საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევის მიუხედავად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება.
ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხოლოდ სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.
სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სათანადოდ უზრუნველყონ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, რისთვისაც აუცილებელია.
26 თებერვალს მთავრობამ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ოპერატიული რეაგირების ახალი განკარგულებაგამოსცა, რომლის თანახმადაც, ცვლილებები შევიდა უკვე არსებულ 28 იანვარს გამოცემულ განკარგულებაში.
ახალი განკარგულების თანახმად, 2020 წლის პირველ მარტამდე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით.
განკარგულებას თან ახლავს დანართი „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა,“ რომლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.
თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”,- განაცხადა გვანცელაძემ.
კითხვაზე, ხომ არაა პანიკა აღსაზრდელთა მშობლების მხრიდან და ხომ არ შემცირებულა ბაღებში ბავშვთა დასწრება, გვანცელაძე ამბობს, რომ „ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის”.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის საფრთხე.