COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა საქართველოში
90- მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, - ამის შესახებ იტყობინება სამთავრობო ვებ-საიტი stopcov.ge, რომელმაც განახლებული მონაცემები 28 მარტის, 20.00 სთ-ზეგამოქვეყნა.
არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც კვლავ 14-ია.
ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე: „საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე!“

„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი.
„ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს, რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.
„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: „მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი!“
„ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტის დაავადების წყარო დადგენილი არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში.
„სამ შემთხვევაში არ ვიცით, ვინ არის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ, მაგრამ ორ შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავადგენთ, ანუ ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება იმ პირებისგან, რომელთა ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული და ეს ინფიცირებული ადამიანები დადიან ქვეყანაში და სხვებს ასნებოვნებენ.
„ეს ფაქტია უაღრესად საყურადღებო და, მე ვიტყოდი, საგანგაშო“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომლის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.
„სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.