Accessibility links

კრიტიკა წითელი ჯვრის მიმართ. რა დაბრკოლებას აწყდება საერთაშორისო ორგანიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე?


წითელი ჯვრის მისია ოკუპაციის ზონაში

ზაზა გახელაძის ოჯახი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს აკრიტიკებს.

საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ დრომდე ვერ შეძლო ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს მოქალაქის მონახულება და მისთვის წერილის გადაცემა. ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოჯახმა მეორე დღესვე მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და დაკავებულის ცხინვალში მონახულება სთხოვა. წითელმა ჯვარმა ნებართვის მისაღებად, პროცედურის მიხედვით, დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართა. გაირკვა, რომ ზაზა გახელაძეს საკარანტინო ზონაში ვერ მოინახულებდნენ.

22 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესის“ ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა, კარმენ ეჩეზარეტამ, ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა „უშიშროების საბჭოს მდივანს“, ვალერი ვალიევს. რა პასუხი მიიღო ვალიევისგან, სააგენტო არ წერს. ფაქტია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნას არაფრად აგდებს და პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებს. გახელაძის დაკავებიდან 18 დღე გავიდა, ოჯახი კი ისევ უშედეგოდ ელის ცხინვალიდან ინფორმაციის მიღებას. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, უკვე ფიქრობს, რომ წითელ ჯვარს ნაკლებად აინტერესებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა:

„არაფერი არ ვიცით, რა უნდა ვიფიქროთ? ჯერ იყო და ორი კვირა, პანდემიის გამო, არანაირი შესვლა არ იქნებაო. ახლა უკვე ნამდვილად აღარ ვიცი, როდის დადგება ეს საშველი. ერთი იმასღა ვფიქრობ, რომ ისეთი საქმეა ჩვენი საქმე, რომ წითელ ჯვარს არც აინტერესებს“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბარიერებს აწყდება. ეს პოზიცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ქარდავამაც დაადასტურა. ის იხსენებს ეჩიზარეტასა და ვალიევის შეხვედრასაც და ამბობს, რომ ფაქტი ფაქტად რჩება და საერთაშორისო ორგანიზაციას დაკავებულთან არ უშვებენ:

„სამწუხაროდ, სიახლე არაფერი მაქვს. ისევ და ისევ დავდივართ, ვხვდებით, ვითხოვთ შეხვედრას. ჯერჯერობით ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ვერ ვნახეთ. ჯერჯერობით არ გამოგვივიდა არაფერი“.

რა ხდებოდა სხვა შემთხვევების დროს?

„სამწუხაროდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში კვლავ ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია“, - ამ ინფორმაციას დაკავებული ექიმის ოჯახი გასული წლის 22 ნოემბერს ავრცელებდა. პირველად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში ექიმის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შევიდა, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ. ექიმს ოჯახის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცეს და იქიდანაც საპასუხო წერილი წამოიღეს, რომელშიც გაფრინდაშვილი შემდეგ ჯერზე მედიკამენტების გაგზავნას ითხოვდა. ექიმის ოჯახი მუდმივად ითხოვდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას ოპერატიულად ემოქმედა. გაფრინდაშვილის შემთხვევაში პირველ მონახულებას 9 დღე დასჭირდა, ზაზა გახელაძის დაკავებიდან კი უკვე 18 დღეა გასული.

ზაზა გახელაძის ცოლი ახლა 30 ივლისს ერგნეთში გასამართ შეხვედრას ელოდება. ირმა ბუთხუზის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ მაინც გაიგებენ, რას აპირებს ცხინვალის ხელისუფლება. ოჯახს ზაზას გათავისუფლების მოლოდინი აქვს, თუმცა, პირველ რიგში, მათ ინფორმაცია სჭირდებათ:

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რაღაცას ხომ მაინც გავიგებთ - რას აპირებენ, რას მიუსჯიან, რას გადაწყვეტენ, ელემენტარულად?! მოლოდინი გვაქვს ძალიან დიდი, მაგრამ ჩამოყალიბებულად რაზე უნდა ვიფიქროთ? იქნებ გამოუშვან - ეს არის ჩვენი მოლოდინი“.

ერგნეთის „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრის განახლება სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებულმა შემთხვევამ დააჩქარა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო პროკურატურა მას ბრალად სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და მისი სიცოცხლის ხელყოფას უყენებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი, ამ ინციდენტამდეც მოუწოდებდა მხარეებს მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემია ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას აფერხებდა, ინციდენტის შემდეგ კი მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში, თუმცა პირობად კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინება დაასახელა:

„ამ შემთხვევაში ინციდენტი დაკავშირებულია სროლასთან და ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრის ჩატარება ამ ინციდენტის განხილვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა ჩატარდეს კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ნორმების დაცვით. ამ დროისთვის ჩვენ დავადასტურეთ მზაობა ასეთი შეხვედრის ჩატარებისა“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს გახშირებული ინციდენტებისა და „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო ხშირად ითხოვდნენ როგორც გალის, ისე ერგნეთის შეხვედრების აღდგენას, მაგრამ შეიარაღებულმა ინციდენტმა ამ ფორმატის აღდგენა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, ამბობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახადა:

„როგორც გალის, ასევე ერგნეთის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა ამ ფორმატის აღდგენის კრიტიკული აუცილებლობა. დღეისათვის მხოლოდ ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზით ხდება კომუნიკაცია. კომუნიკაცია გვიწევს ძალიან პრობლემატურ საკითხებზე. ეს გახლავთ უკანონო დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის საკითხები“.

2019 წლის 29 აგვისტოს ერგნეთში ბოლო შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა. გასულ წელს ერგნეთში სულ 5 შეხვედრა ჩატარდა. ტრადიციულად, ყოველწლიურად 11 შეხვედრა ტარდებოდა ხოლმე. გალის მიმართულებით კი „ინციდენტების პრევენციის მექანიზმის“ შეხვედრები 2018 წლის ივლისის შემდეგ ჩაშლილია.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები - მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების, ბორდერიზაციის, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგების, ოკუპაციის ხაზთან ფერმერთა მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების და სხვა ყოფითი საკითხები. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელიც ფეხშია დაჭრილი. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი, გენადი ბესტაევი, ორწლიან სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის. მას ბრალად ე.წ. საზღვრის მრავალჯერადი დარღვევა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდა წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG