Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმონავტი მაიმუნები სოხუმიდან


1970-იან წლებში საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მაიმუნების გაშვება დაიწყო. პროგრამას „ბიონი“ ერქვა. მაიმუნები სოხუმის მაიმუნების სანაშენედან მიჰყავდათ.

თავდაპირველად მაიმუნები ექსპერიმენტისთვის აშშ-მა გამოიყენა, მაგრამ ცხოველები იღუპებოდნენ და, საბოლოოდ, ამერიკამ ამ სახის ექსპერიმენტები აკრძალა. სამაგიეროდ, მისი ჩატარება საბჭოთა კავშირმა დაიწყო, რომელიც მანამდე მსგავს ცდებს ძაღლებზე ატარებდა.

ექსპერიმენტის მიზანი ცოცხალ ორგანიზმებზე უწონადობისა და გამოსხივების ზემოქმედების განსაზღვრა იყო. მაიმუნებს სოხუმის მაიმუნების სანაშენედან არჩევდნენ. უჰაერო სივრცეში გასაგზავნად მაიმუნის ყველა ჯიში არ გამოდგებოდა, მხოლოდ მაკაკა რეზუსები (Macaca mulatta).

აბრეკი და ბიონი

მაიმუნებს სახელები ანბანის ასოების მიხედვით ერქვათ. პირველები აბრეკი და ბიონი გაუშვეს. ისინი 1983 წლის 14 დეკემბერს ხომალდ „ბიონ-6“-ით გაფრინდნენ. ეს ორი მაიმუნი ამჯერად აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საფოსტო მარკაზეც არის გამოსახული.

აბრეკმა და ბიონმა დაგეგმილზე ცოტა ნაკლები, 5 დღე-ღამე, იფრინეს, რადგან ერთ-ერთმა თავზე დამაგრებული აპარატურისგან გამოძრომა მოახერხა. დაშვების შემდეგ ორივე ისევ სანაშენეში დააბრუნეს. შემდეგმა წყვილმა იფრინა 7 დღე-ღამე, დანარჩენები კი 2 -2 კვირის განმავლობაში უვლიდნენ გარს დედამიწას.

„ეხო კავკაზა“ წერს, რომ ბოლო წყვილი, რომელიც სოხუმის მაიმუნების სანაშენედან იყო, კოსმოსში 1992 წლის 29 დეკემბერს გაემგზავრა. მათ კროშა და ივაშა ერქვათ. 1993 წლის 10 იანვარს ორივე ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა. კროშამ ამ მოგზაურობის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა და 2010 წელს, 25 წლისა, ადლერის მაიმუნების საშენში მოკვდა.

1989 წლის 2 ნოემბერი, სოხუმის მაიმუნების სანაშენე. ფოტო: ირაკლი ჭოხონელიძის
1989 წლის 2 ნოემბერი, სოხუმის მაიმუნების სანაშენე. ფოტო: ირაკლი ჭოხონელიძის

ასკილის წვენის მოყვარული ეკიპაჟი

ხომალდში მაიმუნები მარტო არ იყვნენ. მათთან ერთად უშვებდნენ სხვა პატარა ცხოველებს და მწერებსაც, მაგალითად, უკვე 2013 წელს „ბიონ-მ1“-ისეკიპაჟის შემადგენლობა ასეთი იყო: 45 თაგვი, 8 მექვიშვია, 15 ხვლიკი, ლოკოკინები, კიბორჩხალები, თევზები და სხვადასხვა მიკროორგანიზმები.

მაიმუნები 2-3 წლის, ჯანმრთელები და საზრიანები უნდა ყოფილიყვნენ. კოსმოსში გაგზავნამდე მათ დიდხანს წვრთნიდნენ. აჩვევდნენ გარკვეულ მოძრაობებსა და რეფლექსების გამომუშავებას. ასწავლიდნენ კვებას კოსმოსური ხომალდის პირობებში.

ვლადიმერ ვოლკოვი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, VETTA TV-თან საუბრისას იხსენებს: „ეს მაიმუნები სოხუმის სანაშენედან იყვნენ. მათ წინ აბრებს ამაგრებდნენ, რომლებიც წითლად ინთებოდა. ამ დროს მაიმუნს სხვადასხვა სახელურის გადართვა უნდა მოესწრო. სანაცვლოდ საკვებს, ასკილის წვენს იღებდნენ, რომელიც ძალიან უყვარდათ“.

მან ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ფრენა, როდესაც მაიმუნმა, სახელად იეროშამ, ნამდვილი ალიაქოთი მოაწყო. მისი საკვების აპარატი გაფუჭდა. ამიტომ იეროშამ რაც გარშემო იპოვა, ყველაფერი შესანსლა.

გასაიდუმლოებული ობიექტი

სოხუმის მაიმუნების სანაშენე 1927 წელს დაარსდა. აქ იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. აფხაზოლოგი თემურ გვანცელაძე ამბობს, რომ დაწესებულება საბჭოთა კავშირის დროს გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

შსს არქივის ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბელქანიას, თქმით, მაიმუნებზე ონკოლოგიურ და რადიოლოგიურ ცდებს ატარებდნენ. შენობას ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზიც, სადაც გაწვრთნილი მაიმუნები გამოჰყავდათ და ტურისტებს აჩვენებდნენ.

„მოსახლეობა გასაიდუმლოებული ობიექტის წინააღმდეგი იყო, რადგან მისი კანალიზაცია ზღვას უერთდებოდა. ამბობენ იმასაც, რომ კომანში და შრომაში მაიმუნები პირდაპირ ტყეშიც იყვნენ გაშვებულები“, - ამბობს თამარ ბელქანია.

1971 წელი, სოხუმის მაიმუნების სანაშენე
1971 წელი, სოხუმის მაიმუნების სანაშენე

„პროფესორი“ მაიმუნების სანაშენედან

მაიმუნების სანაშენეს კოსმონავტების გარდა სხვა, ადგილობრივებისთვის უფრო ცნობილი, ბინადრებიც ჰყავდა. მათ შესახებ თავად სანაშენეს ვებსაიტზეა მოთხრობილი.

შიმპანზე აკი - მას შეეძლო მაგიდასთან სადილი, ჭურჭლის გამოყენებით, მაგრამ მოგვიანებთ ადამიანებისგან სხვა ჩვევაც შეიძინა - ფურთხება. შემდეგ ამ „ნიჭს“ აქტიურად იყენებდა იმის წინააღმდეგ, ვინც რამეს დაუშავებდა.

ორანგუტანგი ტარზანი - მას სიმღერა მოსწონდა და ამის გამო ახლომახლო ვინც ცხოვრობდა, ძალიან შეწუხებული იყო.

მაიმუნი დონი - განმათავისუფლებელი. ის არა მარტო თავად ახერხებდა გალიიდან გამოძრომას, სხვებსაც კარს უღებდა და მომვლელებს დილით აქეთ-იქით მოსეირნე მაიმუნები ხვდებოდნენ.

მაიმუნი „ბებია“ - მისმა მონაგარმა საბოლოოდ 241 მაიმუნი შეადგინა.

დაბოლოს, „პროფესორი“ - ის სხვა მაიმუნებზე გაცილებთ საზრიანი იყო. სანაშენეს თავისი სურვილისამებრ ტოვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა. თუმცა, როგორ ახერხებდა ჩაკეტილი გალიების გახსნას, მომვლელებმა დღემდე არ იციან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG