Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სარგებელი


ქუთაისი
ქუთაისი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველო ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დიალოგის ხელშეწყობას. ევროკავშირის განმარტებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) კონცეფციაა, რომლის თანახმად, კომპანია ბიზნესოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იზიარებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით და რეგულარული აქტივობებით ნებაყოფლობით ზრუნავს საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არის.

გადმოწერა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელის, ლელა ხოფერიას, განცხადებით, ევროკავშირმა მოკლე დროში ძალიან დიდი ღონისძიებები განახორციელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნით ხელი შეუწყო ბიზნესის ეფექტურ და შედეგიან მუშაობასა და დადებით გავლენას საზოგადოებაზე.

ბიზნესის ეთიკურად წარმოება, ადამიანის უფლებების, შრომითი სტანდარტებისა და გარემოს დაცვა, მომხმარებელთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა, თემში არსებული საჭიროებების გათვალისწინება - ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ახასიათებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას...

ლელა ხოფერია ავტორია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შედგენილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოსი, რომელიც მომზადდა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაფინანსებით. ლელა ხოფერიას თქმით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ მსხვილი კორპორაციების ინტერესის სფერო არ უნდა იყოს, მისი განხორციელება წარმატებით შეუძლიათ მცირე და საშუალო კომპანიებსაც. ბიზნესის ეთიკურად წარმოება, ადამიანის უფლებების, შრომითი სტანდარტებისა და გარემოს დაცვა, მომხმარებელთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა, თემში არსებული საჭიროებების გათვალისწინება - ეს ის მიმართულებებია, რომლებიც, ლელა ხოფერის თქმით, ახასიათებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. ლელა ხოფერიასავე განმარტებით, ქველმოქმედება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა მხოლოდ ქველმოქმედება არ აქცევს კომპანიას პასუხისმგებლიანად:

„მხოლოდ ქველმოქმედებას თუ ეწევა კომპანია და სხვა კომპონენტებში არ მოქმედებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით, აბინძურებს გარემოს, თავისი თანამშრომლების უფლებებს არღვევს, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები, ინფორმაციას არ აწვდის მათ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში კომპანია, რა თანხაც არ უნდა დახარჯოს ქველმოქმედებაზე, ვერ ჩაითვლება პასუხისმგებლიანად“.

რატომ უნდა აიღონ მცირე და საშუალო კომპანიებმა დამატებითი პასუხისმგებლობა და დახარჯონ დრო, ფული და ადამიანური რესურსი? - ამ შეკითხვის პასუხად, ლელა ხოფერია განმარტავს, რომ კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგიული საშუალება და მომხმარებლის მოზიდვის გზა:

„მცირე კომპანია ზუსტად ისევე შეიძლება იყოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი, როგორც დიდი, და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტადაც არის ხოლმე, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, რადგან უფრო მეტად ზრუნავს თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე და იმ თემის ნაწილია, რომელშიც ოპერირებს და ა.შ. რეალურად, ძალიან ხშირად მცირე და საშუალო კომპანიები აკეთებენ იმას, რაც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტია. უბრალოდ, ამას ვერ არქმევენ სახელს“.

ლელა ხოფერიას განმარტებით, ზოგჯერ მცირე და საშუალო კომპანიები სოციალურ პასუხისმგებლობას ახორციელებენ გაუთვითცნობიერებლად, რადგან მათი სტრუქტურა ბევრად მოქნილია და ახლოს არის იმ თემთან, რომლის ნაწილსაც წარმოადგენენ. ზოგჯერ პრობლემას ქმნის კომპანიების წარმომადგენელთა არაინფორმირებულობაც. სახელმძღვანელო, რომელიც ინტერნეტით ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი, მიზნად ისახავს მარტივად, პრაქტიკული რჩევებითა და მაგალითებით მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. ლელა ხოფერიას განცხადებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიამ ნებაყოფლობით უნდა განახორციელოს და ამას კანონი არ არეგულირებს, თუმცა ხელისუფლებას შეუძლია წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი მექანიზმები აამოქმედოს. ლელა ხოფერიას თქმით, ბოლო ხანს საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულების განვითარებას, რაც განპირობებულია ასოცირების შეთანხმების დირექტივათა შესრულების აუცილებლობითაც.

