780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებსა და ტერიტორიაზე
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებული ზომების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე გამოცხადდნენ 29 მარტს და „ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ“.
„იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან, რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით, ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში, მე მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. დაახლოებით 400-ზე ადამიანი იქნება თითო ცვლაში, დანარჩენი დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც, ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა, დაკომპენსირდეს“, - თქვა წულუკიანმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან მათ ორ დღეში საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა შეძლეს.
წულუკიანი მიმართავს პატიმრებს: „მოუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება. პატივი სცენ მათ. თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან“.
30 მარტს გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“.
მაია ცქიტიშვილი: კარანტინის პირობებში იმოქმედებს ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, საყოველთაო კარანტინის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი იქნება. პირველი რეჟიმი 8 საათიდან 21 საათამდე პერიოდს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას.
მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და იმუშავებენ ტაქსები. დღის ამ მონაკვეთში ასევე ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება იმ ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებულად გადაყვანას, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ კომენდანტის საათის დაწესების შემდეგაც.
რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის მეორე რეჟიმს, ის მოიცავს 21 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც სპეციალური საშვები ექნებათ.
საყოველთაო კარანტინი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 31 მარტის დილის 8 საათიდან ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.
გახარია: ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან
რელიგიური დღესასწაულების შესახებ დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა მაშინ, როდესაც რელიგიური დღესასწაულები ახლოვდება და როგორ აპირებს გაუმკლავდეს ხალხის ნაკადს. ამასთან, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კომუნიკაცია.
„ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება და მისი შედეგია მაგალითად ის, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების შესაბამისი ხმის ტექნიკით აღჭურვა, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთ რამ გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, მოქალაქეს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ზომების გამკაცრების შინაარსი.
„ეს ნიშნავს აკრძალვას სახლიდან გამოსვლის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხო კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, დაასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, - ამბობს გახარია.
პრემიერის თქმით, სრული კარანტინი, ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ „21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს“.
30 მარტს გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".
როგორც გახარია დასძენს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც ხელისუფლებას შეეძლო იმისთვის, რომ არ გამოცხადებულიყო საყოველთაო კარანტინი.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.
საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.
„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 31 მარტიდან წესდება ე.წ. კომენდანტის საათი და გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.