საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევაა

საქართველოში 211-დან 214-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დააავდებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.
სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 10:15 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
დე ფაქტო მთავრობის ცნობით, სოხუმში გარდაცვლილ 15 წლის ბიჭს COVID-19 არ ჰქონდა

კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების გამო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ პნევმონიის დიაგნოზით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ 15 წლის ბიჭს, რომელიც 8 აპრილს გარდაიცვალა, კორონავირუსი არ ჰქონდა.
შტაბის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამავე შტაბის განცხადებით, ბიჭს 7 წლის ასაკიდან ჰქონდა ფილტვების სერიოზული პრობლემა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების ორი ფაქტი.
დე ფაქტო ხელისუფლება პირველ შემთხვევად თვლის გაგრელ მამაკაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა. მას კორონავირუსი 7 აპრილს დაუდგინეს. 8 აპრილს, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ COVID-19 დაუდასტურდა ამ პირთან კონტაქტში მყოფ მამაკაცს.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გაგრაში გამოაცხადა კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 8-დან დილის 7 საათამდე მოქმედებს.
დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.
აჭარაში შიდა გავრცელების კონტაქტების კვლევამ 116 შემთხვევაში COVID-19 არ გამოავლინა

COVID-19-ით დაავადებული ბათუმელი ქალის გარეშემო არსებული კონტაქტებიდან 116 შემთხვევაში, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გუშინ, 8 აპრილს ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მედიას დღეს, 9 აპრილს გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმელ ქალს, რომლის დაინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია, კონტაქტები ჰქონდა ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან და მეზობლებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახლო ნათესავებთან და მეზობლებთან. მათ შორის 5-ს კორონავირუსი 7 აპრილს დაუდასტურდა. 5-დან სამი მეზობელია, ხოლო ორი ბათუმელი პაციენტის ოჯახის წევრები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებასთან.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 8 აპრილს, ქობულეთში აღრიცხეს ინფიცირებულებთან 108 კონტაქტირებული პირი. მათგან ლაბორატორიული კვლევისთვის 40-მდე ნიმუში აიღეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ოჯახური კონტაქტების წარმომადგენლებისგან. ნიჟარაძის განმარტებით, ნიმუშების აღება ხდება დაგდენილი ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას.
ნიჟარაძის განმარტებით, პირები, რომელთა ტესტირება უკვე ჩატარდა, დაავადების რისკის წინაშე თითქმის აღარ არიან, მაგრამ ზედამხედველობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. უკვე ტესტირებული და კონტაქტის მქონე სხვა პირებიდან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მუშაობა გრძელდება და კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ვახტანგ გომელაური: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეითხვას, რომელიც სააღდგომო ღონისძიებების აღნიშვნას შეეხებოდა.
მისი განცხადებით მთავრობა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან კონსულტაციებს აწარმოებს და გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება.
„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე,რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე დაჯარიმდება თუ არა აღდგომის ღამით ეკლესიაში მისული მრევლი, ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა:„კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო".
დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.