Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:11 31.3.2020

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობის ცხელი ხაზის გადატვირთვისთვის მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი 114, 30 მარტს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე ამოქმედდა და ზარების დიდი რაოდენობის გამო, მალევე გადაიტვირთა. აღნიშნული უხერხულობის გამო ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება:

„ძალიან დიდი ოდენობა ზარები შემოვიდა, რის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ გარკვეულწილად რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს, თუმცა ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და ინფორმირებულობა იქნება ასევე უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა. მან მოქალაქეებს უთხრა, რომ 114-ის საშუალებით სრულ ინფორმაციას მიიღებენ საყოველთაო კარანტინის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

12:51 31.3.2020

საქართველოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევაა

საქართველოში 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი.

მონაცემები 12:30 საათის შემდეგ განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. მანამდე დადასტურებული იყო საერთო ჯამში 108 შემთხვევა. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

12:12 31.3.2020

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალი კორონავირუსისგან განიკურნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ 21 ადამიანს შორისაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, იგი უკვე გაწერეს საჩხერის საავადმყოფოდან, სადაც მკურნალობის სამკვირიანი კურსი გაიარა. გამოჯანმრთელებულია მისი ორი შვილიც, რომლებიც ამავე საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.ისინი დადგენილი წესის შესაბამისად ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

12:11 31.3.2020

COVID-19-ით დაავადებული გალელი პაციენტის საერთო მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ გალელ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსით COVID-19-ით დაავადება 30 მარტს დაუდასტურდა, შესაბამის კვლევებს და მკურნალობას უტარებენ.

საავადმყოფოს ექიმის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, მისი საერთო მდგომარეობა სტაბილურია. დამატებითი გამოკვლევები დღის ბოლომდე დასრულდება.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. თავდაპირველად დე ფაქტო ხელისუფლება ამ პაციენტისთვის ე.წ. საზღვრის გახსნას უარყოფდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალს COVID-19 აღმოაჩნდა, გალის რაიონიდან ზუგდიდში მისი ტრანსპორტირება დაადასტურა. 30 მარტს ღამიდან, დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა გალიდან ოჩამჩირისკენ მიმავალი გზა.

უფრო ადრე, თებერვლის ბოლოდან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდა, 14 მარტს კი, საერთოდ დაკეტა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დარჩენილი ქართველები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იღებდნენ პენსიას, შემწეობის თანხას და სამედიცინო მომსახურებას და პროდუქტს და მედიკამენტებსაც ძირითადად, იქ ყიდულობდნენ.

30 მარტიდან ოჩამჩირის და შესაბამისად, აფხაზეთის სხვა რაიონებისკენ მიმავალი გზის დაკეტვით, გალის რაიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG