ინფექციურ საავადმყოფოში სამართალდამცველი მოათავსეს
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პირი 27 თებერვალს, დილის შემდეგ დაემატა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტიდან 5-ს უკვე ჩაუტარდა კვლევა და შედეგი უარყოფითია. ხოლო, 5 პაციენტის ტესტის დამთავრების საათი უცნობია.
კიდევ ერთი პაციენტი კი სამართალდამცველია. „თუ არ ვცდები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა“, - ამბობს მარინა ეზუგბაია. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ეზუგბაია ამბობს, „ამ წუთში ტემპეტატურა აქვს და რესპირაციული მოვლენები: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები და მოგვიანებით იქნება ცნობილი შედეგები".
ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც 21 პაციენტი იმყოფება, მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ 20 ბოქსირებული პალატაა. მიუხედავად ამისა, როგორც მან აღნიშნა, საავადმყოფო მალე შეძლებს სხვა პაციენტების მიღებას.
„ჩვენ გვაქვს 20 ბოქსი, მაგრამ პაციენტების ნაწილი არის ცოლ-ქმარი და აქედან გამომდინარე ბოქსირებული განყოფილება გვყოფნის. დღეს 6 ბოქსი გათავისუფლდება და ნეგატიური პასუხის მქონე პაციენტების გადაყვანა გაგრძელდება საკარანტინო სივრცეში“, - განმარტავს მარინა ეზუგბაია.
სომხეთის მთავრობა საქართველოსთან საზღვრის დაკეტვას არ აპირებს
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დაკეტვა არ იგეგმება.
მინისტრმა უარყო ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. როგორც ტოროსიანი ამბობს, გამოკვლეულია საეჭვო შემთხვევები და ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 27 თებერვალს ქართველ კოლეგას [ეკატერინე ტიკარაძეს] ესაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ამ ერთი შემთხვევის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში არ შეცვლილა“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პაციენტი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მიემგზავრებოდა და მას ფაქტორივად მხოლოდ მესაზღვრეებთან ჰქონდა კონტაქტი. ფაშინიანის თქმით, ოთხი ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები იყვნენ. ისინი შეამოწმეს და მიიღეს უარყოფითი შედეგი. „შესაბამისად, საქართველოში პრაქტიკულად არ არის ინფიცირების შემთხვევები“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
26 თებერვალს ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
თურქეთის საელჩო საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით თავის მოქალაქეებს აფრთხილებს. გაფრთხილება განპირობებულია ქართული მხარის მიერ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვებით.
„კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, 2020 წლის 26 თებერვლის, საქართველოს დროით 23:30 საათიდან სატვირთო მანქანის მძღოლებს საქართველოში შესასვლელად საპასპორტო კონტროლის გავლა მოუწევთ.
მოცემულ მომენტში საქართველოში შესვლა აკრძალულია, თუკი პასპორტში არის ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნის დამადასტურებელი ვიზა/ბეჭედი. ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მუდმივად ახლდება, თქვენს ყურადღებას აგრეთვე მივაპყრობთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ცვლილებები. პატივისცემით“,- ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.