015 წელს 16 მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.

სად არის კარი ჩაკეტილ წრეში?

2004 წლიდან მოყოლებული ხელისუფლება ტელევიზიებთან დაკავშირებით იყენებდა ამ არცთუ კარგ პრაქტიკას, როდესაც ერთის მხრივ, აძლევდა მათ დავალიანებების დაგროვების საშუალებას, ხოლო მეორეს მხრივ, მისთვის აქტუალური პერიოდულობით ღებულობდა გადაწყვეტილებებს დავალიანებების პატიებისა თუ შემსუბუქების შესახებ, -გვითხრა "სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის " წარმომადგენელმა, ლევან ალაფიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი
ლევან ალაფიშვილი

მისი განმარტებით, ყველა მთავრობა ცდილობს სხვადასხვა მექანიზმებით მოიპოვოს გავლენა საჯარო სივრცესა და მედიაზე. ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლისა და ტელეკომპანიებისადმი სახელმწიფოს უთანასწორო მიდგომების აღმოფხვრის მიზნით, ლევან ალაფიშვილი მცირე ტელეკომპანიების მფლობელებს ურჩევს, საკითხი სასამართლო სიბრტყეში, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიტანონ.

მედიაბაზარზე კონკურენტული, თანაბარი პირობებისთვის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას არ გამორიცხავს ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. თუმცა მისი თქმით, ეს გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება იმაზეც, რესტრუქტურიზაციის რა ვადებსა და ფორმებზე შეთანხმდებიან ფინანსთა სამინისტრო და ტელევიზიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG