Accessibility links

საქართველოს მოსახლეობა მწვავედ აღიქვამს კორუფციის რისკებს


საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 68,8% თვლის, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად. გამოკითხულთა ასევე დიდ ნაწილს (58,6%) მიაჩნია, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს.

3 აპრილს გამოქვეყნდა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში და მოსახლეობის განწყობას სხვადასხვა ინსტიტუციისა და მოვლენის, მათ შორის, კორუფციის მიმართ. კითხვაზე „ვის უფრო მაღალი შანსი აქვს დასაქმდეს - კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით?“, გამოკითხულთა 68,8% თვლის, რომ - მინისტრის ნათესავს.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC), „ღია საზოგადოების ფონდისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია - International IDEA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 2018 წლის 16-27 ნოემბერს თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი გამოიკითხა.

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 55% თვლის, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. 10%-ია სრულად კმაყოფილი პოლიტიკური პარტიების საქმიანობით, 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

გამოკითხულთა 45,8%-სთვის ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ლიდერის ვინაობა, 38,5%-სთვის - პარტიის საარჩევნო პროგრამა. ამასთან, მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. უმრავლესობა - 60,7% ფიქრობს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქალს.

მოსახლეობის 17% ქალიშვილს პოლიტიკაში წასვლას მოუწონებდა. გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.

შრომითი უფლებებიდან ყველაზე ხშირ დარღვევად არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%) სახელდება.

საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია პროფესიულ კავშირებში გაერთიანებული. გამოკითხულთა 41,2% არ მოელის, რომ შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასამართლო დაეხმარება. დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს.

CRRC-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის სულ 9%-ის ძალიან კმაყოფილი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით, 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

გამოკითხულთა 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 34% მედიკამენტებზე თვეში საშუალოდ 50 ლარამდე ხარჯავს, 26% კი - 51-100 ლარს.

გამოკითხვა შეეხებოდა განათლების სფეროსაც. მოსახლეობის 80,1% თვლის, რომ კარგი განათლების მისაღებად აუცილებელი პირობაა კარგი ფინანსური მდგომარეობა. წარმატების მისაღწევად აუცილებელ პირობად კარგ განათლებას ასახელებს გამოკითხულთა 58,9%. მოსახლეობის 31,6% ამბობს, რომ აქვს უმაღლესი განათლება. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობის კუთხით.

CRRC-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 83,2% სრულად ან ძირითადად ენდობა საქართველოს პატრიარქს, საპატრიარქოს მიმართ ნდობის ხარისხი 52,1%-ია.

„რომელ რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს?“ - ამ კითხვაზე 82,5%-ის პასუხია „მართლმადიდებელ ეკლესიას“, გამოკითხულთა 5,9% თავს სომხურ სამოციქულო ეკლესიას მიაკუთვნებს, 3,4% - სუნიტურ ისლამს, 2% - შიიტურ ისლამს, 2% - კათოლიკურ ეკლესიას, 1,5% - იუდაიზმს.

მოსახლეობის გამოკითხვის ეს შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია და მისი შედეგები გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება.

International IDEA-ს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების ანგარიში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს მომზადებული; საქართველოში კი ასეთი ანგარიში პირველად მზადდება. ანგარიშზე 15-მდე ავტორი მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG