Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკულ ტელევიზიებს სახელმწიფო რეკლამას არ უკვეთავს, დიდად არც ბიზნესი


2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლი გაეზარდათ - ფოტოილუსტრაცია
2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლი გაეზარდათ - ფოტოილუსტრაცია

2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ, - ამბობს კომუნიკაციის კომისია, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ძირითადად ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერ არხებს ეხებათ. ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებს შემოსავლები პირიქით, შეუმცირდათ.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შარშან კომერციული სარეკლამო შემოსავალი, რაც მოიცავს რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს, 87.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეს 2022 წელთან შედარებით 13.7 მლნ ლარით მეტია.

მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, მაგრამ პირველი არხი სარეკლამო შემოსავლზე დამოკიდებული არ არის. მეტიც, მისი ამჟამინდელი ბიუჯეტი მთლიან სარეკლამო ბაზარს აჭარბებს. კომერციული ტელევიზიებისგან განსხვავებით, მაუწყებელი სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდება და შემდეგი ორი წელი მისი საბიუჯეტო შემოსავალი დაახლოებით 101 მლნ ლარი იქნება. 2026 წლიდან კი საქართველოს თითოეულ დასაქმებულს მაუწყებელისთვის 64 ლარის გადახდა მოუწევს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯამში 100 მლნ ლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერა აქვს და მაინც ამბობს, რომ ერთი არხის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არ არის საკმარისი. თუ ერთ მაუწყებელს არ ჰყოფნის ეს თანხა არსებობისთვის, რა თქმა უნდა, ვერც სხვებს ეყოფათ. ჩვენთან ეროვნული მაუწყებლობა სრულად დოტაციურია და ყველა წაგებაზე მუშაობს, რადგან ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს. ეს აჩვენებს ჩვენი მედიის ბედის სისასტიკეს“, - ამბობს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი ნათია კუპრაშვილი და ნაწილობრით ამით ხსნის სატელევიზიო არხების პოლიტიკურ მიკერძოებას.

სარეკლამო ბაზარზე ვითარება 2022 წელს გაუარესდა, როდესაც მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა. ეს აკრძალვა მყისიერად აისახა მაუწყებლებზე - ტელევიზიებს შემოსავალი დაახლოებით 6 მლნ ლარით, 73.6 მლნ ლარამდე შეუმცირდათ. ამ შეზღუდვით, სათამაშო ბიზნესზე მეტად ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები დაზარალდნენ.

2021 წლის ბოლოს, როცა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აზარტული ბიზნესი ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავდა, „მთავარი არხისთვის“ ეს 2 მილიონ ლარზე მეტი იყო, „ფორმულისთვის“ კი ნახევარ მილიონს აღემატებოდა.

კომუნიკაციების კომისიამ ასევე გამოაქვეყნა მსხვილ დამკვეთებზე ინფორმაცია, რომლებმაც 2023 წელს „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ რეკლამის განთავსებაზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. მათ შორის მოხვდა სახელმწიფო უწყებებიც, ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროებმა შარშან 500 ათას ლარზე მეტი ღირებულების რეკლამა ტელეკომპანია „იმედს“ მისცეს.

„თუ სამთავრობო სტრუქტურები, სამინისტროები სხვა პერიოდში არ ათავსებდნენ რეკლამას, ახლა პირდაპირ საბიუჯეტო თანხების “გადაქაჩვა” ხდება. სინამდვილეში ბაზარი არ გაზრდილა, უბრალოდ “სამთავრობო მედიებში” თანხის “ჩასხმის” პროცესია. კომისიას ანალიტიკური დეპარტამენტი რომ ჰყავს, აქედან გარკვეული დასკვნა უნდა გამოჰქონდეს. მაგრამ მათი ინტერესის საგანს ეს არ წარმოადგენს“, - ამბობს ტელეკომპანია „ფორმულის“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე.

არხმა ცოტა ხნის წინ გადაცემების ნაწილი დახურა და რეორგანიზაცია გამოაცხადა.

„ფორმულაში“ აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია მათზე ადრე სხვა არხებმა დაიწყეს და წელს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წელია, რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. უფრო პირიქით, დამკვეთები ასეთ პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში მეტ სიფრთხილეს იჩენენ.

„“ქართული ოცნება” [რეკლამას] კრიტიკულ მედიებზე არ ანთავსებს და მხოლოდ მათდამი ლოიალურ მედიაში ხარჯავენ ფულს. ოპოზიციურ პარტიებს კი დიდი ფული არ აქვთ. კომისიამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, ბაზარი გაიზარდაო, ფაქტია, რომ “ჯადოსნური მეთოდით” მოხდა ისე, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალური არხების შემოსავლები გაიზარდა, სხვების კი შემცირდა. ეს პირდაპირი ინდიკაციაა იმისი, რომ ბაზარი თავისუფალი არ არის“, - ამბობს „ფორმულის“ დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG