მსოფლიოს ხუთეულში მყოფ, ევროპის 4 ქვეყანაში COVID-19-ის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო

ევროპის 4 ქვეყანაში, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ხუთეულში არიან, ბოლო ორ-სამ დღეში შედარებით იკლო კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. ამას ცხადყოფს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემები.
ესპანეთში, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, 3 აპრილს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7100-ს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 5400-ს.
იტალიაში, რომელიც მსოფლიოში მესამე, ევროპაში კი, მეორე ადგილზეა, 4 აპრილს 4 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 აპრილს კი - 4300-ზე მეტი.
გავრცელების მასშტაბით იტალიას მოსდევს გერმანია, სადაც 3 აპრილს იყო 6300-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო 5 აპრილს - 4000-ზე მეტი.
ბოლო სამ დღეში ყველაზე საგრძნობი კლებაა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე მყოფ საფრანგეთში, სადაც 3 აპრილს ახალი შემთხვევების რიცხვი 23 ათასს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 2 800-ზე მეტი იყო.
ამავე პერიოდში ოთხივე ქვეყანაში შედარებით იკლო გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმაც.
საქართველოში 188-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 188-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.
საჩხერის კლინიკის 10 თანამშრომელს და მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას აცნობა ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.
საჩხერის სამედიცინი ცენტრის ამ თანამშრომლებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ცენტრის ექიმთან, მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ცოლთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ტესტირება ჩაუტარეს მერსაც. მას COVID-19 არ დაუდასტურდა. მერის ცოლი საჩხერის კლინიკის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას, ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. თვითიზოლაციაშია კლინიკის ასამდე თანამშრომელი.
საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან იღებს ინფიცირებულ პაციენტებს.
მოსკოვში სამ მღვდელს COVID-19 დაუდასტურდა

მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი COVID-19 აღმოაჩნდა.
მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს კიდევ ორ სასულიერო პირს, თუმცა, მათი დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ჯგუფის ტელეგრამ-არხით გამოქვეყნდა მღვდლების ვინაობა და მოწოდება, რომ ყველამ, ვისაც ამ სასულიერო პირებთან კონტაქტი ჰქონდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.
29 მარტს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო ტაძრებში ნუ მივლენ.
5 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გამორიცხა, რომ მორწმუნეებს მოუწევთ 19 აპრილს, სააღდგომო ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურონ. მიტროპოლიტის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პატრიარქი ამ საკითხზე მრევლს მიმართავს.
რუსეთს ამ დროისთვის დადასტურებული აქვს COVID-19-ით დაავადების 5389 შემთხვევა. გარდაცვლილია 45.