Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 კორონავირუსი - რა გავიგეთ მასზე ახალი? 


ახალი ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ის ყველაზე გადამდებ დაავადებათა შორის არ არის. კორონავირუსით ყოველდღიურად მსოფლიოში საშუალოდ 56 ადამიანი კვდება, რაც ბევრად ჩამოუვარდება ისეთი დაავადებებით სიკვდილიანობის რიცხვს, როგორიცაა სეზონური გრიპი, შიდსი და ტუბერკულოზი.

მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უკეთ შეძლონ ვირუსის გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ექსპერტებს ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, არსებული კვლევებით რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაინც შეგვიძლია. მონაცემები სწრაფად იცვლება. შესაბამისად, სტატიაში მოყვანილი პასუხებიც არ არის 100%-ით ზუსტი.

რისკის ჯგუფი: ასაკი, სქესი და დაავადებები

კორონავირუსი ყველაზე სახიფათო 60 წელს ზევით მყოფი ადამიანებისთვისაა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, კიბო ან დიაბეტი.
განსხვავებაა ქალებსა და მამაკაცებს შორისაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ, სიკვდილიანობა უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მეცნიერები ამის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: დაბალი იმუნიტეტი, მამაკაცებში გავრცელებული გულის დაავადებები და დიაბეტი. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ მიზეზად ალკოჰოლის მუდმივი მოხმარებაც შეიძლება დასახელდეს, რაც კაცებში უფრო ხშირია.

განკურნების სტატისტიკა და დაავადების სიმძიმე

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულთა 56.6% განიკურნა. დღეისათვის, ინფიცირებულთა 80 %-ს ვირუსის ნიშნები მსუბუქად აქვს გამოვლენილი. ინტენსიურ მკურნალობას მხოლოდ 4.7% გადის.

სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი

ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ის 1-დან 3.4%-მდე მერყეობს, ადამიანიდან ადამიანზე გადადების პროცენტული მაჩვენებელი კი - 1.5-დან 3.5%-მდე.

გავრცელების გზები

ძირითადად წვეთოვანი გზა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაცემინებისა და ხველებისას სახეზე ხელსახოცის ან იდაყვში მოხრილი ხელის მიფარება.

ის შეიძლება გავრცელდეს დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემთხვევაშიც. ორი მეტრის რადიუსი არის მაქსიმალური დისტანცია, რომელზეც ვირუსს სხვა ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.

კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. არ არის ცნობილი, არსებობს თუ არა დაინფიცირებული საკვების ჭამით დაავადებულთა შემთხვევები, თუმცა არსებობის შემთხვევაშიც, ის გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უფრო სავარაუდოა, რომ საჭმლის მომზადებისას ვირუსი ვერ გადარჩება.

რამდენ ხანს ცოცხლობს და სად?

არ არის ცნობილი, რამდენ ხანს შეუძლია კორონავირუსს რბილ ზედაპირებზე ცხოვრება, ან რამდენად მარტივად შეიძლება მისი ამ გზით გავრცელება, თუმცა უკანასკნელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ, სავარაუდოდ, ვირუსი მყარი ზედაპირებიდან უფრო მარტივად გადადის ადამიანზე - მაგალითად, კარის სახელურიდან ან ლიფტის ღილაკიდან.

ჯერ არ ვიცით, ზუსტად რამდენ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლეს კორონავირუსი სხვადასხვა სახის ზედაპირზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, ეს დრო შესაძლებელია 1 საათიდან რამდენიმე დღემდე მერყეობდეს. კორონავირუსი 20 გრადუსში ფოლადის ზედაპირზე, დაახლოებით, 2 დღე ძლებს, შუშასა და ხეზე - 4 დღე, ხოლო ლითონზე, პლასტმასსა და კერამიკაზე - 5.

როგორი ამინდი უყვარს?

მაღალ ტენიანობაში, ზომიერ ტემპერატურასა და ქარში კორონავირუსს უფრო მარტივად შეუძლია გადარჩენა. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალ ვირუსს გარშემო ერთგვარი ცხიმის ფენა აქვს, რომელიც მას გავრცელებაში ეხმარება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცხიმის ფენა შეიძლება დაშრეს, რაც ვირუსის მოლეკულების სიკვდილს იწვევს.

განკურნება

ადამიანი განკურნებულად მაშინ ითვლება, როდესაც 24-საათიანი ინტერვალით გაკეთებული კორონავირუსის ორი ტესტიდან ორივე უარყოფითია. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი და იმავე ადამიანის რამდენჯერმე დაინფიცირების შემთხვევები ჩინეთსა და იაპონიაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი დაბალი იმუნიტეტია.

სტატიაში გამოყენებულია Harvard Health Publishing-ის მასალა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ოფიციალური მონაცემები და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG