აფხაზეთში COVID-19-ით გარდაიცვალა მე-7 პაციენტი
სოხუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი. 84 წლის ქალი 13 სექტემბერს გარდაიცვალა, თუმცა, ინფორმაცია ორი დღის შემდეგ გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა. მისი ცნობით, ქალს სახლში მკურნალობდნენ, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნა დააფიქსირა და ტრანსპორტირების მცდელობისას პაციენტს გული გაუჩერდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 674 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 186.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა რუსეთთან გაზაფხულის შემდეგ დაკეტილი ე.წ. საზღვარი და რუსი ტურისტების მიღება დაიწყეს. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 593.
დღეიდან, 15 სექტემბრიდან რუსეთთან „საზღვარი“ გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამაც, რომელსაც მაისის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 90 შემთხვევა.
აშშ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სრულად ანეიტრალებს კორონავირუსს
აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი. ცილას შეუძლია კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს ის.
საქმე ეხება ცილოვან შენაერთს, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება, ნათქვამია გამოკვლევაში, რომლის შედეგები ორშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Cell-ში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.
„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად,“ განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 2400-მდე საწოლია მობილიზებული.
15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა, რომელიც 2007 წლის 8 ნოემბერს დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ.
▪️როგორ აღინიშნება ეს დღე პანდემიის პირობებში? იზრდება თუ მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა? დააზიანა თუ არა დემოკრატიის გაგებისა და აღქმის მექანიზმი COVID-19-ის პანდემიამ? - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხები წაიკითხეთ აქ ⬇️