Accessibility links

სანდოა თუ არა 150-ლარიანი სწრაფი ტესტები 


პრეჰოსპიტალური დახმარების კერძო კომპანია, “კატასტროფის ცენტრი” მოქალაქეებს COVID-19-ზე სწრაფ ტესტირებას სთავაზობს, ბინაზე გამოძახებით, 150 ლარად.

“ვისაც სურს ახალი კორონავირუსის იდენტიფიცირება, მაგრამ საყოველთაო ტესტირების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”, - წერს “კატასტროფის ცენტრი” 26 მარტის ფეისბუკ პოსტში და განაგრძობს: “სწრაფი ტესტის მეშვეობით ვირუსის არსებობის დადგენა 15 წუთშია შესაძლებელი”.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ “კატასტროფის ცენტრს” კორონავირუსის ტესტირებაზე სახელმწიფოსგან ნებართვა აქვს, ისევე, როგორც კიდევ სამ კომპანიას.

“ტესტები რეგისტრაციის გარეშე, ლეგალური გზით, საქართველოს ბაზარზე ვერ მოხვდება”, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან სამეცნიერო-ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე. ის თავს იკავებს სხვა სამი კომპანიების დასახელებისგან:

“არაფერს მისცემს საზოგადოებას მათი დასახელება. ეს კომპანიები იურიდიული პირები არიან. მათ, შესაძლოა, მესამე პირებზე გაყიდონ ეს ტესტები და თავად არ მოახდინონ მათი რეალიზაცია”.

ოთხიდან ორმა კომპანიამ ტესტების მხოლოდ ლაბორატორიულად (PCR) ჩატარების ნებართვა მიიღო. ერთმა მხოლოდ სწრაფი ტესტების რეალიზაციის, ხოლო კიდევ ერთს, როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტის ჩატარების უფლება აქვს.

სწრაფი ტესტები, რომლებსაც “კატასტროფის ცენტრი” ყიდის ჩინეთში იწარმოება კომპანია Zhejiang Orient Gene Biotech-ის მიერ. ამასთან, ზაალ კაპანაძე განმარტავს, რომ ტესტები გერმანიაშია რეგისტრირებული და საქართველოში შემოვა იმ შეფუთვა-მარკირებით, როგორითაც იყიდება გერმანიაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, სახელმწიფო უწყებები მკაცრად განუსაზღვრავს კერძო სექტორს ტესტების ფასს და პირობებს, რადგან “ყველა არასწორად გაკეთებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა, რაც მსგავს სიტუაციაში კრიტიკულად საშიშია”.

“კატასტროფის ცენტრი” კი აცხადებს, რომ 150 ლარი მინიმალურია საჭირო ინვენტარის და დამცავი საშუალებების ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ავტომობილი, საწვავი, სპეციალური დამცავი კომბინიზონი, ხელთათმანი, სათვალე, ქუდი, ბახილი, პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები, ხარისხიანი ტესტი, მისი იმპორტირების ღირებულება და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG