Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:11 11.4.2020

COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი

საქართველოში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი. ამის შესახებ განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა კლინიკის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი რჩება.

საერთო ჯამში, საქართველოში გამოჯანმრთელდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 56 ადამიანი. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვია 233. COVID-19-ით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

21:21 11.4.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ - 242

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 233-დან 242-მდე გაიზარდა.

ოთხით გაიზარდა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 60-ს მიაღწია.

16:48 12.4.2020

მარინა ეზუგბაია: "სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა"

12 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 252 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ეს არის დაავადების მიმდინარეობის ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა.

"გუშინ დილით იყო 233, მათ დაემატა 19 პაციენტი. თუ ჩვენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ 252-ს, მაშინ გამოვა, რომ დღეს Covid-ის სამკურნალო ცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე.

გუშინ ჩვენს ცენტრში 16 პაციენტთან გაკეთდა ტესტირება და დადასტურდა მხოლოდ 1, მათ შორის მიმდინარეობს იმ ადამიანების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებასაც ველოდებით. ამ ეტაპზე 7 პნევმონია მიმდინარეობს მძიმედ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხდება პროგნოზირება, საჭიროებს დაკვირვებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

16:49 12.4.2020

ქობულეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

დღეს, მისი თქმით, გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

"გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შსს-ს და თავდაცვის ძალები.

მოქალაქეებს სახლიდან გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საჭიროებენ პროდუქტის ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

მათ შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაგრძელება, თუ დაიცავენ პროტოკოლს, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამსახურებმა დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტების მოკვლევა, რომლებიც უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს. მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც უნდა შემოწმდეს ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციულ ერთეულში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG