Accessibility links

კონფლიქტების ჯერ ტრანსფორმაცია, ნდობის აღდგენა და შემდეგ შერიგება


გორში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ის ადამიანები, ვისთვისაც კონფლიქტების მოგვარების თემა განსაკუთრებით ახლობელი და მტკივნეულია. სადისკუსიო თემები იყო კონფლიქტის მართვა, მოგვარება და ტრანსფორმაცია. შეხვედრის მონაწილეების აზრით, დისკუსია ამ თემებზე უნდა დაიწყოს როგორც ქართული საზოგადოების შიგნით, ასევე მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან. დისკუსიის მონაწილეებმა კონკრეტული იდეები და მოსაზრებები გამოთქვეს ტრანსფორმაციის პროცესში მეტი რესურსის ჩართვის შესახებ. თამაზ მაყაშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გორის დარბაზის“ ხელმძღვანელია. მისი აზრით, ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესისა და კერძო ინიციატივების როლი შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. მან გაიხსენა ქართველი და ოსი მოჭიდავეების კავშირები, რომელთა მეშვეობით პერიოდულად ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაც ხდება ხოლმე შესაძლებელი.

მიქელაძის ფონდის წარმომადგენლებმა ერთი შეხვედრა უკვე გამართეს ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი საზოგადოებისგან მოისმინეს მოსაზრებები ტრანსფორმაციის შესახებ. გორშიც არაერთი იდეა გაჟღერდა სხვადასხვა პროფესიული მიმართულების ადამიანების პროცესში ჩართვის შესახებ.

კატო ქოთოლაშვილს კონფლიქტი პირადად შეეხო, მისი ნათესავები ავნევიდან არიან წამოსულები. ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „დროა“ და როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებთან ჰქონია შეხება. მისი აზრით, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა აუცილებელია.

გაჭიანურებული ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური, ტერიტორიული და სხვა სახის კონფლიქტებისას მხარეები ხშირად შეთანხმებას ვერ აღწევენ სხვადასხვა პრინციპულ საკითხებზე - მაგალითად, ტერიტორიის გადანაწილებაზე, სტატუსზე, დევნილების დაბრუნებაზე, ენაზე, სიმბოლოებსა და სხვა თემებზე. შესაბამისად, „კონფლიქტის ტრანსფორმაცია“ ცდილობს ისეთი გარემოს შექმნას, რომ შეთანხმების არარსებობისას და პრინციპულ საკითხებზე არდათმობის პირობებშიც კი მხარეებს საუბარი შეეძლოთ. ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მიდგომა უნდა შეიცვალოს: ჯერ უნდა იყოს ტრანსფორმაცია, ნდობის აღდგენა და შემდგომ ეტაპზე უკვე გაჩნდება შერიგების პერსპექტივა.

მიქელაძის ფონდის წარმომადგენლებმა ერთი შეხვედრა უკვე გამართეს ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი საზოგადოებისგან მოისმინეს მოსაზრებები ტრანსფორმაციის შესახებ. გორშიც არაერთი იდეა გაჟღერდა სხვადასხვა პროფესიული მიმართულების ადამიანების პროცესში ჩართვის შესახებ. მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე აცხადებს, რომ რეგიონებში შეგროვილი მოსაზრებები დიდ სამსახურს გაუწევს კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულ პირებს.

ლევან მიქელაძის ფონდი მომდევნო შეხვედრებს დევნილთა დასახლებებსა და თბილისში გამართავს, სადაც მონაწილეობას უკვე ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG