ლევან რატიანი: დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ერთი ნათელია - დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს:
„ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალი, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.
რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალური:
„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური ... დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე - სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.მისი განმარტებით კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით იბფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.
მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შვიდითაა გაზრდილი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი 7 შემთხვევიდან 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა. ექიმის თანახმად, მისი ინფიცირების წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია:
„ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკ-ჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
საქართველოში 195-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.
COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობამ იმატა

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა აშშ-სა და ევროპის ოთხ ქვეყანაში, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ხუთეულში არიან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები.
საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში 5 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 1165 შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 1255. აშშ-ში 5 აპრილს დაავადების 25 316 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს 30 331.
ესპანეთში 5478-დან 5029-მდე შემცირდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, გარდაცვალების კი მცირედით გაიზარდა. 5 აპრილს 694 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 აპრილს 700.
დაავადების ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებლმა იკლო იტალიაშიც. 5 აპრილს დაფიქსირდა 4316 ახალი შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 3599. ამასთან, გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 5 აპრილს 525 ლეტალური შედეგი დადგა, ხოლო 6 აპრილს 636.
სიკვდილიანობის მაჩვებელმა მოიმატა გერმანიაშიც, სადაც 5 აპრილს გარდაიცვალა 140 ადამიანი და 6-ში 226. შემცირებულია დაავადების ახალი შემთვევები. 5 აპრილს დადასტურდა 4031, ხოლო 6 აპრილს 3253.
24 საათში ყველაზე დიდი მატებაა საფრანგეთში, სადაც 5 აპრილს დაავადების 2886 შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპილს 5171. 5 აპრილს გარდაცვლილი იყო 518 ადამიანი, ხოლო 6 აპრილს 833 ლეტალური შედეგი დადგა.
გასული კვირის ბოლო დღეებში ამ ქვეყნებში როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდებოდა.