
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფებს სამსახურში გასვლას სთხოვს:
„ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“.
14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 30 შემთხვევა დასტურდება. ამ რიცხვის ზრდა მოსალოდნელია უახლოეს მომავალში.
თვითიზოლაცია სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვს ტემპერატურა ან ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყანაში. ასეთია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და საფრანგეთი. თვითიზოლაციაში, ასევე, უნდა იყოს პირი, რომელსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან.
რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს.
,,მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები გარკვეული დროით გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან“, - უხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
მისი თქმით, ლაპარაკია ორთვიან საშეღავათო პერიოდზე, რის გამოც ბიუჯეტს, საერთო ჯამში, დაახლოებით, 240 ათასი ლარი დააკლდება.
„ბიუჯეტის დანაკლისს რამენაირად შევავსებთ,“, თქვა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერია ასევე განიხილავს ადგილობრივი ბიზნესსუბიექტებისათვის ქონების გადასახადზე გარკვეული შეღავათების დაწესებას, მაგრამ ეს საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება შესათანხმებელი.
რუსთავის მერიასთან შექმნილი ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, იოსებ მაზმიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესაქტიურობამ რუსთავშიც იკლო.
„პირველ რიგში ეს შეეხო მომსახურების სფეროს, ბარ-რესტორნებს, სალონებს“, თქვა იოსებ მაზმიშვილმა.
რუსთავის მოსაკრებლის სამსახურის უფროს კიაზო შარიქაძის ინფორმაციით, მათ ბაზაში დაფიქსირებულია, დაახლოებით, 2 000 ბიზნესსუბიექტი.

ირანში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, რამაც მსხვერპლის მთლიანი რიცხვი 611-მდე გაზარდა - იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია 14 მარტს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანში - რომელზეც ყველაზე მძიმედ აისახა პანდემია ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით - რეგისტრირებულია კორონავირუსის 12,729 დადასტურებული შემთხვევა.

საქართველოში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა.
საქართველოში სულ დასტურდება კორონავირუსის 30 შემთხვევა. აქედან 12 ადამიანი იტალიაში მოგზაურობდა, 10-ს კონტაქტი ჰქონდა პირველ 12-თან. 14 მარტს გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი კი უკვე ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევაა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.
"არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაიკარგა თუ არა კორონავირუსის გავრცელების კვალი, გამყრელიძე პასუხობს, რომ კვალი არ დაკარგულა.