Accessibility links

კორონავირუსი: კორეული ტესტების ცრუ მოლოდინი და დაწუნებული ჩინური ტესტები


კორონავირუსის სწრაფი ტესტების მომწოდებელ ჩინურ კომპანია Bioeasy-ს საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება მას შემდეგ გაუუქმა, რაც ამ კომპანიის ტესტები ესპანეთის ჯანდაცვის სისტემამ დაიწუნა. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქართველოში არ ელოდებიან და არც ელოდებოდნენ სამხრეთკორეულ ტესტებს, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა 20 მარტის ბრიფინგზე ილაპარაკა. როგორც გაირკვა, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გახმოვანებული გეგმა მხოლოდ Bioeasy-ს უკავშირდებოდა და ეს გეგმა ჩაიშალა.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების ანულირების შესახებ, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის დამდგენი სწრაფი ტესტები სამხრეთ კორეიდან.

ინტერესი ლოგიკურად გამომდინარეობდა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ 20 მარტის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებიდან.

„ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი... ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს... შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ 20 მარტს.

23 მარტს კი, ბრიფინგზე, მან 4-ეტაპიან გრაფიკზეც ილაპარაკა. თქვა, რომ პირველ პარტიას - ჩინეთის მთავრობის მიერ ნაჩუქარ 1000 ტესტს - საქართველოში 24 მარტს ელოდებოდნენ და შემდეგ უკვე, 5 აპრილამდე დაგვეწეოდა სწრაფი ტესტების დანარჩენი პარტიებიც.

თუმცა, როგორც 27 მარტს გაარკვია რადიო თავისუფლებამ, სამხრეთ კორეიდან ტესტების შემოსვლის მოლოდინი არარეალისტურია და ასეთი მოლოდინი არასოდეს არსებობდა.

„200 ათასი სწრაფი ტესტი ჩინურ კომპანიას უნდა მოეწოდებინა... და სწორედ ამასთან მიმართებით მოხდა წუნდება. ეს არ არის კორეული ტესტები, მათი შერჩევა მოხდა კორეელ სპეციალისტებთან ერთად და შესაძლებელია ამიტომ დაერქვა კორეული... ტესტები ეტაპობრივად უნდა ჩამოსულიყო ჩინეთიდან. რადგან ხელშეკრულება გაუქმდა, ახლა მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან მიმდინარეობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.

ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და სწრაფი ტესტების შემოტანის გეგმის ჩაშლა მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს.

  • ექიმების ერთი ჯგუფი სწრაფი ტესტების შემოტანის გადაუდებელ საჭიროებას უკვე დიდი ხანია ხედავს, რადგან დიდწილად სწორედ სწრაფი ტესტების დამსახურებად ითვლება სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მიღწეული საუკეთესო შედეგები.
  • ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, სადაც სწრაფი ტესტირებისა და შემდგომი ღონისძიებების მწყობრი გეგმა არ არსებობდა, მაღალია როგორც კორონავირუსის გავრცელების, ასევე ლეტალური შედეგების მაჩვენებელიც.

სწრაფი ტესტების შემოტანის დაგვიანებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ხელისუფლება ძირითადად იშველიებდა იმ არგუმენტს, რომ ხარისხიან პროდუქციას ეძებდა. ოპონენტებისთვის კი ცხადი იყო, რომ კორონავირუსის ახალგაზრდა პრობლემისთვის სახელდახელოდ გამოშვებულ ტესტებს გარანტირებული ხარისხი ვერაფრით ექნებათ.

„ხარისხი არ არის დაგვიანების გამამართლებელი არგუმენტი. მაშინ წლები უნდა დაელოდო, რომ გაარკვიო - რომელი ტესტი მოგცემს მაქსიმალურ სიზუსტეს. უნდა შემოვიტანოთ ის ტესტები, რამაც გაამართლა... დრო არ არის უსასრულო შერჩევისთვის. საერთოდ რომ არა გაქვს, იმას მაინც ხომ აჯობებს შედარებით დაბალპროცენტიანი სიზუსტის ტესტი?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • ამ ეტაპზე საქართველოში უმაღლესი სიზუსტის PCR ტექნოლოგიით სულ ჩატარებულია 1900-მდე ტესტი;
  • აქედან 1400-მდე ტესტი უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა.

„საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან (Bioeasy), თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. ამ კომპანიაში თანხა არ გადარიცხულა და ხელშეკრულება ანულირებულია“, - თქვა 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მან არ დააკონკრეტა იმ ჩინური კომპანიის სახელი, რომლის მიერ წარმოებული ტესტებიც ჩინეთისგან საქართველომ ორიოდე დღის წინ მიიღო საჩუქრად.

ოდნავ მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანიის სახელსაც ვხვდებით. ვკითხულობთ, რომ:

  • 1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ, სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას, წარმოებული იყო კომპანია Capital Bio Technology Corporation-ის მიერ.
  • საქართველომ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს კომპანია Bioeasy-სთან, რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით.

ჩინური კომპანია, რომლის სწრაფი ტესტების ხარისხი ესპანეთში დაიწუნეს, საერთაშორისო წყაროებში ორი სახელით მოიხსენიება, ესენია: Shenzhen Bioeasy Biotechnology და Bioeasy. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებული მისამართებით, პირველი - ჩინეთშია, ხოლო მეორე - ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ესპანეთის ჯანდაცვის სტრუქტურებმა ჩინური ტესტები 30%-იანი სიზუსტის გამო დაიწუნეს. მანამდე, მსგავსი რამ ჩეხეთის რესპუბლიკაშიც ითქვა. თუმცა 80%-იან ცდომილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით უარყო ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ასევე საერთაშორისო მედიის ცნობით:

  • ჩინური კომპანია მზად არის - გამოცვალოს დაწუნებული ტესტები, თუმცა აცხადებს, რომ ამ ტესტებს ესპანეთში არასწორად იყენებდნენ და მათ შორის - ტესტისთვის საჭირო მასალების აღების ეტაპზე.
  • ესპანეთში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს ტესტები არ ყოფილა ჩინეთის სახელმწიფოს დონაციით შემოტანილი და კომპანია Bioeasy-ს არ ჰქონდა ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციის შესაბამისი ლიცენზია.

რადიო თავისუფლების მიერ 25 მარტს მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენად ჯამში 1 182 500 დოლარის დახარჯვა ჰქონდა გამიზნული. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა 5,5 დოლარი ჯდებოდა და მომწოდებლად შერჩეული იყო კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG