თურნავა: კარანტინის ზონაში ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ ღია საწარმოებში იქნება დაშვებული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების მკაცრ საკარანტინო ზონაში, კერძოდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, თუმცა გარკვეული გამონაკლისები მაინც შეიძლება დაიშვას. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფუნქციონირების უფლება მიეცეთ ისეთ საწარმოებს, რომლებიც სამუშაო პროცესს ღია სივრცეში ახორციელებენ:
„მაგალითად, ისეთი წარმოებები, როგორებიცაა კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება, საშენ მასალათა წარმოება, რომელიც ხორციელდება ღია სივრცეში და ბიზნესის სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც არის ღია სივრცეში განლაგებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი განმარტებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური საქმიანობის დაშვების კონკრეტული სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.
მინისტრის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად გრძელდება, მაგრამ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული წესების დაცვის პირობებში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით საქართველოში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის არის 17 წლის მოზარდიც
თბილისის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 17 წლის მოზარდი. იგი ამერიკის კლასტერს განეკუთვნება. ახალი კორონავირუსით მისი ოჯახის 3 წევრია დაავადებული:
„ეს არის ამერიკის კლასტერი. ჩამოფრენისთანავე ეგ ოჯახი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, შემდგომ ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა დაავადება. ოჯახის მე-4 წევრი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და როგორც კი დაიწყო სიმპტომატიკა, დაუდასტურდა უკვე მასაც დიაგნოზი“, - უთხრა ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.
მისი განმარტებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 17 პაციენტია განთავსებული, გუშინ კვლევაში 6 პაციენტი იყო, მათგან ახალ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ერთს აღმოაჩნდა, ამ დროისათვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების კიდევ ერთი, რიგით 67-ე შემთხვევა.
განახლებული მონაცემები 13 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge.
67-დან 9 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.
ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის და საავადმყოფოში განთავსებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ:
“სხვადასხვა დროს იყვნენ ჩამოსულები - ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათ გამოუვლინდათ დაავადება, ანუ ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ეს გუშინ მოხდა, დღის განმავლობაში. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან”, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა 5-ს.