Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში: ვიცე-პრეზიდენტი მოქრთამეს?


ევა კაილი, საილუსტრაციო ფოტო
ევა კაილი, საილუსტრაციო ფოტო

ბრიუსელში დაკავებულ ოთხ ადამიანს ბრალი ედებათ ფულის აღებაში კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ. ევროპარლამენტს ასეთი სკანდალი ჯერ არ ახსოვს, მაგრამ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, ეს ერთეული შემთხვევა იყოს.

ევროპარლამენტში დიდი კორუფციული სკანდალია. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში 16 რეიდი ჩაატარა და 6 ადამიანი დააკავა. აქედან 4-ს ბრალი წაუყენეს.

ბრალდებულთაგან ორი, შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს წარმოადგენს. ორივე ორგანიზაცია ბრიუსელში ერთ მისამართზეა რეგისტრირებული. კიდევ ერთი დაკავებული, იტალიელი პიერ ანტონიო პანცერი, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატია. მეოთხე, ევა კაილი, ბერძენი სოციალისტი და ევროპარლამენტის, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია.

ბელგიის პროკურატურის მტკიცებით, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყანა მათ უგზავნიდა ფულს და საჩუქრებს, სანაცვლოდ კი ითხოვდა ზეგავლენას ევროპარლამენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, ამ ქვეყნის სასარგებლოდ. ამერიკული გამოცემა Politico და არაერთი ევროპული მედია წერენ, რომ ეს ქვეყანა კატარია.

Politico-ს მტკიცებით, ჟურნალისტმა საქმის მასალები ნახა. ქრთამის სანაცვლოდ, კაილის და სხვებს უნდა გაევრცელებინათ პოზიტიური ინფორმაცია კატარზე, მათ შორის ქვეყანაში მიგრანტების შრომითი უფლებების შესახებ.

ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ დააყადაღა 600 ათასი ევრო. ამ თანხის ნაწილი თან ჰქონდა ევა კაილის მამას, რომელიც ბრიუსელში, ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნით დააკავეს - წერს ბელგიური გამოცემა L’Echo.

პრობლემების მიჩქმალვა

ჯერ კიდევ 2010 წელს, ფიფა-ს გადაწყვეტილებას, მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში ჩაატაროს, დიდი კრიტიკა მოჰყვა. საქმე ისაა, რომ იქ სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი შრომითი უფლებები.

მაგალითად, 2016 წელს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა დაწერა, რომ ადამიანები სტადიონების, სასტუმროებისა და გზების მშენებლობებზე გაუსაძლის პირობებსა და 40-გრადუსიან სიცხეში მუშაობდნენ. დღეში 14-18 საათს, დასვენების გარეშე. მუშების საშუალო ხელფასი თვეში 220 დოლარი იყო.

გამოცემა "გარდიანმა" გამოიანგარიშა, რომ ბოლო 11 წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც კატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო, დაიღუპა 6500-ზე მეტი მიგრანტი მუშა. შემთხვევების უმეტესობა გამოუძიებელია.

მართალია კატარმა შეცვალა შრომითი კანონმდებლობა, თუმცა ოფიციალურად, ქვეყანას არასოდეს უღიარებია, რომ სისტემური პრობლემები აქვს. პირიქით - ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ კატარის წინააღმდეგ შეთქმულებაა და ევროპელი პოლიტიკოსები ქვეყნის გაშავებას ცდილობენ.

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა საგანგებო რეზოლუციით, მწუხარება გამოხატა კატარში დაღუპული ყველა მუშის გამო. თუმცა ევა კაილიმ მაშინ საჯაროდ დაიცვა კატარი და თქვა: ქვეყანამ “ისტორიული ტრანსფორმაცია” გაიარა, ცოტა ხნის წინ მიგრანტების უფლებებს აიგნორებდა, ახლა კი მათი დაცვა ისწავლაო.

“აქ ბევრნი მოგვიწოდებენ მათი [კატარის] დისკრიმინაციისკენ და აბულინგებენ მათ. ხოლო ყველას, ვინც მათთან მოლაპარაკებებშია ჩართული, კორუფციაში ადანაშაულებენ”, - თქვა მაშინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

29 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰასან ალ-თჰავადიმ აღიარა, რომ ტურნირისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე დაიღუპა დაახლოებით 500 მიგრანტი მუშა და არა 38, როგორც აქამდე კატარი ამტკიცებდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, კატარს ევროპარლამენტარების მოქრთამვა მხოლოდ მიგრანტი მუშების უფლებების დარღვევების მისაჩქმალად არ სჭირდება.

კატარს სურს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რამდენიმე დღის წინ კაილიმ მართლაც თქვა, რომ დროა, ევროკავშირმა გააუქმოს სავიზო რეჟიმი კატარისა და ქუვეითის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ახლა ევროკავშირი აპირებს გაზი სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნიდან შემოიტანოს.

კატარმა ბრალდებები უარყო. "კატარის ხელისუფლების ნებისმიერი დაკავშირება გაჟღერებულ ბრალდებებთან უსაფუძვლო და სინამდვილეს მოკლებულია." - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“არ არის ერთეული შემთხვევა”

“ევროპული დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა” - თქვა ორშაბათს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

მან დადო პირობა, რომ ევროპარლამენტი დაიწყებს შიდა გამოძიებას და მაქსიმალურად ითანამშრომლებს პოლიციასთან. კენჭისყრა კატართან უვიზო მიმოსვლის დაწყებაზე უკვე გაუქმდა, სამაგიეროდ, პარლამენტი კენჭს უყრის ევა კაილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.

გამოცემა Politico-სთვის დაწერილ სვეტში, პარიზელი პროფესორი ევროკავშირის სამართლის საკითხებში, ალბერტო ალემანო წერს, რომ კორუფციას ევროპარლამენტში ფესვები აქვს გადგმული.

“სკანდალმა გამოააშკარავა ის, რაც ევროპელთა დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა. რომ ფულით შესაძლებელია ევროკავშირში ზეგავლენის ყიდვა”.

იგივე აზრზეა კორუფციასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციის, Transperency International-ის დირექტორი, მიშელ ვან ჰულტენიც.

“რამდენიმე ათწლეულია, [ევროპულმა] პარლამენტმა დაუშვა, რომ შექმნილიყო დაუსჯელობის კულტურა… და არ ყოფილიყო არავითარი შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ეთიკური კონტროლისთვის”, - თქვა მან.

სკანდალს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანიც, რომლის ხელისუფლებასაც ბრიუსელი ხშირად აკრიტიკებს დემოკრატიული გადაცდომებისა და კორუფციისთვის. ახლა მისი ჯერი დადგა.

ორშაბათს, დილით ორბანმა ტვიტერზე დაპოსტა მიმი, რომელზეც რამდენიმე კაცი ხარხარებს. სურათს აწერია “და მერე იტყვიან, ევროპის პარლამენტი სერიოზულადაა დამწუხრებული უნგრეთში კორუფციის გამოო”.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG