ცუდსა და უარესს შორის - სამი სცენარი საქართველოს ეკონომიკისთვის
საქართველოში წელს შესაძლოა, რეცესია, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა დაფიქსირდეს. 90-იანი წლების შემდეგ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ - 2009 წელს მოხდა. მაშინ დარტყმას, რომელიც ქვეყანას აგვისტოს ომმა მიაყენა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაემატა. ახლა სავარაუდო რეცესია კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით გადაწყვეტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ“, - უთხრა დღეს, 9 აპრილს მედიას გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით, ყველაზე მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.
პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში, სადაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მუშაობს სპეციალური ქოლცენტრი 144 და მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საგანგებო რეჟიმის პირობებზე.
COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ვახტანგ გომელაური: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეითხვას, რომელიც სააღდგომო ღონისძიებების აღნიშვნას შეეხებოდა.
მისი განცხადებით მთავრობა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან კონსულტაციებს აწარმოებს და გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება.
„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე,რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე დაჯარიმდება თუ არა აღდგომის ღამით ეკლესიაში მისული მრევლი, ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა:„კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო".
დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.
აჭარაში შიდა გავრცელების კონტაქტების კვლევამ 116 შემთხვევაში COVID-19 არ გამოავლინა

COVID-19-ით დაავადებული ბათუმელი ქალის გარეშემო არსებული კონტაქტებიდან 116 შემთხვევაში, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გუშინ, 8 აპრილს ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მედიას დღეს, 9 აპრილს გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმელ ქალს, რომლის დაინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია, კონტაქტები ჰქონდა ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან და მეზობლებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახლო ნათესავებთან და მეზობლებთან. მათ შორის 5-ს კორონავირუსი 7 აპრილს დაუდასტურდა. 5-დან სამი მეზობელია, ხოლო ორი ბათუმელი პაციენტის ოჯახის წევრები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებასთან.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 8 აპრილს, ქობულეთში აღრიცხეს ინფიცირებულებთან 108 კონტაქტირებული პირი. მათგან ლაბორატორიული კვლევისთვის 40-მდე ნიმუში აიღეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ოჯახური კონტაქტების წარმომადგენლებისგან. ნიჟარაძის განმარტებით, ნიმუშების აღება ხდება დაგდენილი ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას.
ნიჟარაძის განმარტებით, პირები, რომელთა ტესტირება უკვე ჩატარდა, დაავადების რისკის წინაშე თითქმის აღარ არიან, მაგრამ ზედამხედველობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. უკვე ტესტირებული და კონტაქტის მქონე სხვა პირებიდან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მუშაობა გრძელდება და კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.