ქუთაისი
ქუთაისი

ქველმოქმედების, სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების გარდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთ ფორმას - საგანმანათლებლო კომპონენტს - ირჩევს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ამბობს, ახალგაზრდულ ცენტრში მოქმედებს შვიდი წრე, სადაც 300-მდე მოზარდი ეუფლება ხელოვნებას. ნატალი პატარიძის თქმით, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის შესახებ ნამუშევრების შექმნის იდეამ მოზარდებზე - და მათი ნამუშევრებით საზოგადოების ნაწილზეც - დადებითი გავლენა მოახდინა. ნატალი პატარიძე მიიჩნევს, რომ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება გაცილებით იოლია ხელოვნების დახმარებით:

„ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც წვდომა აქვს ბავშვებთან, ამიტომ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ აქ მარტო ხატვას, ბალეტს და ვოკალს არ სწავლობს ბავშვი.მოზარდები ამ ქალაქის ხვალინდელი დღეა და რაც უფრო სწორი ფასეულობებით გაიზრდებიან და არ დაჩაგრავენ თანატოლს, არ დაჩაგრავენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს არ მიაყენებენ შეურაცხყოფას, ექნებათ მეტი მიმღებლობა და მზაობა, მით უფრო კარგ ქალაქში ვიცხოვრებთ და ვფიქრობ, რომ ფინანსურ დივიდენდზე მეტი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს“.

ბიზნესსუბიექტების სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას მცირე მეწარმე ქრისტინე მაღლაკელიძე ამბობს, რომ კომპანიები ორიენტირებულნი არიან მოგებაზე, თუმცა მოგების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში უჩნდებათ სოციალური პასუხისმგებლობაც. ქრისტინე მაღლაკელიძის აზრით, სოციალური პასუხისმგებლობა ზოგჯერ შეიძლება ერთგვარი მარკეტინგული გათვლა იყოს, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს. მეწარმეს საკუთარი მაგალითი მოჰყავს:

„მე მაქვს მცირე ბიზნესი, რომელიც მეღვინეობას უკავშირდება და, ცხადია, საქმიანობა იმიტომ წამოვიწყე, რომ გამეყიდა ჩემი პროდუქტი, მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით ჩემს სოციალური პასუხისმგებლობის ფორმულას: „ცისფერყანწელების“ სახელის დარქმევით და შემდეგ სოციალურ სივრცეში„ცისფერყანწელების“ შემოქმედების ინტენსიური გაზიარებით ვცდილობ მათი შემოქმედების მიმართ ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. ეს შეიძლება აღვიქვათ და ეს არის, ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ, ეს ჩემთვის არის გზა იმისთვის, რომ მეტად ეფექტურად გავყიდო პროდუქტი. ეს არის მარკეტინგული გათვლა“.

ქუთაისი
ქუთაისი

ქრისტინე მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ ზოგჯერ რთულიცაა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და მარკეტინგული გათვლის გამიჯვნა, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობისთვის განხორციელებული ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიისთვის მხოლოდ დადებით იმიჯს და საზოგადოების კეთილგანწყობას ქმნის:

„ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური პასუხისმგებლობა როგორც მცირე, ისე დიდი საწარმოსთვის იწვევს დადებითი იმიჯის შექმნას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს გაყიდვების ზრდას“.

მცირე მეწარმე ქრისტინე მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ბოლო დროს საზოგადოებისა და მეწარმეების ინფორმირება იმატებს, თუმცა მხოლოდ ინფორმირება არასაკმარისია და კონკრეტული მაგალითების გაზიარებაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG