ქუთაისი: კორონავირუსის 16-იდან 15 დადასტურებელი შემთხვევა ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება
ბოლო 24 საათში ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 1 082 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთის წყარო უცნობია, დანარჩენი 15 კი, დადასტურებული შემთხვევაა და ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.
ისინი ქუთაისის 32 -ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონტაქტის მქონე პირები არიან.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე განმარტავს, „16 შემთხვევიდან 14 ქუთაისში, 1 კი ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ეს უკანასკნელი ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს და იგი იმყოფებოდა იზოლაციაში“.
გიორგიძის განცხადებით, 12 სექტემბერს, ქუთაისის ბულვარში მდებარე საველე ლაბორატორიაში აღებული 300 -მდე ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქუთაისში ერთ -ერთი კლინიკა, გადაკეთდება კოვიდმიმღებ ცენტრად, რადგან ქალაქის შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში 18 პაციენტია და განყოფილება ახალ პაციენტებს ვერ იღებს.
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რეკორდულად მაღალი რაოდენობა 11 სექტემბერს დაფიქსირდა, კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 20-ზე მეტი ქალაქის 32 -ე სკოლის თანამშრომელია. 9 სექტემბრის შემდეგ ქუთაიში გამოვლენილი კოვიდინფექციის დადადასტურებული შემთხვევებიდან 65 ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დადგმულ კარავში მესამე დღეა საველე ლაბორატორია მუშაობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია PCR ტესტირების ჩატარება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 სექტემბერს კორონავირუსის დადასტურებული 152 შემთხვევების უმრავლესობა, 90 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
15 ქუთაისის სკოლის კლასტერია, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევა.
მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით უცნობია 11 შემთხვევის წყარო
ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე გრძელდება 11 შემთხვევის კონტაქტების კვლევა.
გამოჯანმრთელებულია 6 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დაინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, თუმცა მათ ძირითადად დაავადების უსიმპტომო ფორმა აქვთ.
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2227 დადასტურებული შემთხვევაა.
დადასტურდა Covid 19-ის 152 ახალი შემთხვევა

Stop.gov.ge-ს მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა და 13 სექტემბრის ვითარება ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2227
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1363
მათ შორის გარდაცვლილი - 19
კარანტინის რეჟიმში - 5882
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41