Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა კოცნას და ხელის ჩამორთმევას - როგორ შეცვალა მისალმება კორონავირუსმა


COVID 19-მა (კორონავირუსი) მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული მისალმების ფორმები შეცვალა. ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული მისალმება კი, მაგალითად, ნამასტე - აქტუალური გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მისალმებისას აღარ გადავკოცნოთ ერთმანეთი და არ ჩამოვართვათ ხელი, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთ პირველივე პრესკონფერენციაზე ასევე მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, არ მიესალმონ ერთმანეთს გადაკოცნით და ხელის ჩამორთმევის ნაცვლად ერთმანეთს უბრალოდ ხელი აუწიონ.

4 მარტს, პარლამენტში მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუშტით მისალმება არჩია - სწორედ ასე მიესალმა ის პარლამენტის დეპუტატს მამუკა მდინარაძეს.

ჩინეთში, მაგალითად, გამოჩნდა საინფორმაციო ბილბორდები, რომლითაც მოსახლეობას ურჩევენ, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად ერთმანეთს მიესალმონ შეტყუპებული ხელებით, ინდური მისალმებით - ნამასტე.

ნამასტესკენ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

საფრანგეთში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ლოყაზე კოცნით მისალმების ტრადიცია ჩაანაცვლონ თვალებში შეხედვით და ასე მისალმებით.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც არ ჩამოართვა ხელი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, რომელიც ამ ამბავს სიცილით შეხვდა.

ირანში ხელის ჩამორთმევა ფეხით მისალმებამ ჩაანაცვალა.

ახალ ზელანდიაში აკრძალეს მაორის ხალხთა მისალმების ფორმა ჰონგი, რომელიც ცხვირების მიდებას გულისხმობს.

ავსტრალიაში იყო რეკომენდაცია, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად ზურგზე ხელის მოთათუნებით მიესალმონ ერთმანეთს.

ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმაც მოუწოდა მოსახლეობას, ჩამოიბანონ ლოყები მისალმებისას კოცნის შემდეგ.

ტვიტერში გავრცელდა არაერთი ფოტო, როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს იდაყვების შეხებით.

ინტერნეტში ასევე ვრცელდება მისალმების სხვა ვერსიებიც, რომლითაც ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება შეიძლება. მაგალითად:

  • ქუდის მოხდით მისალმება.
  • ორი თითის აწევით (ე.წ. მშვიდობის ნიშანი) მისალმება.
  • თავის დახრა-დაქნევით მისალმება.
  • ხელის შუბლთან მიდებით მისალმება.
  • ჰაეროვანი კოცნით მისალმება და ა.შ.

COVID 19-ის თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციად ისევ პირადი ჰიგიენის დაცვა რჩება - ხელების ხშირი დაბანა საპნით, ასევე, ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება. მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავშეკავება, ხოლო მოგზაურობის შემთხვევაში, დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაცია, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ წასვლა ექიმთან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG